სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2013
ძალაში შესვლა 01.02.2013
გამომცემი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ნომერი №14/37
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება 20.05.2002
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის
ბრძანება
№14/37
2013 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანება (სსმ, 28, 12/03/2009, 010.230.000.20.013.012.880).
3.
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდეს ცვლილებები შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში.
4.
განხორციელდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ექსპერტიზის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებები.
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის მოქმედების სფერო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს, მათ შორის: მის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, პრეზიდიუმის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და შიდა საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტატუსი
1.
სამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ რეგლამენტის, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი № 96; ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. № 22; ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. № 7.
თავი II
სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი.
2.
გენერალური აუდიტორი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ)
იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ)
თავმჯდომარეობს სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს;
დ)
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა დაწინაურების, დაქვეითების, გადაყვანისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ე)
თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით;
ვ)
განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრულ რიცხოვნობას;
ზ)
ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს სამსახურისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;
თ)
ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას;
ი)
უფლებამოსილია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების და მინიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები;
კ)
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციით, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს;
ლ)
წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
მ)
გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ნ)
ამტკიცებს სამსახურის რეგლამენტსა და სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;
ო)
ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს;
პ)
განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას;
ჟ)
უფლებამოსილია სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სამსახურის მოსამსახურეს;
რ)
უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ;
ს)
უფლებამოსილია დააკისროს საპარლამენტო მდივნის ფუნქცია მის მიერ განსაზღვრულ მოსამსახურეს;
ტ)
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს სამსახურის მოსამსახურეებს, აკისრებს მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას, აჯილდოებს უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულადი პრემიით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სამსახურის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;
უ)
განსაზღვრავს ფულადი პრემიის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
ფ)
ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ქ)
ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
ღ)
იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;
ყ)
ამტკიცებს აუდიტების ჩატარების წლიურ გეგმას;
შ)
დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ჩ)
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სამსახურის ბიუჯეტის პროექტს;
ც)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც მოამზადა ეს პროექტი, კურატორი გენერალური აუდიტორის მოადგილისა და თავის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის ან/და იურიდიული დეპარტამენტის მიერ. ვიზირება გულისხმობს სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ თანხმობას.
4.
გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია სამსახურის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს ან/და თანამდებობის პირს დაავალოს დასკვნის მომზადება სამსახურის სამართლებრივი აქტის პროექტზე. მომზადებული დასკვნა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.
5.
გენერალურ აუდიტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე.
6.
გენერალური აუდიტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური აუდიტორის და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის ბრძანებით – ერთ-ერთი მოადგილე.
7.
გენერალური აუდიტორის მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე ხელმძღვანელობენ სამსახურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებული არიან გენერალური აუდიტორის წინაშე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში.
2.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი;
ბ)
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;
გ)
თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;
დ)
ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;
ე)
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;
ვ)
აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ზ)
აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
თ)
ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი;
ი)
იურიდიული დეპარტამენტი;
კ)
შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ლ)
ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
მ)
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური;
ნ)
საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
ო)
ადმინისტრაცია.
3.
ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დეპარტამენტები წარმოადგენენ აუდიტის დეპარტამენტებს.
4.
სამსახურის სტრუქტურულ ერთეულში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ აუდიტორს და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში-კურატორ მოადგილეს.
2.
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა)
ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ბ)
თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მიმოწერას სხვა დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან;
ე)
მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით წარადგენს სტრუქტურული ერთეულის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ)
წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარადგენს დასკვნებს და წინადადებებს;
ზ)
წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ)
წარუდგენს გენერალურ აუდიტორს სტრუქტურული ერთეულის დებულებას დასამტკიცებლად;
ი)
შუამდგომლობს მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა და ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;
კ)
შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ლ)
ასრულებს ამ რეგლამენტითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით, გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების გარდა, აუდიტის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ამ რეგლამენტისა და აუდიტის მეთოდოლოგიის (სახელმძღვანელოს) შესაბამისად:
ა)
უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტი;
ბ)
ამტკიცებს აუდიტის ანგარიშს.
4.
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები.
5.
აუდიტის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ითვლებიან ხელმძღვანელ აუდიტორებად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1.
აუდიტის დეპარტამენტები მათთვის განსაზღვრული ფუნქციურ-დარგობრივი მიმართულებების მიხედვით:
ა)
ახორციელებენ აუდიტს;
ბ)
უზრუნველყოფენ აუდიტის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს;
გ)
ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს, უზრუნველყოფენ აუდიტის გეგმის შესრულებას;
დ)
შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე;
ე)
უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის მონიტორინგი;
ვ)
აუდიტის პროცესში თანამშრომლობენ სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის განმახორციელებელ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;
ზ)
ასრულებენ გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს.
2.
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა, ასევე:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციას;
ბ)
ახორციელებს აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის შესრულების მონიტორინგს;
გ)
ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის პროექტს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე;
დ)
სამსახურის აუდიტის დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, ადგენს სამსახურის მოხსენებებს წლიური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და წლიური ბიუჯეტის შესრულების შედეგებზე საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ანგარიშის თაობაზე;
ე)
ახორციელებს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს;
ვ)
ამზადებს დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე.
3.
გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში აუდიტის დეპარტამენტები, ასევე:
ა)
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენენ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს;
ბ)
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
გ)
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებასთან დაკავშირებით, უმაღლეს საბჭოს შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე წარუდგენენ თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.
4.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში აუდიტის დეპარტამენტების უფლებამოსილება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება: ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ან მის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობაზე იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია ავტონომიური რესპუბლიკის, ან მის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი თანხების ან/და საკუთრების მართვასა და განკარგვასთან. გენერალური აუდიტორის ბრძანებით, აღნიშნულ საკითხებზე აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ასევე სამსახურის სხვა აუდიტის დეპარტამენტების მიერ.
5.
გენერალური აუდიტორის დავალებით ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ფუნქციები შესაძლებელია განახორციელოს სამსახურის სხვა სტრუქტურულმა ერთეულმა ან მოსამსახურემ.
6.
იურიდიული დეპარტამენტი:
ა)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მომართვის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს მთავრობის ანგარიშებთან დაკავშირებული სამსახურის მოხსენებების, სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობისთვის წარსადგენი ინფორმაციისა და მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას, პრეზიდიუმზე განსახილველი საჩივრების, აუდიტის ანგარიშისა და ასევე სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნი მასალების სამართლებრივ ექსპერტიზასა და უზრუნველყოფას;
ბ)
უზრუნველყოფს გენერალური აუდიტორის დავალებით სასამართლო ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
გ)
გენერალური აუდიტორის ან კურატორი მოადგილის დავალებით ამზადებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს და მათზე დასკვნებს;
დ)
ახორციელებს სამსახურის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და ვიზირებას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ე)
ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს.
7.
ადმინისტრაცია:
ა)
ახორციელებს სამსახურის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფას, ერთიან საქმისწარმოებას, არქივის წარმოებას, სამსახურის სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს;
ბ)
უზრუნველყოფს გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილეების სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, სამსახურის პრეზიდიუმის სხდომების მომზადებას, ოქმების წარმოებას;
გ)
შეიმუშავებს სამსახურის სისტემის ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებებს, დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების, ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებსა და სხვა დოკუმენტაციას;
დ)
უზრუნველყოფს კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნას, მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოებას, სამსახურის სისტემაში კონკურსებისა და ატესტაციის გამართვას;
ე)
უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამსახურის შესაბამისი აქტების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე კონტროლს, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, პრესასთან და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობას;
ვ)
ახორციელებს ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ სამსახურის სამართლებრივი აქტების პროექტებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ზ)
ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში-გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს.
8.
შიდა აუდიტის დეპარტამენტი:
ა)
გენერალური აუდიტორის დავალებით ახორციელებს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტს; საბიუჯეტო სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღების, ხარჯვის, გამოყენებისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას;
ბ)
ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ეთიკის კოდექსის, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენასა და მათ პრევენციას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წინადადებების მომზადებას ადმინისტრაციასთან ერთად;
გ)
უზრუნველყოფს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა ამკრძალავი ნორმების დაცვასა და პრევენციას;
დ)
უზრუნველყოფს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ე)
შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამსახურის ფინანსური და მატერიალური რესურსების ეფექტიანად და რაციონალურად გამოყენებისა და მართვის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად;
ვ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის საქმიანობის კოორდინაციას შესაბამის სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან;
ზ)
გენერალური აუდიტორის დავალებით ახორციელებს მონიტორინგს აუდიტის პროცესის მიმდინარეობასა და შესრულებაზე;
თ)
ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს.
9.
ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი აუდიტორული საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს პოლიტიკას და ახორციელებს პროცედურებს, რომელიც მოიცავს:
ა)
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნას;
ბ)
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის უწყვეტ მონიტორინგს, რომელიც გულისხმობს ამ სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მისი პრაქტიკაში განხორციელების ანალიზს - მათ შორის, დასრულებული აუდიტების პერიოდული შემოწმების გზით;
გ)
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმოხილვას, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის ანგარიშის შედგენამდე განხორციელებული საქმიანობის შეფასებას აუდიტის სტანდარტებთან, პროფესიული ეთიკის ნორმებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
დ)
პროფესიული ეთიკის დაცვის უზრუნველყოფას;
ე)
ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.
ვ)
ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს.
10.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად:
ა)
ახორციელებს პარტიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და შემოწმებას;
ბ)
უზრუნველყოფს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობას;
გ)
დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პარტიის დაფინანსების საკითხებზე;
დ)
უზრუნველყოფს შესაბამის რეაგირებას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე;
ე)
ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს.
11.
საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი:
ა)
ახორციელებს სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვას და ფორმირებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებას;
ბ)
უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და შესყიდვას;
გ)
ახორციელებს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვას, დაპროექტების, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზებას და მათ ზედამხედველობას;
დ)
ახორციელებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ე)
ახორციელებს სამსახურში კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ვ)
ასრულებს გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს.
თავი III
აუდიტი
მუხლი 7🔗.
აუდიტის დაწყებისა და აუდიტის ანგარიშის დამტკიცების ზოგადი წესი
1.
აუდიტის დაწყების საფუძველია აუდიტის დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის მიერ გაგზავნილი შესაბამისი წერილი აუდიტის დაწყების თაობაზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს აუდიტის ჩატარების ფარგლები (მოცულობა).
2.
აუდიტის ანგარიშის შედგენის შემდეგ, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, აუდიტის ანგარიში გადაეგზავნება აუდიტის ობიექტს.
3.
აუდიტის ობიექტი უფლებამოსილია, აუდიტის ანგარიშის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშის გადაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. თუ აუდიტის ობიექტი შენიშვნებს წარმოადგენს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე, მათი განხილვის საკითხს წყვეტს შესაბამისი აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
4.
აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (მოადგილე), აუდიტის ჯგუფთან ერთად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან გონივრულ ვადაში იხილავს აუდიტის ანგარიშს და აუდიტის ობიექტის წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამტკიცებს მას.
5.
აუდიტის ჩატარების, აუდიტის ანგარიშისა და რეკომენდაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედგენისა და დამტკიცების პროცედურები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და გენერალური აუდიტორის მიერ დამტკიცებული აუდიტის შესაბამისი მეთოდოლოგიით (სახელმძღვანელოთი).
თავი IV
პრეზიდიუმი
მუხლი 8🔗.
სამსახურის პრეზიდიუმის უფლებამოსილება
1.
სამსახურის პრეზიდიუმი სამსახურის სათათბირო ორგანოა.
2.
სამსახურის პრეზიდიუმი უფლებამოსილია განიხილოს:
ა)
ადმინისტრაციული დავა სამსახურის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 თავის შესაბამისად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული კანონის, ამ რეგლამენტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად.
ბ)
აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის პროექტი;
გ)
სამეურნეო, მატერიალური-ტექნიკური და საფინანსო საკითხები;
დ)
სამსახურის მიერ შემუშავებული ყოველწლიური ანგარიში;
ე)
გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ინიციატივით წარმოდგენილი სხვა საკითხები.
მუხლი 9🔗.
სამსახურის პრეზიდიუმის სხდომის ორგანიზების, გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
პრეზიდიუმის სხდომის მდივანს, შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.
2.
პრეზიდიუმის სხდომებს იწვევს გენერალური აუდიტორი საკუთარი ინიციატივით, ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მოთხოვნით, ან პრეზიდიუმის წევრთა არანაკლებ 1 მესამედის მოთხოვნით.
3.
პრეზიდიუმის სხდომებს თავმჯდომარეობს გენერალური აუდიტორი, მისი არყოფნის შემთხვევაში – პირველი მოადგილე ან სხვა მოადგილე.
4.
პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველ საკითხებს ამზადებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სამსახურის ადმინისტრაციასთან ერთად.
5.
პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხს წარმოადგენს საკითხის ან პროექტის ინიციატორი;
6.
პრეზიდიუმის წევრებს სხდომის დღის წესრიგის მასალები, როგორც წესი, მიეწოდებათ სხდომამდე.
7.
პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს ადმინისტრაცია. დღის წესრიგი მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.
8.
პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდიუმი. სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.
9.
პრეზიდიუმის სხდომის ორგანიზებასა და დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია, რომელიც ახორციელებს მოწვეულ პირთა რეგისტრაციას.
10.
პრეზიდიუმი უფლებამოსილია გამართოს სხდომა, თუ მას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
11.
პრეზიდიუმის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები განიხილება პრეზიდიუმის სხდომაზე, რაზეც ფორმდება ოქმი. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
12.
სამსახურის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული დავის განხილვისას, პრეზიდიუმი დამსწრეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე. ამასთან, სხდომაზე დასწრებისა და განხილვაში მონაწილეობის უფლება არა აქვს პრეზიდიუმის იმ წევრს, რომელიც სამსახურის მოსამსახურეა და გასაჩივრებული აუდიტის აქტი შედგენილია უშუალოდ მის მიერ ან მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულის (ან საკურატორო სტრუქტურული ერთეულის) მიერ.
13.
პრეზიდიუმის წევრებს უფლება აქვთ პრეზიდიუმის სხდომაზე მათი მონაწილეობით განხილული საკითხების შესახებ წარმოადგინონ თავიანთი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის სხდომის ოქმს.
14.
პრეზიდიუმის ოქმში ასახული საკითხების (გარდა სამსახურის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ადმინისტრაციული დავების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისა) რეალიზება, შესაძლებელია განხორციელდეს გენერალური აუდიტორის შესაბამისი ბრძანებით, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი. ამასთან, გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება, რომელიც განსხვავებულად დაარეგულირებს კონკრეტულ საკითხს.
მუხლი 10🔗.
პრეზიდიუმის მიერ ადმინისტრაციული დავის განხილვის წესი
პრეზიდიუმის მიერ ადმინისტრაციული დავის განხილვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
თავი V
რეგლამენტის ცვლილებები და დამატებები
მუხლი 11🔗.
რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გენერალური აუდიტორის შესაბამისი ბრძანებით.