„დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.05.2013
ძალაში შესვლა 01.06.2013
ძალის დაკარგვა 16.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №17.02.622
სარეგისტრაციო კოდი 010260040.37.101.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქ. თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე | ქ. თბილისის მერის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
„დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №17.02.622
2013 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე
დასუფთავების სფეროს მართვის გაუმჯობესების მიზნით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის „რ” და „ს” ქვეპუნქტების, 441 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი” (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის № 16.08.651 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის 2013 წლის 1 ივნისიდან.ქ. თბილისის მერის მოადგილედავით ალავიძე
დანართი 1
დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.
2. თბილისში უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია:
ა) ორგანიზება გაუკეთოს დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;
ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.
3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ქ. თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება:
ა) უშუალოდ საქალაქო სამსახურის მეშვეობით;
ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;
გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით;
დ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;
ე) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.
4. ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირების მიერ შეიძლება განხორციელდეს ცალ-ცალკე ან სრულად.
5. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
6. ქალაქ თბილისის მთავრობას დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების სფეროში უფლებამოსილებები შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს.
7. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
9. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
10. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორები, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის, ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირებისა და, შესაბამისად უფლებამოსილი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებიდან;
ბ)საყოფაცხოვრებო ნარჩენები – დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;
გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;
ე) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ და/ან მავნე ნივთიერებებს;
ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;
ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი და/ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე;
თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;
ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.;
კ) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავება მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა;
ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის,
მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება, გაუვნებლება, განთავსება;
ნ) მომხმარებელი – დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;
ო) ოპერატორი – დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირი;
პ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად;
ჟ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;
რ) ნარჩენების გაუვნებლება – ნარჩენების დამუშავება, განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით;
ს) მოსაკრებელი – ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;
ტ) მოსაკრებლის გადამხდელი – მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს;
უ) აბონენტი - თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელ სამსახურში ან ოპერატორთან;
ფ) სამსახური – ქ.თბილისის მთავრობის მიერ უფლებამოსილი შესაბამისი სამსახური;
ქ) ინდივიდუალური მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.
მუხლი 3🔗. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი
1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი ქ. თბილისში მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლებას, განთავსებას.
2. დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების მაშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ველოსიპედით სავალ ბილიკებს, კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით.
3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.
4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
5. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია.
6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. ამ პროცესის დაწყებისა და შესაგროვებელი სახეობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
7. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.
მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლება და მოვალეობა
1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდ.მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე;
3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს დედაქალაქში მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს.
4. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.
5. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა.
6. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.
7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
8. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება
1. დედაქალაქში ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი სათავსები.
2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან ქ. თბილისის მთავრობის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.
4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს ქ. თბილისის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სამსახურსა ან ოპერატორთან.
5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.
6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის, ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.
8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.
10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყროს სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.
11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.
12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს.
13. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა სამსახურს ან ოპერატორს.
14. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში.
15. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება სამსახურის ან ოპერატორის შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ.
მუხლი 6🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომელიც თავისი შემცველობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს ცალკე შეგროვებას (გარდა იმ სახიფათო ნარჩენებისა, რომელთა გადაზიდვა-განთავსება რეგულირდება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით), სამსახურს ან ოპერატორს უფლება აქვს, ცალკე განსაზღვრულ დროს, გამოყოს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის.
მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება
1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, განსაზღვრულ დროს.
2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
3. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია.
მუხლი 8🔗. ნარჩენების საკუთრება
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, ხოლო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა.
2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. სამსახური ან ოპერატორი არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს.
3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ქ. თბილისის მთავრობას უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები მის მიერ დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს.
4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი ქ. თბილისის მერიის შესაბამისად უფლებამოსილი სამსახური ან ოპერატორი არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში.
მუხლი 9🔗. მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი
1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.
2. სავალდებულოა მოსაკრებლის, გადახდა დადგენილ ვადებში.
3. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად.
მუხლი 10🔗. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება
1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია და/ან გაუვნებლება.
2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვის ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
3. ნარჩენების განთავსება და გაუვნებლება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე.
4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების განთავსებისა და გაუვნებლების ობიექტებზე.
მუხლი 11🔗. ტექნოლოგიები დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში
დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული. მტვერსასრუტი, მექანიკური დამგველი მანქანები, მუშაობის დროს არ უნდა წარმოქმნიდნენ მტვერს და ა.შ.) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს დედაქალაქის განაშენიანებით მრავალფეროვან და რელიეფით რთული ქუჩებისა და მოედნების მომსახურებას და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიკურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით.
მუხლი 12🔗. ოპერატორის შერჩევა მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით
1. ქ. თბილისის მთავრობამ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და/ან ნარჩენების მართვის მომსახურება ოპერატორის შერჩევის წესით შეიძლება განახორციელოს მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით განხორციელების შემთხვევაში.
2. ოპერატორის შერჩევა უნდა მოხდეს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. ოპერატორის ან/და ოპერატორების შერჩევა კონკურსის წესით
1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნაჩენების მართვის მომსახურება განახორციელოს კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით.
2. კონკურსის პირობები მტკიცდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ.
მუხლი 14🔗. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით
ქ. თბილისის მთავრობამ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობის მიერ დადგენილი წესებით.
მუხლი 15🔗. მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენა
1. სამსახურის ან ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს სამსახურის ან ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე თბილისში დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესებს ადგენს ქ. თბილისის მთავრობა.