⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალაში შესვლა 14.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,866 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
14.05.2013 ძალაში შესვლა
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №27 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-15 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 13  აპრილის №7 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადამინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ლოგო და ასევე იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. სააგენტოს ლოგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი 1. საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა, ნიადაგი) მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოდინამიკური პროცესების, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის ურთიერთთავსებადი სისტემების შექმნა და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 2. გარემოზე დაკვირვების მონაცემთა შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის გლობალურ ინფორმაციულ ქსელებში გავრცელება; 3. გარემოზე დაკვირვების მონაცემთა დამუშავება, გარემოს მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი ინფორმაციული პროდუქციის გავრცელება; 4. ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პირობების და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ გაფრთხილებების შედგენა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება; 5. არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ  მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, ნისლი, ნალექების დეფიციტი, ეროზიულ-აბრაზიული პროცესები, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) ხელოვნური ზემოქმედების სამუშაოების დანერგვა და  წარმოება; 6. კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა, ამ ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 7. საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების გასახლების არეალების განსაზღვა და შეფასება; 8. საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა; 9. ჰიდროსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება; შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება, რეკომენდაციების, წინადადებების,  მეთოდური  და სხვა სახის მასალების მომზადება; 10. სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების (გარდა ტყითსარგებლობისა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმების) განხილვაში მონაწილეობის მიღება; 11.  კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის  და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ფონდების შევსება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება; 12. ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური  და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ამსახველ მიმდინარე და მრავალწლიურ  მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება; 13.  კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა; 14. ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყო-დანადგარების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სამონტაჟო-საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, გაზომილი პარამეტრების სიზუსტის კონტროლის ორგანიზება; 15. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების)  შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება; 16. ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) და თევზჭერის ლიცენზირებისათვის საჭირო ექსპედიციების ორგანიზება; 17. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის)  სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; 18. სალიცენზიო მოწმობების და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გაცემა; 19. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება; 20. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დამტკიცება; 21. დადგენილი წესით წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 22. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა; 23. ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; 24. სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა; 25. საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება და ამ სამუშაოებისათვის საჭირო კვლევების წარმოება, ზღვისა და მდინარეთა ნაპირდამცავი პროექტების შემუშავება; 26. მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა; 27. კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 28. საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებების განხორციელება; 29. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  მოშენებული თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების თაობაზე დასკვნების მომზადება  და ამ მიზნით სპეციალური რეესტრის წარმოება; 30.  კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება; 31. კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება; 32. კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში; 33. კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება; 34. კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. 3. სააგენტოს უფროსი: ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის; გ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, დებს ხელშეკრულებებს,  წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს ასეთ წარმომადგენლობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ და ნორმატიულ აქტებს; ზ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის ლიცენზიებს; თ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს. მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს; ლ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს; მ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი; გ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური; დ) ლიცენზირების დეპარტამენტი; ე) გეოლოგიის დეპარატამენტი; ვ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარატმენტი; ზ) მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრი. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპოდენციების რეგისტრაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი; გ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება და კონტროლი; დ) სააგენტოს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება; ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობა; ზ) სააგენტოს საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული უზრუნველყოფა; თ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა. 2. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ბუნებრივი და ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტებისა და ექსპედიციების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის, წყლების, ატმოსფერული ნალექების, შავი ზღვის და ნიადაგის ქიმიური, ბიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაზე, აგრეთვე ბუნებრივ რადიაციულ ფონზე რეგულარული დაკვირვების წარმოება და გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და ვიბრაცია) დონეების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის  შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და შესაბამის მონაცენმთა ხარისხის კონტროლი; გ) გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა; დ) გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების გამოსავლენად სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებასა და მოსალოდნელი ზიანის განსაზღვრაში მონაწილეობა; ზ) გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება; თ) დაინტერესებულ პირებთან (დამკვეთებთან) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა და მონიტორინგის წარმოება, გამწმენდი ნაგებობების და მტვერაირდამჭერი მოწყობილობების ეფექტურობის დადგენა; მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის და ჩაშვების ნორმათა პროექტების შემუშავება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის პრაქტიკული ანდა მეთოდური დახმარების გაწევა; კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. 3. გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახურის ფუნქციებია: ა) გარემოსდაცვით მონაცემთა (მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, გარემოს დაბინძურების) ერთიანი საინფორმაციო ბაზების შექმნა და მართვა; ბ) გარემოსდაცვით მონაცემთა თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება, განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; გ) ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის შექმნა; დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის (დამკვეთებისთვის) მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება. 4. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; გ) ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; დ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სამინისტროს/სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის; ე) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს უფროსისთვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა; ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების წარდგენა; ზ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; თ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა; ი) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; კ) კონკრეტული ბუნებრივი რესურსით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ლ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა; მ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ, წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად შენახვა; ნ) ლიცენზიების მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის; ო) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; პ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება; ჟ) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება; რ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა; ს) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ტ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი, სასარგებლო წიაღისეულის  ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; უ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება. 5. გეოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დასახლებულ პუნქტებში სტიქიურ-კატასტროფული გეოლოგიური პროცესების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად; ბ) სტიქიური გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი; გ) ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენის მომზადება, მოსალოდნელი საშიშროების შეფასება და პროგნოზი, გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვა ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისათვის; დ) საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის ათვისების, სამეურნეო და საინჟინრო ობიექტების საიმედოდ განლაგების  გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვისათვის და სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზონირების  საბაზისო რუკების შედგენა; ე) საშიში გეოლოგიური პროცესების განმეორადობის სიხშირის და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება გრძელვადიანი პროგნოზის მიმართებაში; ვ) გეოლოგიური სტიქიის მდგომარეობის, საშიშროების რისკისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა დროისა და სივრცის პარამეტრებში, არსებული გეოლოგიური ფონდური მასალის და მიმდინარე მონიტორინგული კვლევებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე; ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების ასათვისებლად, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების დადგენის და აცილების მიზნით წინმსწრები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება; თ) ურბანულ ტერიტორიებზე ტექნოგენური და ტექნოგენურ-ბუნებრივი პროცესების მონიტორინგი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, გეოლოგიური გარემოს მართვასა და ნარჩენების განთავსების საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება; კ) სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების წარმოება; ლ) გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება; მ) მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი; ნ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის გეოსაინფორმაციო პაკეტების და შესაბამისი რუკების მომზადება; ო) წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსის და კადასტრის წარმოება, მინერალური რესურსების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება; პ) სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების (მათ შორის მარაგების ანგარიშის) განხილვა, აღრიცხვა   და წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში მათი ასახვა; ჟ) წიაღისეული საბადოს (გარდა ნავთობისა და გაზისა) არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; რ) ლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნის მომზადება; ს) გეოლოგიური აგეგმვითი და ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება; ტ) მინერალური რესურსების მონაცემთა ბაზების წარმოების უზრუნველყოფა. 6. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში: ა.ა) სტანდარტული და სპეციალიზირებული (თანამგზავრული, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრული, აქტინომეტრული, გლაციოლოგიური, თოვლსაზვავე, აგრომეტეოროლოგიური, საზღვაო, საავიაციო და სხვა) რეგულარული სტაციონარული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის (სადგურები, საგუშაგოები) ორგანიზება და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ა.ბ) სპეციალიზირებული ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშოების წარმოება (სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალის დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება, მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში დაგროვილი თოვლის მარაგის ყოველწლიური შეფასება, მყინვარებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, საზღვაო-ოკეანოლოგიური დაკვირვებების წარმოება); ა.გ) ზღვის სანაპირო შელფის კვლევითი სამუშაოების წარმოება; ა.დ) საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება, კომპეტენციის ფარგლებში; ა.ე) შესაბამისი ტერიტორიების ბუნებრივი პირობების კომპლექსური (ლანდშაფტური) დახასიათება; ა.ვ) მდინარეთა აუზების სტიქიური ჰიდროლოგიური მოვლენებისა ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით კვლევების წარმოება და პრევენციული ღონისძიებების დასახვა, ეროზიულ-აბრაზიული პროცესების შერბილების პროექტების შედგენა; ბ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის ტექნიკური უზრუნველყოფა – გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება; გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის რეგულარული მეთოდური ინსპექტირება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ოპერატიულად (დღე-ღამურ რეჟიმში) გავრცელების უზრუნველყოფა; ე) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან და ამინდის მსოფლიო პროგნოსტიკული ცენტრებიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის რეგულარულად (დღე-ღამურ რეჟიმში) მიღების, ვიზუალიზაციის, დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა; ვ) ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება; თ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ფონდის შევსება, მათი ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა, პირველადი დამუშავება და ხარისხის კონტროლის განხორციელება; ი) ჰიდრომეტეოროლოგიურ პირველად მონაცემთა მრავალწლიური რიგების სისტემატიზაცია და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზებული მონაცემთა ბაზების ფორმირება; კ) მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა; ლ) კლიმატური ცნობარების, ჰიდროლოგიური კადასტრების,  ჰიდრომეტეოროლოგიური ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება; მ) გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ცვლილების დინამიკის შესწავლა; ნ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიის დარაიონება; ო) ეკონომიკის სხვადასხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სამხედრო და სამოქალაქო ავიაცია და საზღვაო ფლოტი, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, მშენებლობა, ტურიზმი  და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების  მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზირებული ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით და ინფორმაციული პროდუქციით, აგრეთვე სხვა სახის ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობით (ექსპედიციური და სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ორგანიზება, ჰიდრომეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა) მომსახურება; პ) ჰიდროგრაფიული და ტოპო-გეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება; ჟ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვა, ნისლი) აქტიური ზემოქმედების სამუშაოების ორგანიზება და წარმოება; რ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობის მიღება; ს) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის ზონებიდან  მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების განსახლების არეალების განსაზღვა და შეფასება; ტ) შავი ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით; უ) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. 7. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრის ფუნქციებია: ა) შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება. თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების, წინადადებების,  მეთოდური  და სხვა სახის მასალების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო წყლის ობიექტში თევზის რესურსის მარაგის დადგენა; ბ) დადგენილი წესით თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი თევზჭერის კვოტების დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;  გ) კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების  განხილვაში მონაწილეობის მიღება, ასევე თევზჭერის საკითხებზე მეთოდური მასალების, რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება; დ) მდგრადი მეთევზეობის დანერგვის ხელშეწყობა, წყლის ბიორესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ე) საქართველოს ჭარბტენიანი და წყალჭაობიანი სავარგულების მონიტორნგი, ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების კონსერვაციისა და რეაბილიტაციის მიზნით წინადადებების შემუშავება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. მუხლი 6🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს შემოსავლის წყარო განისაზღვრება საქართველოს  კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. სააგენტო ვალდებულია  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს  სათანადო ინფორმაცია. მუხლი 11🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.