საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №56/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016576
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№56/ნ
2013 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს ჯილდოს (შემდგომში – ჯილდო) მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, ჯილდოს სახეებს, ჯილდოს გაცემის პროცედურებსა და შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 2🔗.
ჯილდოს გაცემის მიზანი
ჯილდოს გაცემის მიზანია სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, ახალი პროექტების/ინიციატივების წახალისება, სწავლა-სწავლების პროცესისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება.
მუხლი 3🔗.
ჯილდოს მიღებაზე უფლებამოსილი პირები
ამ წესის შესაბამისად ჯილდოს მიღების უფლება აქვთ (შემდგომში − კანდიდატი):
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება) მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას;
ბ) სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას;
გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას;
დ) სამინისტროს/სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.
მუხლი 4🔗.
ჯილდო
1. სამინისტრო უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად ჯილდოს სახით გასცეს სამკერდე ნიშანი ,,ამაგდარი“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამკერდე ნიშნის − ,,ამაგდარი“ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗.
ჯილდოს გაცემის პროცედურა
1. ჯილდოს გაცემა შესაძლოა განხორციელდეს საინიციატივო ჯგუფის ან შესაბამისი დაწესებულების/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ კანდიდატის წარდგენის საფუძველზე.
2. თითოეული კანდიდატის შეფასებას და ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგნას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია.
3. კომისია შეფასების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს. ჯილდოს გაცემა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში მინისტრი უფლებამოსილია ამ წესის მე-6 მუხლისაგან განსხვავებული კრიტერიუმების საფუძველზე გასცეს ჯილდო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგენის საფუძველზე ან მის გარეშე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი).
მუხლი 6🔗.
შეფასების კრიტერიუმები
1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დაწესებულებისათვის დამატებითი რესურსების მოძიება (ბიბლიოთეკის გამართულობა, მცირე გრანტების პროგრამებში მონაწილეობა);
ბ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების და წახალისების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება;
გ) დაწესებულების თანამშრომელთა და მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სოციალური მედიის კომპონენტების განვითარების ხელშეწყობა;
ვ) მშობლებთან და დაინტერესებულ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის პროცესის ჩამოყალიბება და განვითარება.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) სამუშაო გამოცდილება;
ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში მონაწილეობა;
გ) მოსწავლეების პროგრესი (მოსწავლეთა ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვება);
დ) დამატებით პროგრამებში, პროექტებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) სახელმძღვანელოს ან ნაშრომის ავტორობა/თანაავტორობა;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) სამუშაო გამოცდილება;
ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში მონაწილეობა;
გ) დამატებით პროგრამებში, პროექტებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) სახელმძღვანელოს ან ნაშრომის ავტორობა/თანაავტორობა;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) სამუშაო გამოცდილება;
ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში მონაწილეობა;
გ) პროგრამებში, პროექტებში და სხვა ღონისძიებებში ჩართულობა;
დ) გამოგონებების დანერგვა;
ე) პროფესიაში ახალი მეთოდების ადაპტაცია და მოდიფიკაცია;
ვ) სახელმძღვანელოს ან ნაშრომის ავტორობა/თანაავტორობა.
5. სამინისტროს/სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების:
ა) ხელმძღვანელობის შეფასების კრიტერიუმებია:
ა.ა) ინოვაციური იდეების ჩამოყალიბება და განვითარება;
ა.ბ) არსებული სისტემის დახვეწა და მოდიფიცირება;
ა.გ) თანამშრომლეთა პროფესიულ განვითარების და წახალისების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება;
ბ) თანამშრომლების შეფასების კრიტერიუმებია:
ბ.ა) ინოვაციური იდეების ჩამოყალიბებაში და განვითარებაში მონაწილეობა;
ბ.ბ) არსებული სისტემის დახვეწაში და მოდიფიცირებაში მონაწილეობა;
ბ.გ) საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა.
6. ჯილდოს გადასაცემად არ არის სავალდებულო ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის ერთდროულად დაკმაყოფილება.
მუხლი 7🔗.
ჯილდოს გადაცემის წესი
1. დასაჯილდოებელ პირს ჯილდო გადაეცემა პირადად ან საზეიმო ვითარებაში. ჯილდოს გადასცემს მინისტრი, პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.
2. დაჯილდოებული თანამშრომლის პირად საქმეში თავსდება დაჯილდოების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი ან ამონაწერი.
მუხლი 8🔗.
ჯილდოს მოპყრობის წესი
1. აკრძალულია ჯილდოდ გადაცემულ სამკერდე ნიშანზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა. დაჯილდოებული პირი ვალდებულია ჯილდოს მოეპყრას შესაბამისად.
2. სამკერდე ნიშნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაჯილდოებული პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს.
3. დაჯილდოებულ პირს შეიძლება ჩამოერთვას ჯილდო, თუ გამოავლენს მის მიმართ უღირს ან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ან მისი დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეული იქნება ამგვარი ქმედებით.
4. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაჯილდოებულ პირს ჯილდო განმეორებით არ გადაეცემა.