აჟარის (ზემო აფახაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 05.04.2013
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.102.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი | აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფახაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2013 წლის 5 აპრილი
ქ.თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1.
ეს წესი ადგენს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა (შემდგომ – რწმუნებული) მიერ აქტის შედგენის და ცნობის გაცემის სამართლებრივ ურთიერთობებს.
2.
რწმუნებულის ან მისი უფლებამოსილების შემსრულებელი პირის მიერ აქტის შედგენა და ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
რწმუნებულის ფუნქციები და ვალდებულებები
1.
რწმუნებულის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №7 დადგენილებით ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” და ამ წესის შესაბამისად.
2.
რწმუნებული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის ან ადგილზე არყოფნის შემთხვევაში) ასევე ზეპირი ფორმით.
3.
რწმუნებული უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗.
რწმუნებულის საქმიანობის პრინციპები
რწმუნებულის საქმიანობა ხორციელდება მიუკერძოებლობის, კანონიერების, სამოხელეო პასუხისმგებლობის პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
რწმუნებულის უფლებები
რწმუნებულს უფლება აქვს:
ა)
უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ)
უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;
გ)
ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.
მუხლი 5🔗.
უარის თქმა რწმუნებულისთვის უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე
1.
რწმუნებულს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე და/ან სხვა კანონით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
2.
უარის გაცხადებისას რწმუნებული გამოსცემს წერილობით განმარტებას, რომელშიც მიეთითება:
ა)
რწმუნებულის სახელი და გვარი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სახელწოდება;
ბ)
წერილობითი განმარტების მიღების თარიღი;
გ)
იმ პირის მონაცემები, რომელსაც ეთქვა უარი მომსახურების და/ან მოქმედების შესრულებაზე;
დ)
საქმის გარემოებები და უარის თქმის საფუძვლები;
ე)
გასაჩივრების წესი.
3.
წერილობითი განმარტება უარის თქმის შესახებ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 6🔗.
პროფესიული საიდუმლოება
რწმუნებული ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს მიმმართველი პირის პირადი ცხოვრების შესახებ ყველა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა რწმუნებულის ფუნქციების შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაში რჩება თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.
თავი II
უფლებამოსილებათა შესრულების ზოგადი დებულებები
მუხლი 7🔗.
ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტები
1.
რწმუნებული ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. რწმუნებული ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.
2.
ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, რწმუნებული უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). რწმუნებული ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში.
3.
რწმუნებული ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი პირი, მოწმეები) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, დასაშვებია პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ.
4.
თუ რწმუნებულს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, რწმუნებული ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე.
5.
რწმუნებული ვალდებულია, აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.
აქტში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ისე მოწმეთა პირადობის მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).
7.
რწმუნებულს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗.
საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემა
1.
საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში რწმუნებული გასცემს ცნობებს ნოტარიუსის ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ან რწმუნებულის მიერ შედგენილი ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე.
2.
ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი – შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.
3.
ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და იგი მოწმდება რწმუნებულის ხელმოწერითა და ბეჭდით.
4.
სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება აგრეთვე ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.
5.
თუ ამ წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და დოკუმენტი მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.
მუხლი 9🔗.
დოკუმენტების (აქტი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები
1.
დოკუმენტები უნდა შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.
2.
დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემდეგი და წყალმედეგი მელნის ავტოკალამი.
3.
დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.
4.
ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
5.
სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
მუხლი 10🔗.
ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტებისა და ცნობების ენა
1.
აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, აქტის მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, რწმუნებული ოქმის შედგენას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.
2.
თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ.
მუხლი 11🔗.
ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველ აქტზე ხელმოწერის წესი
აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს აქტის ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი) რწმუნებულის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. აქტის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ აქტს ხელს აწერს და შესაბამისი ბეჭდით ამოწმებს რწმუნებული.
თავი III
ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები
მუხლი 12🔗.
ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ
1.
ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ გაიცემა ამ წესის II თავის შესაბამისად. ოჯახის წევრების ნათესაური კავშირი ჩაიწერება განმცხადებელთან მიმართებით.
2.
ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილი , გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.
მუხლი 13🔗.
ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე
ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, რომელი წლიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი ამა თუ იმ მისამართზე. სასურველია თუ დადგინდება თვე და რიცხვიც.