საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2013
ძალის დაკარგვა 22.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №835
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.12.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№835
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის №1003 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის
J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების
დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანომდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდგომ - გაერთიანებული შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით `საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი~, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის ჯარის სახეობის ქვედანაყოფების), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - სამინისტრო), მართვისა და კონტროლის სისტემის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვა, აღსრულებაზე კონტროლი და შეფასება, როგორც მშვიდობიანი, ასევე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;
ბ) სამინისტროს კავშირგაბმულობის სისტემების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა;
გ) სამინისტროს კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნება;
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის კავშირგაბმულობით და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და კონტროლი;
ბ) ოპერაციების და სწავლებების კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვა და აღსრულებაზე კონტროლი;
გ) სამინისტროს ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება;
დ) სამინისტროს კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების პროცედურების განსაზღვრა და მათი განხორციელების კონტროლი;
ე) სამინისტროს ინფორმაციული სისტემების ადმინისტრირებაზე კონტროლი;
ვ) სამინისტროს კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების შესაძლებლობების ანალიზი;
ზ) კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და ანალიზი სამინისტროში მათი შესაძლო დანერგვისათვის;
თ) სამინისტროში კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დანერგვა, მათი ინტეგრაცია და შემდგომი განვითარება;
ი) კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვა და აღსრულებაზე კონტროლი;
კ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მიმართულებით;
ლ) კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა და მომხმარებელთა სწავლება/გადამზადების მიზნით კომპლექსური მოთხოვნების განსაზღვრა შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგანგებო სიტუაციების დროს მწყობრიდან გამოსული საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელების აღდგენითი სამუშაოების შესრულება; საგანგებო სიტუაციების რეგიონალურ და ადგილობრივ შტაბებს შორის კავშირების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების კავშირგაბმულობის სამსახურებთან კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
დ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) აძლევს მითითებებს დეპარტამენტის პირად შემადგენლობას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნაზე;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;
დ) კოორდინაციას უწევს სამმართველოების მუშაობას;
ე) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას;
ვ) მონაწილეობს დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნის გეგმებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებაში.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინფორმაციული სისტემების სამმართველო;
ა.ა.) კომპიუტერული ქსელების განყოფილება;
ა.ბ.) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება;
ა.გ.) სატელეფონო კავშირების განყოფილება;
ბ) რადიოკავშირების სამმართველო;
ბ.ა.) რადიო და რადიოსარელეო კავშირების განყოფილება;
ბ.ბ.) რადიოკავშირების უსაფრთხოებისა და სიხშირეთა მართვის განყოფილება;
გ) ახალი ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო;
გ.ა.) ახალი ტექნოლოგიებისა და განვითარების განყოფილება;
გ.ბ.) შეფასებისა და ანალიზის განყოფილება;
დ) ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის სამმართველო;
დ.ა.) რესურსების მართვის განყოფილება;
დ.ბ.) ტექნიკური ექსპლუატაციის დაგეგმვის განყოფილება;
2. ინფორმაციული სისტემების სამმართველო მასში შემავალი კომპიუტერული ქსელების, პროგრამული უზრუნველყოფის და სატელეფონო კავშირების განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს:
ა) ინფორმაციული სისტემების, სატელეფონო და საფელდეგერო კავშირების დაგეგმვას, ამ სისტემებისა და კავშირების ტექნიკური მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზს;
ბ) ინფორმაციული სისტემების, სატელეფონო და საფელდეგერო კავშირების ადმინისტრირებასა და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებაზე კონტროლს;
გ) ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების პროცედურების შესრულებას და კონტროლს;
დ) შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავებას.
3. რადიოკავშირების სამმართველო - მასში შემავალი რადიო და რადიოსარელეო კავშირების, რადიოკავშირების უსაფრთხოებისა და სიხშირეთა მართვის განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს:
ა) რადიო და რადიოსარელეო კავშირების დაგეგმვას სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე;
ბ) არსებული რადიო და რადიოსარელეო ქსელების შესაძლებლობების შეფასებას, ანალიზს და მათ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებაზე კონტროლს;
გ) სამინისტროზე გამოყოფილი სიხშირული სპექტრის მართვას;
დ) რადიოკავშირების წარმოების უსაფრთხოების პროცედურების განსაზღვრას და მათი შესრულების კონტროლს;
ე) შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას შეიარაღებული ძალებისათვის.
4. ახალი ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო - მასში შემავალი ახალი ტექნოლოგიებისა და განვითარების, შეფასებისა და ანალიზის განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს:
ა) ახალი ტექნოლოგიების შესწავლასა და ანალიზს მათი შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციულ სისტემებში შესაძლო დანერგვისათვის;
ბ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების პერსპექტიული გეგმების შემუშავებას;
გ) დოქტრინული დოკუმენტების შემუშავებას, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების დაგეგმვის პროცედურების კოორდინაციას, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების NATO-სთან თავსებადობის განსაზღვრასა და NATO-ს სტანდარტიზებული დოკუმენტების მოთხოვნების რეალიზაციას შეიარაღებულ ძალებში;
დ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტების საბრძოლო მომზდების შეფასებასა და ანალიზს.
5. ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის სამმართველო - მასში შემავალი რესურსების მართვის და ტექნიკური ექსპლუატაციის დაგეგმვის განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს:
ა) შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას და მის აღსრულებაზე კონტროლს;
ბ) შეიარაღებულ ძალებში არსებული კავშირგაბმულობის რესურსების გამოყენებისა და შევსების ანალიზს;
გ) სხვა სახელმწიფო უწყებებიდან და იურიდიული პირებიდან სამინისტროსათვის მოწოდებული მომსახურების დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის დროულ წარდგენას შესაბამის სამსახურებში;
დ) შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის საშუალებების ტექნიკური ექსპლუატაციის დაგეგმვას, ტექნიკური მომსახურების და რემონტის საორგანიზაციო ღონისძიებების დასახვას და მათი შესრულების კონტროლს.
6. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.
8. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.