მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების დაცვის, სახნავ ფართობებში და მრავალწლიან ნარგავებში არსებული შენობა-ნაგებობების გამოყენების კანონიერების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 10.04.2013
ძალაში შესვლა 01.04.2013
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების დაცვის, სახნავ ფართობებში და მრავალწლიან ნარგავებში არსებული შენობა-ნაგებობების გამოყენების კანონიერების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2013 წლის 10 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების დაცვის, სახნავ ფართობებში და მრავალწლიან ნარგავებში არსებული შენობა-ნაგებობების გამოყენების კანონიერების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 50514 ჰა სახნავი ფართობების დასაცავად გაშენებული 1093 ჰა ქარსაცავი ზოლების დიდი ნაწილი განადგურდა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სახნავ ფართობებთან, მრავალწლიან ნარგავებთან და დასახლებულ პუნქტებში სხვადასხვა შენობა-ნაგებობების პირუტყვის სადგომად გამოყენების ფაქტები. იმის გამო, რომ აღნიშნულ ადგილებში პრაქტიკულად არ არის თავისუფალი საძოვარი და დარღვეულია არსებული საძოვრების სულადობასთან შესაბამისობა, ხდება ქარსაცავ ზოლებში ძოვება, რაც იწვევს მათ დაზიანებას და შემდგომში სახნავი ფართობების დაქარვას, ეროზიასა და მოსავლიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას. ხშირია ქარსაცავი ზოლების შეგნებულად გადაწვის ფაქტები მწყემსების ან ფერმერების მიერ მწვანე ნარგავების შემდგომში საშეშე მასალად გამოყენების მიზნით. არის შემთხვევები ფერმერთა მიერ სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისა, მოსავლის აღების ან მოხვნის წინ ნაკვეთების გადაწვის დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტითა და „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გაყვანილ იქნეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახნავ ფართობებსა და დასახლებულ პუნქტებში უნებართვოდ ადაპტირებულ (არამიზნობრივად გამოყენებულ) შენობა-ნაგებობებში განთავსებული პირუტყვი (ბაგურ კვებაზე, დასახლებულ პუნქტებსა და შინამეურნეობებში არსებული პირუტყვის გარდა) მეპატრონეთა ხარჯებით.
მუხლი 2🔗
უნებართვოდ ადაპტირებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული პირუტყვის მეპატრონეებმა ნებაყოფლობით მოახდინონ პირუტყვის გაყვანა საკუთარი ხარჯებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 3🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ უნებართვოდ ადაპტირებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული პირუტყვის მეპატრონეთა გაფრთხილება პირუტყვის ნებაყოფლობით გაყვანაზე ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე. დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ უზრუნველყონ პირუტყვის იძულებით გასაყვანად შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 4🔗
მეცხოველეობის ფერმებში დაცულ იქნეს არსებული საძოვრის სულადობასთან შესაბამისობა ზოოტექნიკური ნორმების გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗
დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სახნავ მასივებში და მრავალწლიან ნარგავებში არ დაუშვას პირუტყვის სადგომებად და ფერმებად განკუთვნილი ახალი შენობა-ნაგებობების აშენება.
მუხლი 6🔗
ეთხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოგვიჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახნავ ფართობებში, მრავალწლიან ნარგავებში და დასახლებულ პუნქტებში უნებართვოდ ადაპტირებულ შენობა-ნაგებობეში განთავსებული პირუტყვის მეპატრონეთა ხარჯებით გაყვანაში.
მუხლი 7🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს მონიტორინგი ფერმერთა მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
მუხლი 8🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთ „შირაქში“.
მუხლი 9🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის პირველ მაისს.
საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი