აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №32/ძ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.33.062.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 09.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა
და კულტურის მინისტრის
ბრძანება №32/ძ
2013 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 2 აპრილის №145ა/ძ ბრძანებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დებულება.
მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე
ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.
2. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე.
3. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი, სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი.
მუხლი 2🔗. რესურსცენტრის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები
1. რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:
ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;
ბ) კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. მის კომპეტენციაში არ შედის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ამ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ;
გ) წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
დ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;
ე) უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის შესაბამისად;
ვ) ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე;
ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება–დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით;
თ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ი) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;
კ) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ლ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
მ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას;
ნ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
ო) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებზე ზრუნვას სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებში. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო დაწესებულებებთან;
ჟ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში შესულ კორესპონდენციებს;
რ) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;
ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურცენტრის თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსთვის წარმოდგენა;
ბ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე რესურსცენტრში გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტზე;
დ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისაგან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ე) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლის მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მასთან საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
მუხლი 3🔗. რესურსცენტრის მართვა
1. რესურსცენტრის საშტატო განრიგს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
2. რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
3.უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრული რესურსცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი რესურსცენტრის თანამშრომელთაგან.
4. რესურსცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;
გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურეობრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რესურსცენტრში დასასაქმებელ შტატგარეშე მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებასა და რაოდენობას.
ე) ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;
ზ) გასცემს თანხმობებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხზე;
თ) პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ი) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას;
კ) კანონით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი შვებულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს გამოსცემს სამინისტროსადმი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიღებული სამინისტროს წერილობითი თანხმობის ან ამ ვადაში სამინისტროს პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში;
მ) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ) ამოწმებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა სამივლინებო მოწმობას.
მუხლი 4🔗. რესურსცენტრის დაფინანსება და ქონება
1. რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე.
2. რესურსცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. რესურსცენტრის კონტროლი და ანგარიშგება
1. რესურსცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. რესურსცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. რესურსცენტრი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
რესურსცენტრის შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
მუხლი 7🔗. გარდამავალი დებულებანი
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.