საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.023.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №41
2013 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი’’ თანდართული რედაქციით.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
2.
ეს წესი ვრცელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე.
მუხლი 2🔗.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპები
კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 3🔗.
კომისიის შექმნა და ფუნქციები
1.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროში იქმნება კომისია.
2.
კომისიის ფუნქციებია:
ა)
პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და პირადი შესაძლებლობების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ)
თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
კომისიის შემადგენლობა
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
კომისიის თავმჯდომარეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3.
კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4.
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5.
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის მდივანს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას.
6.
კომისიაში შესაძლებელია შედიოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
7.
მოხელე (პირი) არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი კონკურსი/ატესტაცია.
მუხლი 5🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1.
კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება მინისტრი ან მისი მოადგილე.
2.
კომისიის თავმჯდომარე:
ა)
განსაზღვრავს კომისიის წევრთა შემადგენლობას და ნიშნავს კომისიის წევრებს;
ბ)
წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
გ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს;
დ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის მდივანს;
ე)
უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო;
ვ)
ქმნის კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი საფუძვლებით;
ზ)
უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;
თ)
ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
კომისიის სამდივნო
1.
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2.
კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს სამდივნოს უფროსს და განსაზღვრავს სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას.
3.
სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისთვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:
ა)
კანდიდატის განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება, შენახვა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
ბ)
დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა;
გ)
კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება.
4.
კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 7🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1.
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
2.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 9🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან ან საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
თავი III
კონკურსი
მუხლი 10🔗.
კონკურსის მიზანი და ამოცანები
1.
კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2.
კონკურსის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 11🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამინისტრო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.
2.
შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა)
დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს და რაოდენობას;
ბ)
კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები);
გ)
შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოვალეობებს;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე)
კომისიის მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ვ)
აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას.
3.
კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს შესაბამისი დაწესებულება.
მუხლი 12🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2.
კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10 - დღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან.
მუხლი 13🔗.
მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს
1.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 14🔗.
კონკურსის ჩატარების პროცედურა
1.
კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა)
წერითი დავალება;
ბ)
სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ)
გასაუბრება.
2.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 15🔗.
კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1.
კომისია საკონკურსო ეტაპის/ეტაპების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს.
2.
კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3.
კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5.
კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 16🔗.
ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ასევე თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
ატესტაცია
მუხლი 17🔗.
ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზნებია:
ა)
მოხელის/მინისტრის მიერ თანამდებობაზე დანიშნული სხვა პირის (შემდგომში – პირი) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ)
მოხელის/პირის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ)
საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ)
მოხელის/პირის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე)
მოხელის/პირის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ)
მოხელის/პირის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
ზ)
მოხელეთა/პირთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
მუხლი 18🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1.
ატესტაციას ექვემდებარება:
ა)
მოხელე/პირი 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ)
კანდიდატი მოხელის/პირის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2.
ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა)
მოხელე/პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ბ)
მოხელე/პირი, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით.
3.
მოხელე/პირი, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
მუხლი 19🔗.
ატესტაციის დრო
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 20🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1.
ატესტაციას ატარებს კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის/პირის უშუალო ხელმძღვანელი სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარადგენს დახასიათებას საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის“ დანართი №1-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე/პირი.
3.
მოხელეს/პირს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას უზრუნველყოფს სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამართველო.
მუხლი 21🔗.
ატესტაციის ჩატარების ფორმები
1.
ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით:
ა)
ტესტირება ან/და სხვა წერითი დავალება;
ბ)
გასაუბრება.
2.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, საატესტატო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.
3.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის/პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის/პირის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
4.
ატესტაციის დროს მოხელესთან/პირთან გასაუბრებას შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
5.
ატესტაციაზე მოხელის/პირის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე/პირი კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 22🔗.
მოხელის/პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.
ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
2.
ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა)
მოხელე/პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
მოხელე/პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)
მოხელე/პირი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)
მოხელე/პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
3.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის/პირისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის შედეგები
1.
კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის/პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის“ №2 დანართში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის/პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3.
მოხელე/პირი საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4.
ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მინისტრს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5.
კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის/პირის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე/პირი არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, მინისტრს უფლება აქვს მოხელე/პირი გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
მუხლი 24🔗.
ატესტაციისა და კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.