„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება და საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც იარაღის, მათ შორის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებასთან, წარმოებასთან და შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) დაკავშირებულ სამუშაოებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტრატეგიული დანიშნულების პროდუქციისა და „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, ტრანზიტის ან რეექსპორტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და შეიცავს მიმღები ქვეყნის ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ამ პროდუქციის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენებისა და ექსპორტიორი ქვეყნის თანხმობის გარეშე მისი მესამე ქვეყნისათვის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ.“;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით აღნიშნული პროდუქციისა, ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.“.
2. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ისეთი სახის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არ არის აღნიშნული, საბაჟო ორგანოები ვალდებული არიან მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 27 ივნისი.
№75–Iს