„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.05.001.003.200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 04/07/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. კერძო ვეტერინარული სამსახურის მოვალეობანი

კერძო ვეტერინარულ სამსახურს ევალება:

ა) ცხოველების ინფექციური, მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

ბ) აწარმოოს ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

გ) წარუდგინოს ინფორმაცია გამოყენებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების დასახელების, ვარგისობის ვადის, კონტროლისა და სერიის მითითებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

დ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

2. მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლი, ასევე საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის ზედამხედველობა და ამ საკითხებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობა;“.

3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას ან რეგისტრაციის გაუქმებასა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით.“.

4. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 422 მუხლი:

«მუხლი 422. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო-აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელების დროებითი რეგულირება

1. 2008 წლის განმავლობაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო-აღმკვეთი ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივლისისა.“.

    მუხლი 2.

კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 ივნისი.

№24–რს