განჩინება სს ”დაიმონდ დეველოპმენტი”-ს გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/4471-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2013 წლი ს 5 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: სს „დაიმონდ დეველოპმენტი” (ს/კ 205294894)
წარმომადგენელი: დარეჯან კალანდაძე (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „დაიმონდ დეველოპმენტის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 3 აპრილს განცხადებით მიმართა სს „დაიმონდ დეველოპმენტის” დირექტორმა დარეჯან კალანდაძემ და ითხოვა სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) ერთადერთი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 49 193,63 (ორმოცდაცხრა ათას ას ოთხმოცდაცამეტი მთელი სამოცდასამი მეასედი) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება და ფულადი სახსრები, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ერთადერთი კრედიტორის მოთხოვნა. ამ გარემოებებზე მითითებით დირექტორი დარეჯან კალანდაძე ითხოვდა სს „დაიმონდ დეველოპმენტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით სს „დაიმონდ დეველოპმენტს” უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამ განჩინებით სს „დაიმონდ დეველოპმენტის” კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების საჯაროდ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე არ შეიტანდა სასამართლოში განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მაშინ სს „დაიმონდ დეველოპმენტი” გამოცხადდებოდა გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმებას.
2013 წლის 8 აპრილის განჩინება სს „დაიმონდ დეველოპმენტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2013 წლის 18 აპრილს (იხ. ინტერნეტ გვერდიდან მოძიებული ინფორმაცია). კრედიტორთაგან დღემდე სასამართლოსათვის არავის მოუმართავს.
სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და სათანადო სამართლებრივ საფუძველთა ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სს „დაიმონდ დეველოპმენტი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად. კერძოდ:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განსახილველი წარმოების ფარგლებში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და კრედიტორთა უმოქმედობა ქმნის იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელთა არსებობა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის შესაბამისად განაპირობებს სს ”დაიმონდ დეველოპმენტის” გაკოტრებულად გამოცხადებას, რაც თავის მხრივ მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „დაიმონდ დეველოპმენტი” (ს/კ 205294894) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს სს „დაიმონდ დეველოპმენტის” რეგისტრაცია.
2. განჩინება სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) ხარჯით გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.
3. ამ განჩინების გამოტანის თაობაზე ეცნობოთ მოვალის მიერ მითითებულ კრედიტორებს.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე : ბესიკ სისვაძე