საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 430200000.08.002.016766
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №201
2013 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1🔗
1. უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით, კონკურსის (შერჩევის) საფუძველზე.
2. ეს ბრძანებულება არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის ან სხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ ანალოგიური პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
მუხლი 2🔗
1. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაფინანსების მიმღები საქართველოს მოქალაქეების შერჩევის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საკონკურსო კომისია:
ა) უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებას, კონკურსის ჩატარების ვადებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრას;
ბ) კონკურსის ჩატარების ვადების ფარგლებში განიხილავს შესაბამის განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას, პერიოდულად იღებს გადაწყვეტილებებს უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების შერჩევის შესახებ, განსაზღვრავს მათი დაფინანსების (სრული ან ნაწილობრივი) ოდენობას.
მუხლი 3🔗
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩაირიცხა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში მონაწილის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვისა და შეფასების შემდეგ, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს კანდიდატის მოწვევა გასაუბრების მიზნით.
3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ამ ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, გასაუბრებაზე მოწვეულ განმცხადებელს მოსთხოვოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი ან/და საკონკურსო კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების წარდგენა.
4. თუ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღის ვადაში განმცხადებელი არ იქნება მოწვეული გასაუბრებაზე, აღნიშნული ჩაითვლება უარად კანდიდატის დაფინანსების თაობაზე.
5. დაფინანსების მიმღები კანდიდატის გამოვლენას და მის მიერ მისაღები დაფინანსების ოდენობის განსაზღვრას საკონკურსო კომისია ახდენს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის, შეფასებისა და კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ.
მუხლი 4🔗
1. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით შერჩეულ პირთა დაფინანსება განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
2. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს შერჩეულ პირთა სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
მუხლი 5🔗
1. სწავლის ხარჯები მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებულ სწავლის საფასურს.
2. სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები მოიცავს სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კერძოდ, მგზავრობის, კვებისა და საცხოვრებელი ფართობის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
მუხლი 6🔗
1. სწავლის საფასურის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
2. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პირის სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურების მიზნით, შესაბამისი თანხა ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით გადაირიცხება შერჩეული პირის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 7🔗
1. შერჩეული პირი ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი სასწავლო წლის/წლების დასრულებისთანავე წარმოადგინოს შესაბამის პერიოდში უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში შერჩეული პირი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს შესაბამისი ოდენობის თანხა.
მუხლი 8🔗
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი