საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 27.11.2012
ძალაში შესვლა 01.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29/7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2013
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | უნგრეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
| საქართველოში | უნგრეთში |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS | „Szigorúan Titkos!” |
| სრულიად საიდუმლო SRULIAD SAIDUMLO | „Titkos!” |
| საიდუმლო | „Bizalmas!” |
| შეზღუდული სარგებლობისთვის SHEZGHUDULI SARGEBLOBISTVIS | „Korlátozott terjesztésű!” |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები'),
ითვალისწინებენ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობას გააჩნია დიდი მნიშვნელობა დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული ან მძიმე დანაშაულების, ტერორიზმის, ნარკოტიკული დანაშაულის, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობის, უკანონო მიგრაციისა და საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლაში,
კომპეტენტურ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით, მათი საერთო უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე,
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით, მათი კოორდინირებული ქმედებიდან გამომდინარე,
ითვალისწინებენ რა, საერთაშორისო წამოწყებებიდან და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თავიანთ ვალდებულებებს,
ითვალისწინებენ რა თავიანთი თანამშრომლობის აქამდე არსებულ შედეგებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნისათვის:
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე კომპეტენტური ორგანოები (შემდგომში – კომპეტენტური უწყებები) არიან: ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის აღკვეთისა და დანაშაულის გამოვლენის ამოცანები ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრალური საკონტაქტო უწყებები:
a) საქართველოს მხრიდან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) უნგრეთის მხრიდან: ეროვნული პოლიციის ოფისის საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობის ცენტრი.
3. იუსტიციის ორგანოები:
a) საქართველოს მხრიდან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა და საქართველოს საერთო სასამართლოები;
b) უნგრეთის მხრიდან: მართლმსაჯულების სასამართლოები და პროკურატურის ორგანოები.
4. პერსონალური მონაცემები: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
5. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები: პერსონალური მონაცემები, რომლებიც აშკარას ხდის რასობრივ წარმომავლობას, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობასთან კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს ან პარტიულ კუთვნილებას, რელიგიურ ან სხვა მრწამსს, წარმომადგენლობით ორგანიზაციებში წევრობას, აგრეთვე პერსონალური მონაცემი, რომლებიც ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, პათოლოგიურ მიდრეკილებას ან სქესობრივ ცხოვრებას და, აგრეთვე, კრიმინალური პერსონალური მონაცემები.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის სფერო
(1) საჯარო წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა იმ დანაშაულების თავიდან აცილებისა და გამოვლენის სფეროში (შემდგომში – დანაშაულის აღკვეთა), რომლებისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია, სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის ვადით, ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
(2) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას თანამშრომლობაზე ნაწილობრივ ან მთლიანად, ან შეუძლია დაუქვემდებაროს იგი პირობებს, თუ ასეთი თანამშრომლობა ემუქრება ან არღვევს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საჯარო წესრიგს, ან თუ იგი ეწინააღმდეგება მის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
(3) თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნები, რომლებიც ეხება სამხედრო დანაშაულებს ან დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია პოლიტიკური მიზნებით, არ უნდა იქნეს წარდგენილი და არ უნდა მოხდეს მათი შესრულება. ქმედება არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ დანაშაულად, თუ მისი ჩადენის პროცესში, ყველა გარემოების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს მისაღწევ მიზანს, მოტივს, modus operandi-ს და მის ჩასადენად გამოყენებულ ან გამოსაყენებელ საშუალებებს, ქმედების სამართლებრივი ასპექტები გადაწონიან მის პოლიტიკურ ხასიათს.
(4) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობა არ უნდა გავრცელდეს სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე, რომელიც ხელშემკვრელი მხარეების იუსტიციის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება.
თავი II
თანამშრომლობის ზოგადი წესები
მუხლი 3🔗
თანამშრომლობა მოთხოვნის საფუძველზე
(1) წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელების მიზნით, კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ და აღმოუჩინონ ერთმანეთს დახმარება მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
(2) მოთხოვნები და მათზე პასუხები უნდა გაიგზავნოს და უნდა იქნეს მიღებული წერილობით (ტელეფაქსითა და ელექტრონული სატელეკომუნიკაციო ქსელებით გადაცემის ჩათვლით) ცენტრალური საკონტაქტო უწყებების მეშვეობით, თუ წინამდებარე შეთანხმებაში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული. გადაუდებელ შემთხვევებში მოთხოვნები შესაძლებელია აგრეთვე გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ზეპირი მოთხოვნები უნდა დადასტურდეს წერილობით, რაიმე დაყოვნების გარეშე.
(3) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნების გასაგზავნად ან შესასრულებლად საჭიროა იუსტიციის ორგანოების ნებართვა, თანხმობა, დამტკიცება ან მათთან შეთანხმება, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნები შეიძლება გაიგზავნოს და მათი შესრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება ასეთი ნებართვა, თანხმობა, დამტკიცება ან შეთანხმება.
(4) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ უწყებას არ გააჩნია მოთხოვნის შესრულების უფლებამოსილება ან კომპეტენცია, მან უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნა იმ უწყებას, რომელსაც გააჩნია ასეთი უფლებამოსილება და კომპეტენცია, და აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას.
(5) მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას შეუძლია მოსთხოვოს მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ უწყებას, რომ მან შეასრულოს მოთხოვნა მის მიერ მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად ან მის მიერ მითითებული ტექნიკური მეთოდების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაში მოცემული პირობებიდან გამომდინარე მისი შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ არის შესაძლებელი, მოთხოვნის მიმღებმა ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ უნდა შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ მომთხოვნ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას რაიმე დაყოვნების გარეშე. ამავე დროს, მან უნდა მიუთითოს ის პირობები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოთხოვნის შესრულება.
(6) თუ მოთხოვნის მიღებისას აღმოჩნდება, რომ მისი შესრულება შეუძლებელია მასში მოცემული ვადების ფარგლებში და მოთხოვნაში მითითებული ამ ვადების დადგენის მიზეზები ცხადყოფს, რომ დაყოვნებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მომთხოვნი კომპეტენტური უწყების პროცედურის განხორციელებას, მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ ან ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მომთხოვნ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას ის ვადა, რომელიც მას სჭირდება მოთხოვნის შესასრულებლად.
(7) მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად შეტყობინების შემდეგ, მომთხოვნმა ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ უნდა განაცხადოს, ისევ სჭირდება თუ არა მას მითითებული პირობების საფუძველზე მოთხოვნის შესრულება.
(8) მოთხოვნის შესრულების პროცესში მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებებმა და სხვა უწყებებმა, რომლებიც მონაწილეობენ მოთხოვნის შესრულებაში, უნდა გაატარონ ქმედებები წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული წესების შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
მუხლი 4🔗
მოთხოვნის შინაარსი და გამოსაყენებელი ენა
(1) მოთხოვნა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგს:
a) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების დასახელებას;
b) მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, მიზანსა და განსახილველ საკითხს;
c) იმ ქმედების აღწერილობასა და სამართლებრივ კვალიფიკაციას, რომელიც შეადგენს მოთხოვნის განსახილველ საკითხს;
d) მოთხოვნის შესრულებაზე დადგენილ ვადას, გადაუდებელი შესრულების მოთხოვნის მიზეზებს.
(2) მოთხოვნის შინაარსთან დაკავშირებული დოკუმენტები და მონაცემები თან უნდა ერთოდეს მოთხოვნას.
(3) წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პროცესში კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა, მაგრამ მათ აგრეთვე შეუძლიათ შეთანხმდნენ, გამოიყენონ სხვა ენები მათი კომუნიკაციისათვის.
თავი III
თანამშრომლობის ფორმები
მუხლი 5🔗
ინფორმაციის გაცვლა
(1) კომპეტენტურმა უწყებებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადასცენ ერთმანეთს შემდეგი ინფორმაცია:
a) მონაცემები დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირებზე, ინფორმაცია, რომელიც ეხება დანაშაულის ჩამდენ პირებს, ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანებებისა და დამნაშავეთა ჯგუფების ხელმძღვანელებს, მათ სტრუქტურებს შორის კავშირებს, დანაშაულის ჩამდენი პირებისა და ჯგუფების ტიპიურ ქცევას, დაგეგმილ დანაშაულებს, დანაშაულის ჩადენის მცდელობებს ან ჩადენილ დანაშაულებს, განსაკუთრებით მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია დროსთან, ადგილთან, modus operandi-სთან, ინფორმაცია განსაკუთრებულ გარემოებებსა და გატარებულ ზომებზე, როდესაც ეს აუცილებელია დანაშაულის აღკვეთის მიზნით;
b) ინფორმაცია საგნებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ჩადენილ იქნა დანაშაული, ან რომლებიც შეიცავს დანაშაულის კვალს, ან რომლებიც იქნა გამოყენებული ან რომელთა გამოყენებაც განზრახული იყო დანაშაულის ჩადენის საშუალებად, ან რომლებიც გამომდინარეობენ დანაშაულიდან;
c) მონაცემები დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების შესახებ;
d) მონაცემები კრიმინალურ მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ხელმისაწვდომია კომპეტენტური უწყებებისათვის;
e) ინფორმაცია პირების ვინაობაზე, მათი ყოფნის ადგილსა და სახლის მისამართზე;
f) ინფორმაცია დოკუმენტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ საგზაო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას;
g) ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
h) სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრესთან, ოპერატორთან და/ან მოსარგებლესთან დაკავშირებული მონაცემები;
i) ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვებთან დაკავშირებული მონაცემები;
j) ელექტრონული სატელეკომუნიკაციო ტერმინალის მოწყობილობის მესაკუთრის, აბონენტისა და მოსარგებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;
k) მონაცემები დოკუმენტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას;
l) სპეციალური ექსპერტული ცოდნის მქონე პირებთან დაკავშირებული მონაცემები.
(2) კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ გაცვალონ:
a) საერთაშორისო დანაშაულებრივი საქმიანობის ახალი მეთოდებისა და ფორმების შესახებ ინფორმაცია;
b) კრიმინალური, კრიმინოლოგიური და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა კვლევის შედეგები, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებული პრაქტიკის, სამუშაო მეთოდებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია;
c) დანაშაულებრივი ქმედებების მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია.
(3) მოთხოვნები იმ მონაცემთა გადაცემაზე, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის a)-i) და k) ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით, შეიძლება წარდგენილ იქნეს და შესრულდეს უშუალოდ კომპეტენტური უწყებების მიერ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საკონტაქტო პუნქტების მეშვეობით ინფორმაციის გადაცემამ შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი დაყოვნება, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის დანაშაულის გამოვლენის ინტერესებს.
(4) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ხელშემკვრელი მხარის ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას შეუძლია გადასცეს ინფორმაცია მოთხოვნის გარეშეც, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ ეს ინფორმაცია აუცილებელია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებებისათვის საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული საფრთხეების აღმოფხვრის ან დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
(5) წინამდებარე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გაცვლის პროცესში კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ გაცვალონ მოთხოვნები, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო მონაცემებს.
მუხლი 6🔗
საჯარო წესრიგისა და კრიმინოგენური ვითარების ანალიზი
კომპეტენტურმა უწყებებმა პერიოდულად უნდა გაცვალონ ინფორმაცია და ანალიზი მათ სახელმწიფოებში არსებული კრიმინოგენური ვითარების და საჯარო წესრიგის ვითარების შესახებ. კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ ერთობლივად გაანალიზონ კრიმინოგენური ვითარებისა და დანაშაულის აღკვეთის ძირითადი საკითხები და განიხილონ და შეათანხმონ გასატარებელი ქმედებები.
მუხლი 7🔗
გადაუდებელ შემთხვევებში გასატარებელი ქმედებები
(1) კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიის ფარგლებში, მოთხოვნის შემთხვევაში, მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ პიროვნების იდენტიფიკაცია, ძებნილ პირთა ძებნა და მათი ადგილმდებარეობის დადგენა, და აწარმოონ საზოგადოებრივ ადგილებში ინტენსიური შემოწმებები, თუ დანაშაულის აღკვეთის ინტერესიდან გამომდინარე საჭიროა გადაუდებელი ზომების გატარება.
(2) მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
მუხლი 8🔗
კონტროლირებადი მიწოდება
(1) ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებს ცენტრალური საკონტაქტო უწყებების მეშვეობით შეუძლიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებს მოსთხოვონ, რომ მათ განახორციელონ კონტროლი უკანონო და საეჭვო ტვირთების გატარებაზე მათი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მისი გავლით ან მისი მიმართულებით, რათა გამოვლენილ იქნეს დანაშაული და მოხდეს იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
(2) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა კონტროლირებად მიწოდებაზე უნდა შეიცავდეს:
a) ტვირთის შემადგენლობას, მის მოსალოდნელ მარშრუტსა და ხანგრძლივობას, ტრანსპორტირების სახეს და სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
b) ესკორტირების სახეს;
c) მონაცემებს, რომლებიც ეხება გამოსაყენებელ ტექნიკურ ხელსაწყოებს;
d) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების მხრიდან ესკორტირებაში მონაწილე პირების რაოდენობას და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობას, ასეთების არსებობის შემთხვევაში.
e) კონტროლირებად მიწოდებაში მონაწილე პირებთან კონტაქტის უზრუნველყოფის სახეს;
f) ტვირთის გადაბარებისა და მიღების გარემოებებს;
g) დაკავების შემთხვევაში გასატარებელ ზომებს;
h) გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს გასატარებელ ზომებს.
(3) ცენტრალური საკონტაქტო უწყებები, მოთხოვნის მოწონების შემთხვევაში, უნდა შეთანხმდნენ კონტროლირებადი მიწოდების თარიღზე და modus operandi-ზე და მათი ჩართულობის მოცულობაზე თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. მოთხოვნის მიმღებ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას შეუძლია დააწესოს შეზღუდვა ან უარი თქვას კონტროლირებად მიწოდებაზე, თუ იგი არასასურველი მოცულობით უქმნის საფრთხეს მასში მონაწილე პირებს ან საჯარო წესრიგს.
(4) მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყება უნდა იყოს პასუხისმგებელი კონტროლირებად მიწოდებაზე. მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას უნდა ეცნობოს პასუხისმგებელი პირის შესახებ. კონტროლირებადი მიწოდება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს შეწყვეტა. გადაბარების შემდეგ, მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას შეუძლია განახორციელოს ტვირთის ესკორტირება, მაგრამ მან არ უნდა განახორციელოს ოფიციალური უფლებამოსილებები. აღნიშნულის მიმდინარეობისას, მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრებმა უნდა იმოქმედონ წინამდებარე მუხლის დებულებების, მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების პასუხისმგებელი პირის მითითებების შესაბამისად.
(5) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებებმა უნდა დართონ ნება აგრეთვე ისეთი კონტროლირებადი მიწოდებების განხორციელებაზე, რომელიც იწყება მესამე სახელმწიფოში და მთავრდება სხვა სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში, მომთხოვნმა ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ წინასწარ უნდა მიიღოს ამ სახელმწიფოების თანხმობა, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მოთხოვნის მიმღებ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას.
(6) ოპერატიული მუშაკების მონაწილეობა კონტროლირებადი მიწოდების ესკორტირებაში დამოკიდებული უნდა იყოს მათი წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის ორგანოების ნებართვაზე.
მუხლი 9🔗
ოპერატიული მუშაკების განთავსება
(1) მოთხოვნის შემთხვევაში კომპეტენტური უწყებები შეიძლება შეთანხმდნენ მომთხოვნი კომპეტენტური უწყების ოპერატიული მუშაკების განთავსებაზე მათი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში, თუ ეს აუცილებელია მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების ან დანაშაულის ჩადენის მცდელობების წარმატებული გამოვლენისათვის. ოპერატიული მუშაკი არის კომპეტენტური უწყების რეგულარული პერსონალის წევრი, რომელიც ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
(2) ოპერატიული მუშაკის განთავსებასთან დაკავშირებული იუსტიციის ორგანოების ნებართვა, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში, უნდა მოქმედებდეს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა მთელ ტერიტორიაზე.
(3) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა ოპერატიული მუშაკის განთავსებაზე უნდა შეიცავდეს:
a) ოპერატიული მუშაკის განთავსების ხანგრძლივობას;
b) ოპერატიული მუშაკის განთავსების პირობებს;
c) ოპერატიული მუშაკის უფლებებსა და ვალდებულებებს;
d) ოპერატიული მუშაკის ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში გასატარებელ ზომებს;
e) ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე, რომლებიც ითვალისწინებენ ოპერატიული მუშაკის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
f) ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე, რომლებიც ითვალისწინებენ ოპერატიული მუშაკის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულ იქნა მისი საქმიანობის ფარგლებში.
(4) ოპერატიული მუშაკის განთავსება ყოველთვის უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებით და უნდა გაგრძელდეს მხოლოდ განსაზღვრული ვადით. ოპერატიულ მუშაკს შეუძლია შეუდგეს თავის საქმიანობას კომპეტენტურ უწყებებს შორის ad hoc შეთანხმების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება ნებართვა მე-2 პუნქტის შესაბამისად. შეთანხმება უნდა მოიცავდეს მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს.
(5) ოპერატიული მუშაკის საქმიანობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუ ამას მოითხოვს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყება.
(6) ოპერატიული მუშაკის საქმიანობა უნდა დარეგულირდეს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ოპერატიულ მუშაკს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც ნებადართულია ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗
მოწმეთა დაცვის პროგრამაში თანამშრომლობა
(1) ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ თავიანთი კომპეტენტური უწყებების მეშვეობით მოითხოვონ, რომ დაცვას დაქვემდებარებული მოწმეები, დაზარალებულები და მათთან დაკავშირებული პირები (შემდგომში: დაცული პირები) გადაყვანილ იქნენ ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომ ისინი ამის შემდეგ უზრუნველყოფილნი იქნენ დაცვით, მათ შორის, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერით. თანამშრომლობა არ უნდა გავრცელდეს იმ დაცულ პირებზე, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან. აღნიშნულმა ზომებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე წარმოებულ სისხლის სამართლის პროცესს.
(2) დასაცავი პირი ჩართული უნდა იყოს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოწმეთა დაცვის ეროვნულ პროგრამაში მანამდე, სანამ მოხდება მისი გადაყვანა. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ არსებობს ვარაუდი, რომ დასაცავი ჩართული იქნა პირი მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოწმეთა დაცვის ეროვნულ პროგრამაში (საგანგებო ზომა). დაცულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ იმ დაცვის ფორმებით, რომლებიც გათვალისწინებულია მოწმეთა დაცვის შესახებ მოთხოვნის მიმღები უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
(3) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) მოთხოვნას კონფიდენციალობაზე;
b) დაცული პირის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში;
c) ინფორმაციას, რომელიც ეხება პირის წინაშე მდგარ საფრთხეს და მის სიმძიმეს;
d) დაცული პირის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანის მიზეზებს;
e) დაცვის რეკომენდირებულ ფორმასა და დონეს;
f) მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებელ ვადას და მისი გახანგრძლივების შესაძლებლობას.
(4) მოთხოვნის მოწონების შემდეგ, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებები წერილობით უნდა შეთანხმდნენ დაცვის დეტალებზე და კონტაქტის შენარჩუნების გზებზე.
(5) იმ შემთხვევაში, თუ დაცვის უზრუნველყოფა აღარ არის შესაძლებელი, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას.
(6) დაცულმა პირმა უნდა დაიცვას მოთხოვნის მიმღები უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაცული პირი არღვევს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან არ სცემს პატივს სპეციალურად მისთვის განსაზღვრულ ქცევის წესებს, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღებ უწყებას მიაჩნია, რომ აუცილებლია კონკრეტული დაცული პირის უკან დაბრუნების ინიციირება, მომთხოვნი უწყება უნდა დაემორჩილოს ამ ინიციატივას.
(7) დაცვითი ზომების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებების თანამშრომლებს შეუძლიათ შენიღბონ თავიანთი ნამდვილი ვინაობა და გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება.
(8) წინამდებარე მუხლის განხორციელების პროცესში წარმოშობილი ხარჯები უნდა დაიფაროს იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიიდანაც მოხდა დაცული პირის გადაყვანა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომპეტენტური უწყებები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 11🔗
დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფების შექმნა
(1) კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ ad hoc შეთანხმებით შექმნან დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფები, თუ ეს აუცილებელია მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების ან დანაშაულის ჩადენის მცდელობების წარმატებული გამოვლენისათვის.
(2) პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმება განსაკუთრებით უნდა შეიცავდეს:
a) დანაშაულებრივი ქმედების აღწერილობას, რომლის გამოსავლენადაც შეიქმნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი;
b) ფუნქციონირების ადგილს, პირობებს და ვადას და ვადის გახანგრძლივების პირობებს;
c) დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შემადგენლობას და მის ხელმძღვანელს;
d) დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში წარგზავნილი წევრის უფლებებსა და ვალდებულებებს;
e) ინფორმაციას წესებზე, რომლებიც განსაზღვრავენ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში წარგზავნილი წევრის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, აგრეთვე მის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულ იქნა მისი საქმიანობის ფარგლებში;
f) ორგანიზაციულ ღონისძიებებსა და ფუნქციონირებისათვის გასაწევ ხარჯებს.
(3) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრი, რომელიც წარგზავნილ იქნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში, არ უნდა იყოს უფლებამოსილი, რომ განახორციელოს დამოუკიდებელი ქმედება მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
(4) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრს, რომელიც წარგზავნილ იქნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში, შეუძლია გადასცეს მის ხელთ არსებული არასაიდუმლო მონაცემები და ინფორმაცია დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში მონაწილე მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების წევრებს ისეთივე შემთხვევებში და იმავე პირობებით, როგორც ეს გათვალისწინებულია თავისი საკუთარი კომპეტენტური უწყებისათვის გადაცემის დროს.
(5)კომპეტენტური უწყებების მიერ დასაიდუმლებული საიდუმლო მონაცემების გაცნობის უფლება, დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის მუშაობის აუცილებლობიდან გამომდინარე, უნდა მიენიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წარგზავნილ თანამშრომლებს იმ ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც შექმნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი, მიერ სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემების გადასაცემად, რომლებიც დასაიდუმლოებულია იმ ორგანოების მიერ, რომლებიც არ მონაწილეობენ თანამშრომლობაში, აუცილებელია დამსაიდუმლოებლის თანხმობის მოპოვება.
მუხლი 12🔗
კონსპირაციის წესით ინფორმაციის შეგროვება
(1) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ დანაშაულის გამოვლენის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში და მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსპირაციის წესით შეაგროვონ ინფორმაცია და აცნობონ შედეგები ერთმანეთს.
(2) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა კონსპირაციის წესით ინფორმაციის შეგროვებაზე უნდა შეიცავდეს:
a) მითითებას საშუალებაზე ან მეთოდზე;
b) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობას;
c) იმ მონაცემების სფეროს, რომელიც უნდა აღირიცხოს და გადაიცეს;
d) მონაცემების გადაცემის სახეს;
e) მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონსპირაციის წესით ინფორმაციის შეგროვების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის სახეს;
f) იმ ფაქტის დადასტურებას, რომ კონსპირაციის წესით ინფორმაციის შეგროვება არის სათანადოდ უფლებამოსილი მომთხოვნი კომპეტენტური უწყების სახელმწიფოში.
(3) მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა დაიწყოს მოთხოვნის დამუშავება მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და, თუ ეს საჭიროა, უფლებამოსილების მოპოვების შემდეგ.
მუხლი 13🔗
მეკავშირე ოფიცრების წარგზავნა
(1) თითოეულ კომპეტენტურ უწყებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, შეუძლია წარგზავნოს მეკავშირე ოფიცრები მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებში განსაზღვრული ვადით. უფლებამოსილ ატაშეს, რომელიც აკრედიტებულია მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, აგრეთვე შეუძლია განახორციელოს მეკავშირე ოფიცრის ფუნქციები.
(2) მეკავშირე ოფიცრების წარგზავნის მიზანია ხელშემკვრელ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და უწყვეტი დახმარების უზრუნველყოფა შემდეგ საკითხებში:
a) დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ინფორმაციის გაცვლა;
b) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება;
c) რეადმისიის შესახებ შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა;
d) იმ ორგანოთა ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა, რომლებსაც მინდობილი აქვთ საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილება.
(3) მეკავშირე ოფიცერს უნდა ჰქონდეს კომპეტენტური უწყებების დამხმარე მრჩევლის ფუნქცია და არ უნდა იყოს უფლებამოსილი, დამოუკიდებლად განახორციელოს დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებები.
მუხლი 14🔗
ტრენინგისა და დანაშაულის თავიდან აცილების სფეროებში თანამშრომლობა
(1) ტრენინგის სფეროში თანამშრომლობა უნდა გავრცელდეს შემდეგზე:
a) სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო მასალების გაცვლა;
b) ერთობლივი სემინარები და პრეზენტაციები, ერთობლივი კურსებისა და კონფერენციების ორგანიზება;
c) მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა დამკვირვებლებად მოწვევა, სავარჯიშოების პრეზენტაცია და ჩართვის სპეციალური ქმედებები;
d) მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა კურსებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
(2) ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ დანაშაულის თავიდან აცილების ეროვნულ დონეზე დამტკიცებული მეთოდების გამოკვლევასა და გაცვლაში და საექსპერტო კონსულტაციების ორგანიზებაში, რომლებიც საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების მეთოდების იმპლემენტაციისათვის.
მუხლი 15🔗
კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. თანამშრომლობა მოიცავს კორუფციის და მისი თავიდან აცილების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაცვლას და კორუფციის, სამოხელეო დანაშაულისა და მათი განვითარების ტენდენციების სავარაუდო მიზეზებზე ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლას.
თავი IV
სამართლებრივი ურთიერთობები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
მუხლი 16🔗
თანამშრომელთა უფლებები და ვალდებულებები
(1) კომპეტენტური უწყების თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან იარონ უნიფორმით და ვალდებულნი არიან ატარონ სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათები, წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე, მათი მოვალეობების განხორციელებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ისინი არ არიან უფლებამოსილნი ატარონ თავიანთი სამსახურებრივი იარაღი და სამსახურებრივი აღჭურვილობა და გამოიყენონ შებორკვის საშუალებები.
(2) წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლით განსაზღვრულ ოპერატიულ მუშაკს შეუძლია შევიდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტით, შეუძლია დარჩეს იქ აუცილებელი ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტებით თავისი მოვალეობების განხორციელების განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევებში, ოპერატიულ მუშაკებს შეუძლიათ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი და გამოიყენონ შებორკვის საშუალებები. პირობები უნდა განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ad hoc შეთანხმებით ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 17🔗
სამსახურებრივი ურთიერთობები და კომპეტენტური უწყებების წევრთა დაცვა
(1) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრის სამსახურებრივი ურთიერთობები, დასაქმება და დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
(2) თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ თავისი წევრების მსგავსი დაცვა და დახმარება უნდა უზრუნველყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების იმ წევრებისთვის, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ მოვალეობებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში.
მუხლი 18🔗
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წესები
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავიანთი მოვალეობების განხორციელებისას, კომპეტენტური უწყების წევრებს, მათ მიერ ან მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით, უნდა მოეპყრან ისევე, როგორც იმ კომპეტენტური უწყების თანამშრომლებს, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისინი ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.
მუხლი 19🔗
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წესები
(1) როდესაც კომპეტენტური უწყების წევრი ახორციელებს თავის მოვალეობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარე, რომელიც მას აგზავნის, პასუხისმგებელი იქნება მისი საქმიანობის განხორციელების პროცესში მის მიერ გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც იქნა გამოწვეული ზიანი.
(2) თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წევრი მიაყენებს ნებისმიერი სახის ზიანს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებას, ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ იქნება წარდგენილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ზიანი არ არის გამოწვეული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
(3) თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წევრი მიაყენებს ნებისმიერი სახის ზიანს მესამე პირს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პირველმა სრულად უნდა აანაზღაუროს ის კომპენსაცია, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ იქნა გადახდილი აღნიშნული ზიანისათვის.
თავი V
მონაცემთა დაცვა
მუხლი 20🔗
მონაცემთა დამუშავების წესები
(1) მონაცემთა დამუშავება უნდა განხორციელდეს შემდეგი დებულებების შესაბამისად:
a) მოთხოვნაში უნდა მიეთითოს მოთხოვნილ მონაცემთა სახეობა და მათი გამოყენების მიზანი და სამართლებრივი საფუძვლები;
b) მონაცემთა მიმღებ კომპეტენტურ უწყებას (შემდეგში – მიმღები) შეუძლია გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებისთვის და მონაცემთა მიმწოდებელი კომპეტენტური უწყების (შემდეგში – გამგზავნი) მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა გამგზავნს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემთა გამოყენების თაობაზე, რომლებიც გადაიცა რომლებიც გადაიცა გაგზავნის მიერ;
c) მონაცემთა გადაცემამდე გამგზავნი, მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ მონაცემთა გადაცემა აუცილებელი იყო მითითებული მიზნისთვის და იყო მისი პროპორციული და მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისი, უნდა დარწმუნდეს, რომ გადასაცემი მონაცემები არის სწორი;
d) მონაცემთა გადაცემისას გამგზავნმა, თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიუთითოს მონაცემთა შენახვისთვის დადგენილი ვადის ფარგლები, რომლის გასვლის შემდეგ მიმღებმა უნდა წაშალოს ან დაბლოკოს მონაცემები ან განიხილოს, კვლავ საჭირო არის თუ არა ისინი. ვადის დადგენილი ფარგლების მიუხედავად, გადაცემული მონაცემები უნდა წაიშალოს მაშინვე, მას შემდეგ, რაც ისინი აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი გადაიცა;
e) მონაცემები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში მითითებულ უფლებამოსილ კომპეტენტურ უწყებებს. მონაცემები შეიძლება გადაეგზავნოს სხვა უწყებებს გამგზავნის წინასწარი წერილობითი თანხმობით;
c) ქვეპუნქტში მოცემული პირობების შემოწმების საფუძველზე;
f) უწყებებმა, რომლებიც ამუშავებენ მონაცემებს, უნდა აწარმოონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული და მიღებული მონაცემების შესახებ ჩანაწერები, რომლებიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს: ამ მონაცემთა მიზანი და შინაარსი, გადაცემის სამართლებრივი საფუძველი, გადაცემულ მონაცემთა სახეობა, მიმწოდებელი და მიმღები უწყება, გადაცემის დრო და თარიღი და მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი მონაცემები. მონაცემთა ელექტრონული გადაცემის აღრიცხვა უნდა მოხდეს ავტომატურად. ჩანაწერები შენახული უნდა იქნეს ამგვარი მონაცემების მიმართ გამოყენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, მაგრამ არანაკლებ ხუთი წლისა. ჩანაწერები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მონაცემთა დაცვის წესების შესრულების ზედამხედველობისთვის.
(2) ხელშემკვრელ მხარეებს მოეთხოვებათ გაატარონ ყველა აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა მონაცემთა ეფექტური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და მათთან უნებართვო შეღწევის, მათი გამჟღავნების, შეცვლისა და განადგურების წინააღმდეგ ნებისმიერი წინასწარი თანხმობის გარეშე.
(3) ხელშემკვრელი მხარეების მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული პრინციპებისა და წესებისადმი პატივისცემა, უფლებამოსილნი არიან გააკონტროლონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების წესების შესრულება.
(4) წინამდებარე შეთანხმება არ ითვალისწინებს იმ მონაცემთა ან ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნის საფუძველს, რომლებიც გამოყენებული იქნება მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული მონაცემები ან ინფორმაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების მიზნით, გადამცემი ხელშემკვრელი მხარის იმ წინასწარი თანხმობის გარეშე, რომელიც გაცემული უნდა იქნეს მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დაცვით.
მუხლი 21🔗
მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის მიწოდება
(1) ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მონაცემთა სუბიექტი ინფორმირებული იყოს მათი კომპეტენტური უწყებების მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. ამ მუხლიდან გადახვევა დასაშვებია, როდესაც ასეთი გადახვევა წარმოადგენს აუცილებელ ზომას სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის, მონაცემთა სუბიექტის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისთვის.
(2) როდესაც განხორციელდება პერსონალური მონაცემების გადაცემა, თითოეულ კომპეტენტურ უწყებას, თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, შეუძლია ითხოვოს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ არ მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება. ასეთ შემთხვევაში, უკანასკნელმა კომპეტენტურმა უწყებამ არ უნდა მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წინასწარი თანხმობის გარეშე. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მიმღებმა მხარემ კონსულტაცია უნდა გაიაროს გამგზავნ მხარესთან, რამდენად შეუძლია მას, მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება ჩანაწერებში შენახული მისი პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შესახებ და მათი გამოყენების მიზნების შესახებ. მიმღებმა მხარემ უნდა დაიცვას გამგზავნი მხარის მიერ მიცემული ინსტრუქციები.
(3) მონაცემთა სუბიექტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს, შემთხვევის გათვალისწინებით, მისი პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ჩასწორება, ამოშლა ან დაბლოკვა, თუ მათი დამუშავება განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ და ჰქონდეს ანაზღაურების საშუალება, თუ დადასტურების ან, შემთხვევის გათვალისწინებით, კომუნიკაციის, ჩასწორების, ამოშლის ან დაბლოკვის შესახებ მოთხოვნა არ იქნა შესრულებული.
მუხლი 22🔗
საიდუმლო მონაცემთა დაცვა
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პროცესში მიღებული საიდუმლო მონაცემებისა და ინფორმაციის დასაცავად, კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი დებულებები:
a) მონაცემებს, რომლებიც დასაიდუმლოებულია საიდუმლო მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლო მონაცემების მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა მიენიჭოს დაცვის ისეთივე დონე, როგორიც მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფის მქონე მონაცემებს მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად იმ ეკვივალენტობის ცხრილის საფუძველზე, რომელიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების დანართს. ეს დანართი შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს;
b) გამგზავნმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც გადასცემს საიდუმლო მონაცემებს, უნდა მიუთითოს გადაცემული საიდუმლო მონაცემების დასაიდუმლოების ვადა;
c) გამგზავნმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც გადასცემს საიდუმლო მონაცემებს, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს წერილობით მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც იღებს საიდუმლო მონაცემებს, მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ და მათი საიდუმლოების გრიფის ან მოქმედების ვადის ნებისმიერი ცვლილების, ან მათი განსაიდუმლოების შესახებ. მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც იღებს საიდუმლო მონაცემებს, უნდა განახორციელოს საიდუმლოების გრიფის ან დასაიდუმლოების ვადის ცვლილება, ან უნდა შეწყვიტოს მათი, როგორც საიდუმლო მონაცემების, დამუშავება ამ შეტყობინების შესაბამისად;
d) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული ნებისმიერი საიდუმლო მონაცემის გადაგზავნა მესამე სახელმწიფოსთვის დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ ორგანოების ან პირის წერილობითი თანხმობით, რომლებსაც გააჩნიათ ასეთი უფლებამოსილება გამგზავნი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
e) გამგზავნ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც გადასცემს საიდუმლო მონაცემებს, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღები ხელშემკვრელ მხარის, რომელიც იღებს საიდუმლო მონაცემებს, მიერ განხორციელებული იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევის შესახებ, რომელიც ემსახურება გადაცემული საიდუმლო მონაცემების დაცვას. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევის გარემოებებსა და შედეგებს, ამგვარი შედეგების შეზღუდვისათვის გატარებულ ზომებს და ამ დებულებების ნებისმიერი მომავალი დარღვევის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ზომებს.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 23🔗
ხარჯების გაღების წესები
თუ წინამდებარე შეთანხმებაში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული ან ხელშემკვრელი მხარეების ცენტრალურ საკონტაქტო უწყებებს შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ორივე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გაიღოს მათი კომპეტენტური უწყებების საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ხარჯები.
მუხლი 24🔗
ურთიერთობა სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან
წინამდებარე შეთანხმების დებულებებმა არ უნდა მოახდინონ ზეგავლენა ხელშემკვრელი მხარეების მიერ სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე. წინამდებარე შეთანხმება ზეგავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებებზე და ევროკავშირის წევრობიდან გამომდინარე უნგრეთის ვალდებულებებზე.
მუხლი 25🔗
დავების გადაწყვეტა
(1) დავები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს კომპეტენტური უწყებების მიერ კონსულტაციების გზით.
(2) თუ პირველ პუნქტში მითითებული კონსულტაციების პროცესში არ იქნა მიღწეული შეთანხმება, დავა უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე.
მუხლი 26🔗
დასკვნითი დებულებები
(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
(2) წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე შეთანხმების სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
(3) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და მისი მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის მომდევნო პირველ დღეს.
(4) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გარდამავალი პერიოდით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ ის არღვევს ან საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. ხელშემკვრელმა მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ ერთმანეთს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ამგვარი ზომების შემოღების ან გაუქმების შესახებ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერება ან შეჩერების გაუქმება ძალაში შედის შესაბამისი შეტყობინების მიღების დღეს.
(5) წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლი და დანართი წყვეტს მოქმედებას იმ დღეს, როდესაც საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი ცალკე შეთანხმება შევა ძალაში ხელშემკვრელ მხარეებს შორის.
(6) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური უწყებების დასახელებები და საკონტაქტო დეტალები, აგრეთვე იმ უწყებების დასახელებები და საკონტაქტო დეტალები, რომლებიც განახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების მე-8, მე-11 და მე-15 მუხლების დებულებებს და რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ 22-ე მუხლის დებულებებს. ხელშემკვრელმა მხარეებმა ნებისმიერი დაყოვნების გარეშე დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს მათი კომპეტენტური უწყებების დასახელებების, საკონტაქტო დეტალების ან კომპეტენციების ცვლილების შესახებ.
(7) წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ტექნიკური დეტალები შეიძლება შეთანხმდეს ცალკე კომპეტენტური უწყებების მიერ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 27 ნოემბერს, ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
უნგრეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
დანართი
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 22-ე მუხლზე
საიდუმლო მონაცემთა საიდუმლოების გრიფები და მათი ეკვივალენტობა
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 22-ე მუხლის (a) ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები, საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენენ, რომ საიდუმლო მონაცემების ქვემომოცემული საიდუმლოების გრიფები არის ეკვივალენტური.
საქართველოში
უნგრეთში
ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე
განსაკუთრებული მნიშვნელობის
GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS
„Szigorúan Titkos!”
TOP SECRET
სრულიად საიდუმლო
SRULIAD SAIDUMLO
„Titkos!”
SECRET
საიდუმლო
„Bizalmas!”
CONFIDENTIAL
SAIDUMLO
შეზღუდული სარგებლობისთვის
SHEZGHUDULI SARGEBLOBISTVIS
„Korlátozott terjesztésű!”
RESTRICTED