განჩინება შპს „კატრი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16889-12
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2013 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს ,,კატრი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 204530668)
დირექტორი – დევი სტურუა
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,კატრის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გამოარკვია:
2012 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,კატრის’’ დირექტორმა დევი სტურუამ და მოითხოვა შპს ,,კატრის’’ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, ვინაიდან შპს ,,კატრს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება. შპს ,,კატრის’’ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენს 0.00 ლარს.
2012 წლის 31 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით შპს ,,კატრს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,კატრის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნდა 2013 წლის 8 იანვარს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,კატრი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს ,,კატრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,კატრი’’ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,კატრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი