⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.02.2018)
გაუქმებულია:

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალაში შესვლა 25.03.2013
ძალის დაკარგვა 20.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,671 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
25.03.2013 ძალაში შესვლა
20.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №76 2013 წლის 28 მარტი    ქ.თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის 10​2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტ­კი­ცდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდე­ბუ­ლების მოხდის წესის შესახებ” თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდე­ბუ­ლების მოხდის წესის შესახებ” დებულება (შემდგომში ‑ დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესსა და პირობებს. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად. მუხლი 2🔗 წვევამდელები საკონტრაქტო სამსახურს გადიან შესაბამისი კონტ­რაქტის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის მიხედვით (შემდგომში ‑ მოკლევა­დიანი კონტრაქტი) ან 4 წლით (შემდგომში ‑ გრძელვადიანი კონტრაქტი). თავი II საკონტრაქტო სამსახურში მიღების წესი მუხლი 3🔗 1. საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის წვევამდელი, ფლობს სახელმწიფო ენას და პი­როვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმ­რთელობის მდგომარეობის მიხედვით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკი­ს­რე­ბული მოვალეობანი. 2. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველი წვევამდელი სახე­ლმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართავს შესაბამისი განც­ხა­დებით, რომლის მიღების საფუძველია სახელმწიფო დაცვის სპეცია­ლუ­რი სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტ­რაქ­ტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას, კანდი­დატთა შერ­ჩევის პერიოდს და კრიტერიუმებს. 3. განცხადება მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფ­ნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რის შემ­დე­გაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსა­ხურში წარსადგენად გაიცემა ცნობა წვევამდელის სპეციალურ შესწავ­ლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ. მუხლი 4🔗 1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის სურვილის მქონე წვევამ­დელთან ტარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლების დონე და ინტელექტუალური მონაცემები. 2. შერჩეული საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი ავ­სებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას, ხოლო მისი შევსებიდან შეძლების­დაგვარად მოკლე ვადაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) თავისი და ახლო ნათესავების პირადობის, დაბადების და ქორ­წინების მოწმობების, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპ­ლომის, საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუ­მენტების ასლებს; ბ) ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორ­მა №1-ს, ფოტოსურათებს ზომით 3X4 და 9X12 (2-2 ეგზემპლარსა და ელექტრონულ ვერსიას); გ)   ცნობას სასწავლებლიდან; დ) პირადი საქმის შედგენისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას ‑ სამსახურის მოთხოვნით. 3. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად (როგორც წესი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლებიც დაუბრუნდება მას ასლების დედნებთან შედარების შემდეგ. მუხლი 5🔗 1. საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი შესაბამისი მიმართვით იგზავნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ სპეცია­ლური-საექიმო კომისიის გავლას, აგრეთვე მის წარდგენას ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია უზრუნველყოფს გულმკერდის რენტგენოსკოპიისა და შესაბამისი ლაბო­რატორიული გამოკვლევების ჩატარებას და გამოკვლევების შედეგების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გადაგზავნას. 2. წვევამდელის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთა­ვარი სამმართველო კადრების მთავარ სამმართველოს უგზავნის თითო­ეული წვევამდელის შესახებ სპეციალური-საექიმო კომისიის დასკვნას. 3. კადრების მთავარი სამმართველოს მიერ წარდგენილი საკონ­ტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები სახელმწიფო დაცვის სპე­ცი­ა­ლური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენ­ტრში აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს. მუხლი 6🔗 1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ხორციელდება კანდი­და­ტის სპეციალური შესწავლა. 2. გაწვევის დასრულებამდე, სულ ცოტა, ერთი თვით ადრე, საკონ­ტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, წვევამდელი, საკონტრაქტო პირობე­ბის შესაბამისად, გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ერთ თვემდე ვადით, რომლის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გა­მო­ყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. 3. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატებთან კონტრაქტი იდება თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დაწყებამდე, ამ დებულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დასრუ­ლების შემდეგ. 4. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდი არ ითვლება საკონტრაქტო სამსახურის ვადაში. საკონტრაქტო სამსახურის დაწყების დღე აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედ­რო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დადების დღიდან. 5. გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამ­სახურში ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რის სა­ფუ­ძ­ველზეც შესაბამის კანდიდატებს უტარდებათ შესარჩევი ტესტირება თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დაწყებამდე. ტესტირებაზე დაიშვე­ბიან მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატები. 6. წვევამდელი, რომელიც, ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, ვერ მოხვდება გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა შორის, საერთო წესით განიხილება, როგორც საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძ­ველზე ჩარიცხვის კანდიდატი. მუხლი 7🔗 1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა ხორციელდება კანდიდატის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედე­გით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი არის საკონ­ტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი. 2. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სა­ხელ­მწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმარ­თველო აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას­ტრუქტურის სამინისტროს. თავი III საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი მუხლი 8🔗 1. საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი და პირობები განი­საზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი კონტრაქტით. კონტრაქტის ნიმუშები მტკიცდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფ­როსის ბრძანებით. 2. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა, სხვა თანამდებობაზე გადა­ყვანა და სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძ­ველზე ჩარიცხული მოსამსახურეები სამსახურს გადიან უმცროსი სპეცი­ალური წოდებით, შესაბამის თანამდებობაზე და შესაბამისი ანაზღა­ურებით, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხული მოსამსახურეები სამსახურს გადიან უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებით, შესაბამის თანამდებობაზე, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის შესაბამისი ანაზღაურებით. მუხლი 9🔗 1. საკონტრაქტო მოსამსახურე, კონტრაქტის საკუთარი ინიცია­ტი­ვით ან ბრალეულობით ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში: ა) სამსახურიდან გათავისუფლდება მინიჭებული სპეციალური წო­დებ(ებ)ის ჩამორთმევით, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვ­ლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას; ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს შესაბამისი კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამ­ტეხლოს), აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველ­ყო­ფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, თეორიულ-პრაქტიკუ­ლი სწავლების პერიოდში სპეციალური მომზადებისა და კვებით უზრუ­ნ­ველყოფისათვის გაწეულ ხარჯებს. 2. საკონტრაქტო მოსამსახურეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ და­ეკისრება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება მისი ჯანმრთელობის მდგო­­მარეობის გაუარესების ან/და სხვა ისეთი გარემოების გამო, რო­მე­ლიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის თანახმად წარმოადგენს სამხედრო სამსახურში გაწ­ვევისაგან გათავისუფლების საფუძველს. 3. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, სპეციალური მომზა­დე­ბის ხარჯები, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდის გარდა, მოიცავს საკონტრაქტო სამსახურის გავლის დროს ამავე მიზნით გაწეულ ხარჯებსაც. მუხლი 10🔗 1. ფინანსური პასუხისმგებლობის ამ დებულების მე-9 მუხლის შე­საბამისად დაკისრების შემთხვევაში: ა) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძა­ნების საფუძველზე გადახდის ვალდებულების გადავადება ან განაწი­ლვადება 2 წლამდე ვადით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი სადავოდ არ ხდის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე და წარადგენს სათანადო უზრუნველყოფას; ბ) პირს გადახდის ვალდებულება გადაუვადდება 2 წლით, თუ იგი არის ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღები. აღნიშნული საფუძვლით გადახდის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ და არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მითითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან; გ) პირადი პატაკის საფუძველზე პირი თავისუფლდება გადახდის ვალდებულებისაგან შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპა­ტიო მიზეზით (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მძიმე ოჯა­ხუ­რი მდგომარეობა, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში არჩევა). 2. საკონტრაქტო მოსამსახურის მიერ თავისი ბრალეულობით კონტ­რაქტის შეწყვეტად ჩაითვლება: ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებ­ლობა; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) ფიცის გატეხა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩა­დე­ნა; დ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამ­ტყუნებელი განაჩენის არსებობა. 3. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკ­მაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირს დაეკისრება მისი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწ­მების, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალური მომზადებისა და კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მუხლი 11🔗 1. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავის­უფლების ან გაწვევის გადავადების უფლების მქონე წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, სამ­ხედრო სამსახურს გაივლის სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსა­ხურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი. საკონ­ტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს უარი თქვას აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე. 2. საშტატო ერთეულზე განაწილების შემდეგ, სამსახურებრივი ფუნ­ქცია-მოვალეობების განხორციელების დაწყებამდე, საკონტრაქტო მოსამსახურეებს უშუალო ხელმძღვანელები უტარებენ სათანადო ინსტრუქტაჟს და აცნობენ შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებსა და სამართლებრივ აქტებს. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საკონტრაქტო მო­სამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფუ­ლადი სარგოებით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით. საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია გაუფრთ­ხილ­დეს მისთვის გადაცემულ (მინდობილ) ქონებას, ხოლო აღნიშნული მა­ტერიალური ფასეულობების მისი ბრალეულობით დაკარგვის ან დაზია­ნების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ზიანი. 4. საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ, მოსამსახურე, თავისი სურვილით და უშუალო უფროსის შუამდგომლობით, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში ვარგისიანობაზე განმეორებითი სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, შეიძ­ლება ჩაირიცხოს, შესაბამისად, საკონტრაქტო-პროფესიულ ან კადრის სამსახურში. თავი IV საკონტრაქტო მოსამსახურის შვებულებაში გასვლის, შვებულებიდან გამოძახებისა და სამსახურებრივი მივლინების წესი მუხლი 12🔗 1. მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსა­ხურში ჩარიცხულ მოსამსახურეს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად შეიძლება მიეცეს ორკვირიანი შვებულება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა. 2. გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსა­ხურში ჩარიცხულ მოსამსახურეს საკონტრაქტო სამსახურის პირველ წელს შვებულება ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლო თვესთან დაკავშირებული შეზღუდვის გარეშე. საკონტრაქტო სამსახურის პირველი წლის შემდგომ პერიოდში საკონტრაქტო მოსამსა­ხურე შვებულებით ისარგებლებს, როგორც საკონტრაქტო-პროფესიული ან/და კადრის მოსამსახურე. 3. საკონტრაქტო მოსამსახურეს (კონტრაქტის ფორმის მიუხედავად) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, აგრეთვე მოკლევადიანი შვებულება მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ან აკადემიურ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. მუხლი 13🔗 1. საკონტრაქტო მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებ­რივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებში მონაწილეობის მისა­ღებად; ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად არამუდმივ სა­მუშაო ადგილზე გაგზავნისას; გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწი­ლე­ობის მისაღებად; დ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მი­საღებად. 2. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სახელმწიფო დაცვის სპე­ცია­ლური სამსახურის უფროსის ბრძანებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქ­ტურული დანაყოფის ხელმძღვანელის პატაკის საფუძველზე. საკონტრაქ­ტო მოსამსახურის სამივლინებო უზრუნველყოფა ხორციელდება კანონ­მდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗 სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სას­წავ­ლოსი) გამოცხადების შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყო­ფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო გეგმის მიხედვით. მუხლი 15🔗 1. საკონტრაქტო მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე ეძლევა შვებუ­ლება ავადმყოფობის გამო, რომელიც ფორმდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. საკონტრაქტო მო­სამსახურე სამედიცინო შემოწმებას გადის სახელმწიფო დაცვის სპე­ციალური სამსახურის შესაბამის სამედიცინო დანაყოფში, რისთვისაც უშუალო ხელმძღვანელი დროებით ათავისუფლებს მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთ­ხვევაში, საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს სხვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. საკონტრაქტო მოსამსახურეს ავ­ად­მყოფობის გამო შვებულება ეძლევა ხელფასის შენარჩუნებით, სხეუ­ლის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით. 2. მოკლევადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს საკონტ­რაქტო სამსახურის მთელი პერიოდის, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქ­ტის შემთხვევაში ‑ საკონტრაქტო სამსახურის თითოეული წლის განმავ­ლობაში. 3. ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ავადმყოფობის გამო შვებუ­ლების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. თუ აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მოსამსახურე ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალე­ობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახურიდან კონტრაქტით ნამსა­ხურები ვადის ჩაუთვლელად. თავი V ინფორმაციის მიწოდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის მუხლი 16🔗 ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა განმეორდება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის საფუძ­ველ­ზე, კონტრაქტის ვადის გასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური კანონმდებლობით დად­გენილი წესით ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას მოსამ­სახურის სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გასცემს სამხედრო ბილეთს.