ქ. თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის დროებითი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2013
ძალაში შესვლა 31.03.2013
ძალის დაკარგვა 29.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №5-14
სარეგისტრაციო კოდი 010220020.36.101.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის დროებითი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №5-14
2013 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის დროებითი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის დროებითი კომისიის თანდართული დებულება.
2.
გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 აპრილიდან.ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი
ქ. თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის დროებითი კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1.
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების შემდგომი რეფორმების საკითხთა შესწავლის მიზნით, ქ. თბილისის საკრებულოში შექმნილია ქ. თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის დროებითი კომისია (შემდგომში - კომისია).
2.
საკრებულოს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელების საკითხს წყვეტს საკრებულო, კომისიის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 2🔗
კომისია უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს სამართლებრივი აქტების პროექტები, რეკომენდაციები, დასკვნები, წინადადებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი რეფორმირების საკითხების ხელშეწყობას.
მუხლი 3🔗
კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
თავი II
კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი
მუხლი 4🔗
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით.
2. კომისიის შემადგენლობას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეული იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 5🔗
1. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) თვითმმართველობის სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული ინიციატივების გამოკვეთა;
ბ) ქ. თბილისის საკრებულოსთვის წინადადებების ან/და რეკომენდაციების შემუშავება ქვეყანაში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობისთვის;
გ) თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა შორის ურთიერთობების ხელშეწყობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს, უცხოეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დამყარება;
ე) პრესისა და მასმედიის ადგილობრივ და უცხოურ საშუალებებთან და არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა;
ვ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და მათი წარდგენა საკრებულოსათვის ან მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ზ) ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები.
თავი III
კომისიის სხდომები
მუხლი 7🔗
1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის გამართვის დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, ქ. თბილისის მთავრობის წევრები და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
მუხლი 8🔗
1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების, რეკომენდაციების, დასკვნების, წინადადების პროექტები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, განცხადებები, წერილები და სხვა საკითხები.
2. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.
3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
მუხლი 9🔗
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი (საკონსულტაციო) სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი IV
კომისიის თანამდებობის პირები
მუხლი 10🔗
1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულო კომისიის უფლებამოსილების ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს (არა უმეტეს 2 მოადგილისა).
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს.
5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს;
ბ) კომისიის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) დავალებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი გადადგომის, გადაყენების ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 11🔗
1. კომისის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა.
2. კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენის დღიდან.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.