საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობასა შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 09.07.2012
ძალაში შესვლა 02.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №5/13
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2013
matsne.gov.ge 631 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2012 მიღება
02.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობასა შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ ორი სახელმწიფოს ურთიერთობას, ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკურ და სხვა კავშირ-ურთიერთობის განმტკიცებას, ორივე სახელმწიფოს მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის რეჟიმის მოწესრიგების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეებს, თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, გამოვიდნენ, ტრანზიტით იმგზავრონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთა შესვლის, გამოსვლის და გადაადგილების წესები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიაზე, რეგულირდება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებებით და იმ საერთაშორისო შეთანხმებების დებულებებით, რომლის მონაწილეებიც არიან მხარეები. მუხლი 2🔗 1. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას, ვალდებულნი არიან დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დადგენილი ყოფნისა და გადაადგილების წესების ჩათვლით. 2. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებმაც დაარღვიეს წინამდებარე შეთანხმების დებულებები ან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები, პასუხს აგებენ ადგილსამყოფელი  სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლისათვისა და ტერიტორიიდან გამოსვლისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:    ა) საქართველოს მოქალაქეებისათვის:    - საქართველოს მოქალაქის პასპორტი;    - დიპლომატიური პასპორტი;    - საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;    - სამსახურებრივი პასპორტი;   - მეზღვაურის პირადობის მოწმობა (მეზღვაურის წიგნაკი);    - საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოწმობა.    ბ) მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის:    - მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი;    - სამსახურებრივი პასპორტი;    - დიპლომატიური პასპორტი;    - მეზღვაურის პასპორტი;    - საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოწმობა.    - მოლდოვის რესპუბლიკაში დასაბრუნებელი სამგზავრო დოკუმენტი. 2. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, რომლებმაც მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკარგეს ამ მუხლის I პუნქტში მითითებული დოკუმენტები, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რათა უფასოდ მიიღონ დოკუმენტების დაკარგვის შესახებ განცხადების დამდასტურებელი ცნობა. 3. შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები ამ მუხლის მე-2 პუნქტში ნახსენებ პირებზე გასცემენ სამშობლოში დასაბრუნებელ სამგზავრო დოკუმენტს. მუხლი 4🔗 ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების დებულებები, შედიან, გამოდიან, ტრანზიტით  მგზავრობენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლისათვის გათვალისწინებული სასაზღვრო პუნქტების გავლით. მუხლი 5🔗 წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით ცვლიან წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნიმუშებს. ახალი დოკუმენტების მიმოქცევაში შემოღების ან მოქმედ დოკუმენტებში ცვლილებათა შეტანის შემთხვევაში მხარეები ცვლიან ამ დოკუმენტების ნიმუშებს დიპლომატიური არხების მეშვეობით მათ მიმოქცევაში შემოღებამდე ან მათში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე სულ ცოტა 30 დღით ადრე. მუხლი 6🔗 1. სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით თითოეულ მხარეს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. 2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესახებ, აგრეთვე მისი ხელახლა ამოქმედების შესახებ, ასეთი გადაწყვეტილების მიმღები  მხარე, აღნიშნულის თაობაზე, დიპლომატიური არხების საშუალებით წინასწარ აცნობებს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სულ ცოტა 72 საათით ადრე. მუხლი 7🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 8🔗 1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, საგანგებო შემთხვევებში, უარი განუცხადოს მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს შემოსვლაზე თუ მათი მიღება საფრთხეს უქმნის მხარის სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან მოსახლეობის ჯანმრთელობას. 2. თითოეულ მხარეს უფლება აქვს საკანონმდებლო აქტით, არანაკლებ 90 კალენდარული დღით, განსაზღვროს თავის სახელწმიფო ტერიტორიაზე მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეთა ყოფნის ვადა. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით. აღნიშნული ოქმი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მასში ასახული ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 10🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და  მოქმედებას განაგრძობს 60 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისაგან დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს წერილობით შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელს განზრახული აქვს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 9 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, მოლდოვურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების  შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით