„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.016914
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა.“.

2. 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;“.

3. 30-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

 „ზ) მოხელეები – სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;

  თ) მოხელეები – იმავე  დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოხელის წერილობითი თანხმობით, დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც ხდება ამ მოხელის გადაყვანა.“.

4. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 76. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების უფლება

მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეუძლია მის უშუალო ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, ან დაწესებულებას.“.

5. 77-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“.

6. 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2013 წ.

N386-IIს