„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“
მიღების თარიღი 19.06.2013
ძალაში შესვლა 01.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-25/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-25/ნ
2013 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 891 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნები (დანართი 1);
ბ) სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია (დანართი 2).
2.
აღნიშნული ბრძანების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
დანართი 1
პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება უნდა ახორციელებდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვას ამბულატორიულ დონეზე, გერიატრიულ და პალიატიურ მზრუნველობას.
2. პირველადი ჯანმრთელობის მომსახურების მიწოდებას აწარმოებს გუნდ(ებ)ი, რომელიც შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისგან. ამასთან, ექიმი სპეციალისტი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, ან უბანზე მომუშავე ექიმი სპეციალისტი, სერტიფიცირებული სპეციალობაში - „შინაგანი მედიცინა“/„პედიატრია“ (სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში).
მუხლი 2🔗. მოთხოვნები პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ინფრასტრუქტურისადმი
1. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს:
ა) მოსაცდელი და რეგისტრატურის ფართი -არანაკლებ 12 მ2;
ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი (ერთ გუნდზე) -არანაკლებ 12 მ2 ;
გ) იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაცია ხორციელდება ადგილზე (ოფისში) სამანიპულაციო/საპროცედურო ფართი -არანაკლებ 12 მ2;
2. დაწესებულება უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყალმომარაგებითა და სანიტარული კვანძით.
3. პაციენტის საკონსულტაციო და სამანიპულაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
4. გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ პანდუსი).
მუხლი 3🔗. მოთხოვნები პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად
1. სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო მოხმარების საგნებიდან უნდა გააჩნდეს:
ა) სამედიცინო მოწყობილობა: სფიგმომანომეტრის, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები, პაციენტის გასასინჯი ტახტი;
ბ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის თანახმად.
2. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
3. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) ბასრი საგნებისა და გამოყენებული შპრიცების მოსაგროვებლად უსაფრთხო ყუთებისა და სათანადო კონტეინერების გამოყენებას;
ბ) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმით გამოყენებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის თვალსაჩინო/ხელმისაწვდომ ადგილას განთავსებას.
დანართი 2
სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია
1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია - სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად:
ა) სიცოცხლის შემანარჩუნებელი;
ბ) ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი.
2. სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია - მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია.
3. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია – ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე).
4. გეგმიური ინტერვენცია - იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში.