სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.06.2013
ძალაში შესვლა 19.06.2013
ძალის დაკარგვა 10.08.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ნომერი №122/37
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,322 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2013 მიღება
19.06.2013 ძალაში შესვლა
10.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №122/37 2013 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლებისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის  2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესი თანდართული სახით. მუხლი 2🔗 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესი განთავსდეს სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას, საჯაროდ  გაცნობისათვის. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  შინაგანაწესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) შინაგანაწესით (შემდგომში –  შინაგანაწესი) განსაზღვრულია  შემდეგი  საკითხები: ა) სამუშაო დროის დასაწყისი  და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) სამსახურში არყოფნის შეტყობინებისა და სამსახურიდან დროებით გათავისუფლების წესი; დ)  შვებულება და საავადმყოფო ფურცელი; ე) სამსახურებრივი მივლინება; ვ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ყოფნის პირობები და წესი; ზ) სამსახურებრივ საკითხებზე სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებების მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; თ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი; ი) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები; კ) დისციპლინური პასუხისმგებლობა; ლ) წახალისების ფორმები. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სამსახურის ყველა მოსამსახურეზე (შემდგომში – მოსამსახურე). 3. შინაგანაწესის მიზნებია: ა) მოსამსახურეების მიერ დაკისრებული ფუნქციების სრულად და ეფექტიანად განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ბ) სამსახურის ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეებს შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება; გ) შრომის  დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა; ე) სამსახურებრივი მოვალეობების  შესრულების ოპერატიულობის ამაღლება. მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული 1. სამუშაო დრო კალენდარული დროის ნაწილია, რომლის განმავლობაშიც მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები. 2. ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, სამსახურში ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება 8 (რვა)  საათით. 3. მოსამსახურის  სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის დრო აღირიცხება შენობაში განთავსებულ ტურნიკეტზე (აღრიცხვის სისტემა), სამსახურებრივი მოწმობის (საშვის) გატარების დროიდან. ტურნიკეტის ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა მიზეზით აღრიცხვიანობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსამსახურის  სამსახურში ყოფნის დრო (პერიოდი) კონტროლდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ. 4. სამუშაო დრო იწყება 9:30 საათზე და სრულდება 18:30 საათზე. 5. საპატიოდ ჩაითვლება 9:30 საათიდან – 9:45 საათამდე სამსახურში გამოუცხადებლობა.   6. მოსამსახურეს არასაპატიოდ ჩაეთვლება სამსახურში 9:45 საათიდან დაგვიანებით გამოცხადება და სამუშაო დროის დასრულებამდე სამსახურის დატოვება. აღნიშნული განიხილება როგორც დისციპლინური გადაცდომა, გარდა ამ შინაგანაწესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოსამსახურეებზე, რომლებზეც სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილია ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი, ასევე იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ იმყოფებიან სამსახურის შენობაში.  მუხლი 3🔗. დღის განმავლობაში შესვენების დრო 1. სამსახურში სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება 13:00 საათიდან - 14:00 საათამდე. 2. სამსახურის შენობიდან 13:00 საათზე ადრე გასვლა და 14:00 საათზე გვიან შენობაში შემოსვლა ჩაითვლება არასაპატიოდ და განიხილება, როგორც დისციპლინური გადაცდომა, გარდა ამ შინაგანაწესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. მოსამსახურეს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ მოსამსახურეებზე, რომლებზეც სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილია ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი, ასევე იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ იმყოფებიან სამსახურის შენობაში.  მუხლი 4🔗. სამსახურში არყოფნის შეტყობინებისა და სამსახურიდან დროებით გათავისუფლების წესი 1. თუ მოსამსახურე სამსახურში ვერ ცხადდება დადგენილ დროს ან მას სამუშაო საათების განმავლობაში ესაჭიროება სამსახურის შენობიდან გასვლა, იგი ვალდებულია სიტყვიერად შეუთანხმდეს უშუალო ხელმძღვანელს და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისწეროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, სამსახურში გამოცხადებისთანავე)  ელექტრონულ ფოსტაზე (hrinfo@sao.ge), რომ მისი სამსახურში არყოფნა ან სამუშაო დროს დროებით შენობიდან გასვლა  შეთანხმებულია უშუალო ხელმძღვანელთან (აღნიშნული წერილის ასლი ეგზავნება მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელსა და შიდა აუდიტის დეპარტამენტს (intaudit@sao.ge). 2. მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელმა, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე (hrinfo@sao.ge), ყველა ადრესატის მისამართით  უნდა მოიწეროს შესაბამისი პასუხი. იმ შემთხვევაში, თუ  უშუალო ხელმძღვანელს კონკრეტული მომენტისათვის ხელი არ მიუწვდება  ინტერნეტზე, იგი ვალდებულია, მიმდინარე ან მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე  დაადასტუროს (ან უარყოს) თანამშრომლის დროებით გათავისუფლების საკითხი. მუხლი 5🔗. შვებულება და საავადმყოფო ფურცელი 1. მოსამსახურეს  უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში 30 კალენდარული დღით. 2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღის ოდენობით. 4. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება მოსამსახურეს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 6. ანაზღაურებადი ან/და ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას, მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების  საფუძველზე,  1 კვირით ადრე აკეთებს განაცხადს შვებულების მოთხოვნის  შესახებ, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი ან სხვა პირობების გამო. 7. მოსამსახურის მიერ საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენისას, მისი დროებით შრომისუუნარობის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დრო ჩაითვლება საპატიოდ, შეუნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). 8. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე - შვებულების შეწყვეტის გზით. 9. სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების გადატანა დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. სამსახურებრივი მივლინება 1. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მოსამსახურე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებში  ან  საზღვარგარეთის ქვეყნებში. 2. მოსამსახურეთა მივლინებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები  რეგულირდება  სამსახურში შემუშავებული შესაბამისი სამივლინებო ფორმით. 3. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მუხლი 7🔗. დასვენებისა და სადღესასწაულო  დღეებში, აგრეთვე  ყოველდღიური სამუშაო  დროის  დამთავრების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ყოფნის პირობები და წესი 1. სამსახურის გენერალურ აუდიტორს უფლება  აქვს მოსამსახურეთა ზეგანაკვეთური მუშაობის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში მოსამსახურეებს დაუწესოს სხვა დანამატები მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებისა და ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. უქმე დღეებში, შესვენებისას ან ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურის მოსამსახურეების შრომის  ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური აუდიტორი. მუხლი 8🔗. სამსახურებრივ  საკითხებზე  სამსახურის  გენერალური  აუდიტორის ბრძანებების  მოსამსახურეებამდე  დაყვანის წესი 1. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოსამსახურეებზე გენერალური აუდიტორის მიერ გამოცემული ბრძანება შესაძლებელია ეხებოდეს სამსახურის ერთზე მეტ მოსამსახურეს (პირთა შეზღუდულ წრეს) ან  მხოლოდ  ერთ  მოსამსახურეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება, რომელიც ეხება სამსახურის ერთზე მეტ მოსამსახურეს (პირთა შეზღუდულ წრეს), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი წესით, ცხადდება საჯაროდ (რაც გულისხმობს სამსახურის შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას მის განთავსებას) ან/და აღნიშნულ პირებს ეცნობებათ ფოსტით, მათ შორის, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება, რომელიც ეხება  სამსახურის მხოლოდ ერთ მოსამსახურეს,  გასაცნობად გადაეცემა შესაბამის მოსამსახურეს და დასტურდება  მისი ხელმოწერით ან ეგზავნება ფოსტით. მუხლი 9🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი სამსახურში ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ (ყოველი თვის მესამე დეკადაში), რომელიც  მოსამსახურეს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 10🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები 1. მოსამსახურეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის გენერალური აუდიტორის სამართლებრივი აქტებით. 2. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაოდ აღიარებული  უფლებებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამსახურის შენობაში თამბაქოს მოხმარება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ შესაბამის ადგილას. მუხლი 11🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის, სამსახურის რეგლამენტის, სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით განსაზღვრული მოვალეობების (მათ შორის, სამსახურში დაგვიანება, სამსახურიდან სამუშაო დროზე ადრე წასვლა და ა.შ.) დარღვევის შემთხვევაში,  სამსახურის მიერ მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. 2. სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ რეგლამენტის, ეთიკის კოდექსის, ამ შინაგანაწესის, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენასა და მათ პრევენციას, ამზადებს წინადადებებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სამსახურის ადმინისტრაციასთან ერთად. აღნიშნული წინადადებები (ინფორმაცია) კონკრეტული გადაცდომის ჩადენიდან 2 კვირის ვადაში წარედგინება გენერალურ აუდიტორს, რომელიც თავის მხრივ, 2 კვირის ვადაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ  პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. 3. იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი აქვთ ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი, ამ გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი. მუხლი 12🔗. წახალისების ფორმები 1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი ან/და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, გენერალური აუდიტორის მიერ მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) უწყებრივი ჯილდო, სიგელი; გ) ერთდროული ფულადი ჯილდო; დ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; ე) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. გენერალური აუდიტორის მიერ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.