ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 28.10.2013
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2013 წლის 19 თებერვალი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 მარტიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სტატუსი
1.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის', „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონქვემდებარე სხვა აქტების, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4.
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ხაშური, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №2, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება
1.
სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
2.
სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი წარწერით „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საამშენებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური“
4.
სამსახური საქმისწარმოებისას იყენებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს თავისი დასახელების დამატებით ;
5.
სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის მიზანი
სამსახურის საქმიანობის მიზანია:
ა)
დადგენილი წესით უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;
ბ)
სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის' შესაბამისად სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;
გ)
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით' გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
დ)
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის' მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით,
ე)
საჭიროების შემთხვევაში კეთილმოწყობის, გამწვანების ობიექტების, სკვერების, პარკების, გაზონების, ხე-მცენარეებისა და მწვანე საფარის, გარე განათების, ტერიტორიების დასუფთავების, მყარი და თხევადი ნარჩენების (გადანაყარის, ნაგვის) გატანის, სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მართვის, ტრანსპორტისა და მგზავრთა გადაყვანის, საგზაო ნიშნების, პარკირების ადგილების, ქუჩების, გზების, მოედნების, ტროტუარების, ხიდების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობების, ჭებისა და ჭაბურღილების, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების, ჩამდინარე და ნახმარი წყლების სადინარების, გამწმენდი ნაგებობების, ნაგავსაყრელების მართვისა და ექსპლუატაციის, ოფისების და შენობა-ნაგებობების, მათი სახურავების, ფასადების, ინტერიერისა და ექსტერიერის, ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობის, შენახვის, განვითარების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და შეკეთება – მოწყობის, საამშენებლო პროექტირების, არქიტექტურული ნახაზების, ხარჯთაღრიცხვების, აგრეთვე კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვა სფეროებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მომსახურების შესახებ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დაცვის და/ან დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების შესრულების უზრუნველყოფა, ხელშეკრულებისა და პროგრამების მიზნების, ამოცანების და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათი მიმდინარეობა-შესრულების მონიტორინგის ორგანიზება;
ვ)
განახორციელოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი;
ზ)
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი ამოცანებია
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
ბ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/.
გ)
ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
დ)
აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
ე)
უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
ვ)
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
ზ)
არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
თ)
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
ი)
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
კ)
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
ლ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
მ)
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ნ)
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით' დადგენილი ზომების მიღება;
ო)
მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
პ)
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ)
კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
რ)
სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1271 მუხლის მე-5 პუნქტის, 145-ე, 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4-ე პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების,, 152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591, 1792 მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება;
ს)
ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.
ტ)
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
უ)
წინადადებების მომზადება და განხილვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.
ფ)
სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ქ)
უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ დებულებით სამსახურისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობების განხორციელების ორგანიზება;
ღ)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება:
ა)
სამსახურის უფროსისაგან;
ბ)
სამსახურის მოხელეებისაგან,
მუხლი 6🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურს უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;
გ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები;
დ)
მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის დასახლებებისა და ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში;
ე)
მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
ვ)
განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ზ)
მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
თ)
საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ი)
მონაწილეობა მიიღოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
კ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2.
სამსახური ვალდებულია:
ა)
დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ბ)
უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე, დადგენილი წესით;
გ)
მოახდინოს რეაგირება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე;
დ)
განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;
ე)
მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
ვ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
ზ)
მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ერთეულის – ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.khashuri.org.ge/ განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;
თ)
სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა;
ი)
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება;
კ)
პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ლ)
თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის.
თავი III
სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 7🔗.
სამსახურის მართვა
1.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3.
სამსახურის უფროსი:
ა)
მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
დ)
სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;
ე)
საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ)
ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ზ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს;
თ)
სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას;
ი)
სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
კ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
ლ)
ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
მ)
პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ)
ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;
ო)
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ;
პ)
დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
ჟ)
უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან;
რ)
სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ს)
უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ)
საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას;
უ)
ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას;
ფ)
პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
ქ)
სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6.
სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის პერსონალი
1.
სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები.
2.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
3.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.
სამსახურის მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
5.
სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
6.
სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 9🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი
1.
სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნენ შტატგარეშე მოსამსახურეები.
მუხლი 10🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
1.
სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2.
საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 11🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით;
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ)
ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2.
სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
სამსახურის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ)
სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები;
ე)
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ვ)
განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები;
ზ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
თ)
შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები.
თავი IV
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
მუხლი 12🔗.
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1.
სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2.
სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
3.
სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
4.
სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;
5.
სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას;
6.
სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.