საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალაში შესვლა 14.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №3
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის პირველი ივლისის №26 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3.
სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4.
სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, რომელსაც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5.
სააგენტოს ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
6.
სააგენტოს ემბლემა გამოიყენება სააგენტოს ბლანკებსა და სააგენტოს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ბლანკებზე, შენობების შესასვლელების აბრებზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
7.
სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №6.
მუხლი 2🔗.
სააგენტოს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1.
სააგენტოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2.
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიების) სისტემის მართვა.
3.
სააგენტოს ამოცანებია:
ა)
სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტებისა და შესაბამისად მათი ადმინისტრაციების მართვის უზრუნველყოფა;
;
ბ)
სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაცული ლანდშაფტების და გამონაკლის შემთხვევებში აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონების მართვა;
გ)
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების კონტროლი;
დ)
დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების გატარება;
ე)
დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
ვ)
მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ზ)
დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ)
დაცული ტერიტორიებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა;
ი)
დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში;
კ)
შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოოპერირება;
ლ)
თანამშრომლობა საზოგადოების ფართო ფენებთან;
მ)
დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების აღრიცხვის სისტემის უზრუნველყოფა;
ნ)
დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამეცნიერო და სხვა პროგრამები);
ო)
საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაცია და განხორციელება;
პ)
საუწყებათაშორისო თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით;
ჟ)
საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.
მუხლი 3🔗.
სააგენტოს უფლებამოსილება
1.
სააგენტო უფლებამოსილია:
ა)
შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მთელი სისტემის ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ბ)
კანონით დადგენილი წესით მოამზადოს პროექტები დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცული ტერიტორიების ფართობების შეცვლის შესახებ;
გ)
სამინისტროს კოორდინაციით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, მოვლის, გამრავლების და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
დ)
კომპეტენციის ფარგლებში და მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, განახორციელოს წარმომადგენლობა (მათ შორის, სასამართლო ორგანოში);
ე)
განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის;
ვ)
განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტების მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი მონიტორინგი;
ზ)
განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობა;
თ)
განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის, კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა), ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ორგანიზაცია;
ი)
განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებში, აღკვეთილებსა და დაცული ლანდშაფტებში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
კ)
განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
ლ)
განახორციელოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურებისათვის საერთო წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და დადგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს;
ნ)
სრულყოს მართვის მექანიზმები, შეიმუშაოს და განხორციელოს შესაბამისი პროგრამები დაცული ტერიტორიების თანამშრომლების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;
ო)
უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, ორგანიზაცია და ბუნებათსარგებლობის რეჟიმის დაცვა.
2.
სააგენტოს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი განისაზღვრება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ – საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით.
მუხლი 4🔗.
სააგენტოს ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს შემოსავლის წყარო განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗.
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗.
სახელმწიფო კონტროლი
1.
სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2.
სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3.
სააგენტო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
მუხლი 8🔗.
საბუღალტრო ანგარიშგება
1.
სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2.
სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗.
სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
1.
სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2.
სააგენტოს თავმჯდომარე:
ა)
წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ)
იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ)
პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ)
მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე)
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს „დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას”;
ვ)
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს;
ზ)
ამ დებულების მე-10 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება იმავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და მისცეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო;
თ)
სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
ი)
განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპრატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ)
აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
მ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
ნ)
შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ო)
კონტროლს უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების და სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
პ)
ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ჟ)
განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;
რ)
ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
3.
სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4.
თავმჯდომარის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5.
სააგენტოს თავმჯდომარის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 10🔗.
სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) დაგეგმვის და განვითარების სამსახური;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური;
გ) ეკონომიკური სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური;
ე) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) ინსპექტირების სამსახური.
მუხლი 11🔗.
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა
1.
დაგეგმვის და განვითარების სამსახური:
ა)
წარმართავს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვაში;
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის ბუნებრივ რესურსებს;
გ)
სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით ზედამხედველობს და მონიტორინგს უწევს დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განხორციელებას;
დ)
კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, ამ გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში აფასებს მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებულ პროგრამებს, აანალიზებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ვ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცული ტერიტორიების ფარგლებში კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვას;
ზ)
კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში;
თ)
ახორციელებს დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობას;
ი)
ახორციელებს სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივ დამუშავებას, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემის და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებას;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვას, მათ შეფასებას და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში;
მ)
ორგანიზაციას უწევს და მონაწილეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში;
ნ)
შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივ პროგრამებს;
ო)
მონაწილეობს ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების), სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;
პ)
უზრუნველყოფს ეკოტურიზმის განვითარებას და მის მონიტორინგს დაცულ ტერიტორიებზე;
ჟ)
სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურთან ერთად შეიმუშავებს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფებს
;
რ)
აწარმოებს დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზებს;
ს)
ახორციელებს სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფას;
ტ)
მონაწილეობას ღებულობს და ზედამხედველობას უწევს დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავებაში;
უ)
ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
2.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური:
ა)
ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტებს;
ბ)
კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მიმდინარეობას;
გ)
აწარმოებს ფინანსების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად;
დ)
განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ე)
უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ)
ამზადებს წინადადებებს და შეიმუშავებს პროგრამებს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
ზ)
შეიმუშავებს და მონაწილეობას ღებულობს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პროგრამებში;
თ)
იწვევს სხვადასხვა სპეციალისტებსა და ექსპერტებს დაცული ტერიტორიების გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ასევე უგზავნის შესაბამის სამდივნოებში წარდგენილ ეროვნული ანგარიშების ასლებს;
კ)
ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
3.
ეკონომიკური სამსახური:
ა)
უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ)
ახორციელებს ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
გ)
წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
დ)
უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ე)
აკონტროლებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ვ)
აკონტროლებს საწვავის ხარჯვას სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით;
ზ)
წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;
თ)
ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სამსახურების ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი)
ორგანიზებას უწევს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვებს;
კ)
უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ლ)
შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;
მ)
ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ნ)
ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
ო)
ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;
პ)
შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
ჟ)
ორგანიზებას უწევს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
რ)
ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;
ს)
ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
4.
ადმინისტრაციული სამსახური:
ა)
ახორციელებს სისტემაში კადრების აღრიცხვას და ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ)
დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
გ)
ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;
დ)
ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზაციას;
ე)
მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
ვ)
დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ზ)
სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფას;
თ)
შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას, აგრეთვე შრომის დისციპლინას;
ი)
ორგანიზებას უწევს საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ცენტრალურ აპარატში ელექტრონულ საქმისწარმოებას;
კ)
უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სხვა საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
ლ)
ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);
მ)
უზრუნველყოფს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვის ორგანიზებას;
ნ)
ამზადებს სამსახურებრივ ცნობებს სამუშაო ადგილის და ხელფასის შესახებ;
ო)
ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
5.
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა)
ორგანიზებას უწევს სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით და აწარმოებს PR-ს („Public Relations”);
ბ)
ამყარებს ურთიერთობებს სააგენტოსა და საზოგადოებას შორის და უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ფენებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
გ)
ორგანიზაციას უწევს სააგენტოს მონაწილეობას, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე;
დ)
უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის დაცულ ტერიტორიებზე აწყობს პრესტურებსა და გაცნობით ტურებს;
ე)
ახორციელებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავებას და განვითარებას;
ვ)
ორგანიზაციას უწევს, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ პრეზენტაციებს და პრესკონფერენციებს;
ზ)
უზრუნველყოფს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებას და გავრცელებას;
თ)
უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობას ადგილობრივ ბაზარზე და მათ ეფექტიან პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე;
ი)
აწარმოებს სააგენტოს ვებგვერდს და სააგენტოს პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში;
კ)
უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენას;
ლ)
ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
6.
იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა)
უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;
ბ)
მონაწილეობს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას;
გ)
ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;
დ)
უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;
ე)
ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
7.
ინსპექტირების სამსახური:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
ბ)
ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებისათვის პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
გ)
ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს;
დ)
ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას;
ე)
ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას, რეკომენდაციების შემუშავებას და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენას;
ვ)
სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, საკითხის შესწავლის მიზნით, გასაუბრებაზე იძახებს სააგენტოს ნებისმიერი რანგის თანამშრომელს შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ზ)
ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;
თ)
ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
ი)
ახორციელებს საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მხარდაჭერას, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას;
კ)
უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებას;
ლ)
უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;
მ)
ახორციელებს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
8.
სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (სამსახურებს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
9.
სამსახურის უფროსი:
ა)
ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებსა და მითითებებს;
ბ)
იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ)
სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ)
თავმჯდომარეს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე)
მოქმედებს სამსახურის სახელით სააგენტოსთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას;
ვ)
პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 12🔗.
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
თ) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ი) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
კ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრცია;
ლ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
მ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ო) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრცია;
რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ტ) ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
უ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ფ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია.
მუხლი 13🔗.
სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.