საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2013
ძალაში შესვლა 01.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №№ 1-1/20
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/20
2013 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2.
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3.
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4.
დეპარტამენტი თავის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა)
ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
გ)
წინადადებების შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ;
დ)
საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა;
ე)
საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა;
ვ)
ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე;
ზ)
საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
თ)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებების მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვმო-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
ი)
დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
კ)
საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
მ)
დსთ-ის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ო)
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის;
პ)
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებისა და რეჟიმის გაღრმავებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება;
რ)
კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან.
2.
დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2.
დეპარტამენტის უფროსს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
დეპარტამენტის უფროსი ანაგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამის მინისტრის მოადგილის წინაშე.
4.
დეპარტამენტის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ)
ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე)
ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ)
წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ)
მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე.
თ)
ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.
8.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამის მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
9.
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველო;
ბ)
ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო;
გ)
ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო;
დ)
საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო.
2.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
3.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხების განხილვა და წინადადებების შემუშავება;
ბ)
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
გ)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი და წინადადებების შემუშავება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე;
დ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე)
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის. აგრეთვე, აღნიშნულ პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ)
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებისა და რეჟიმის გაღრმავებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
ზ)
სხვა ორმხრივი და რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების მოლაპარაკებების კოორდინაცია;
თ)
სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
4.
ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ)
სხვადასხვა ქვეყნებთან მოქმედი სავაჭრო რეჟიმების და მათი გამოყენებით მიღებული ეფექტის ანალიზი;
გ)
საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა;
დ)
წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ;
ე)
დასკვნების მომზადება საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ საქართველოსათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათების გამოყენების შესახებ და წინადადებების შემუშავება არსებული სავაჭრო შეღავათების სარგებლობის გაუმჯობესებისა და დამატებითი შეღავათების მიღების მიზნით;
ვ)
დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი და წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით;
ზ)
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის–სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე მუშაობა და ურთიერთობების განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;
თ)
სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
5.
ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის სფეროში საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა და წინადადებების მომზადება მათი გაუმჯობესების მიზნით;
ბ)
სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი, შეთანხმებების რეალიზაციის ხელშეწყობა;
გ)
სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება;
დ)
შეთანხმების პროექტებთან და სხვა საგარეო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ე)
ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება, კომისიის სხდომის მსვლელობაში მონაწილეობის მიღება და შემდგომში მისი შესრულების მონიტორინგი;
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ზ)
საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის (პროგრამები/პროექტები) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
თ)
საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე მუშაობა და შესაბამისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების მიზანშეწონილობის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;
ი)
მრავალმხრივი თანამშრომლობის ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან მიმდინარე საკითხებზე მუშაობა და ურთიერთობების განვითარების მიზნით წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ)
საქართველოს და უცხოური დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;
მ)
სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
6.
საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა (EUR1; FormA; CT-1; არაპრეფერენციული);
ბ)
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემა;
გ)
დსთ-ის წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება;
დ)
წინადადებების მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე საექსპორტო კონტროლისა და ექსპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით;
ე)
საგარეო სავაჭრო ოპერაციებში მონაწილე მხარეებისათვის საექსპორტო კონტროლის არსებული კანონმდებლობის და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული უპირატესობების გამოყენების შესახებ კონსულტაციების გაწევა;
ვ)
გაცემული ნებართვებისა და სერტიფიკატების სტატისტიკური აღრიცხვა და ანალიზი;
ზ)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეები
1.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3.
დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის წინაშე.