„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს არანაკლებ შვიდ პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფრაქცია ჩამოყალიბებულად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ შვიდი პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.“.
3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა შვიდზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.“.
4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება
თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა შვიდზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 20 ივნისი.
№44–რს