საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით `ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ„საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე.
3. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
20 13 წლის 27 თებერვალი
№38-უ.ს.რ.ს.
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 63.
ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლს დადგენილი წესით აწარმოებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები:
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2013 წლის ---------
№ ------------
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შედის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივ პროგრამებს და შესაბამისად, კონტროლს უწევს პროგრამების მიმდინარეობას, ხელს უწყობს სამედიცინო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და განვითარებას. სამინისტრო მოსახლეობის დროული და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად მუდმივ კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას. მიუხედავად აღნიშნულისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შემოიფარგლება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის თანახმად „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის უფლებამოსილების დელეგირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება და ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 63-ე მუხლი, შემდეგ გარემოებათა გამო:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად „ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლს დადგენილი წესით აწარმოებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64 ბრძანების შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არსებობს სააგენტოს უფლებამოსილების განმახორციელებელი ერთეული, რის გამოც სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო მოსახლეობა საჩივრებით მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ვინაიდან სამინისტროს არ გააჩნია სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის უფლებამოსილება, საჩივრები იგზავნება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, ან მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს აღნიშნულ დაწესებულებას, რის გამოც ფერხდება საჩივრების განხილვა და დროული რეაგირება, რაც იწვევს მოქალაქეთა უკმაყოფილებას.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამედიცინო ხარისხის კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება მოხდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ოპტიმალურ ვადაში განხორციელდეს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისის ეფექტურ და ხარისხიან მიწოდებას. ამასთან, სამინისტრო მონაცემებს ინფორმაციის სახით მიაწვდის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში;
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 63.
ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლს დადგენილი წესით აწარმოებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.