შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2013
ძალაში შესვლა 31.05.2013
ძალის დაკარგვა 01.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017300
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2013
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №135
2013 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სახსრებით საქონლისა
და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის
დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 31 მაისიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მიერ სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „თეთნულდი დეველოპმენტი”;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ზ) გამარტივებული შესყიდვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივებული) შერჩევა;
თ) პირობათა გამოკითხვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივებული საშუალება;
ი) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
კ) ელექტრონული ტენდერი – ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
ლ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც მონაწილეობს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში;
მ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტს” აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;
ნ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
ო) კომისია – შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტის” ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
მუხლი 3🔗. შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” უფლება-მოვალეობები
შპს „თეთნულდი დეველოპმენტი” უფლებამოსილია:
ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები;
ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „თეთნულდი დეველოპმენტისათვის” წამგებიანი აღმოჩნდება;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება საკვალიფიკაციო მონაცემებისა და პირობათა გამოკითხვის წინადადების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. შპს „თეთნულდი დეველოპმენტი” შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი
1. შესყიდვის საშუალებებია:
ა) გამარტივებული შესყიდვა;
ბ) პირობათა გამოკითხვა;
გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;
დ) ელექტრონული ტენდერი.
2. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთის არსებობისას:
ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 150 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება;
გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ე) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
ვ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
ზ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა;
თ) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან კომისია.
4. შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას შემდეგ შემთხვევებში:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ - „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
გ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა;
5. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
6. შპს „თეთნულდი დეველოპმენტი”-ს ხელმძვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განხორციელდეს ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” ხელმძღვანელი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა” გაითვალისწინოს განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „თეთნულდი დეველოპმენტი” საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10🔗. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 11🔗. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.
4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – შესყიდვის ობიექტის ნიმუში;
ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.
5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა.
6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.
7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.
8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 12🔗. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე და დროს.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დოკუმენტაციაში არ მიუთითოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში ძალაში რჩება და ფიქსირდება პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების პირვანდელი ფასი.
5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.
8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „თეთნულდი დეველოპმენტს” შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14🔗. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა ან, კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
მუხლი 15🔗. ხელახალი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” ხელმძღვანელს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 16🔗. შესყიდვის შესახებ გარიგების (ხელშეკრულების) გაფორმების წესი
1. შესყიდვის შესახებ გარიგება (ხელშეკრულება) იდება წერილობითი ფორმით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას;
ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;
გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას;
დ) შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.
3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი.
4. ხელშეკრულების შესრულებისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) და მისი ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
ბ) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს;
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 1%-დან 5%-მდე ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;
დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.
7. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
8. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 17🔗. ანგარიშის წარდგენა
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მიერ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვებზე ინფორმაცია წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 18🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.