„საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 05.10.2012
ძალაში შესვლა 01.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოსათვის:
ნომერი №21/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2013
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| საქართველოსათვის: | ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსათვის: |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის | Très Secret Lux |
| სრულიად საიდუმლო | Secret Lux |
| საიდუმლო | Confidentiel Lux |
| შეზღუდული სარგებლობისთვის | Restreint Lux |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“
საქართველოს მთავრობა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”,
სურთ რა, უზრუნველყონ მხარეებს ან მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი და გამოყენების სფერო
1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაიცვალა ან წარმოიშვა.
2. წინამდებარე შეთანხმება აწესრიგებს ნებისმიერ მოქმედებას და გამოყენებული იქნება მხარეებს შორის დადებული ნებისმიერი კონტრაქტის ან შეთანხმების, აგრეთვე მხარეებს შორის გაცვლილი ნებისმიერი დოკუმენტის მიმართ, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.
მუხლი 2🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის, ქვემოთ მოყვანილ განმარტებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
საიდუმლო ინფორმაცია: სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, მიუხედავად მათი ფორმისა, რომელიც გადაიცემა ან წარმოიშობა მხარეებს შორის თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოითხოვს დაცვას უკანონოდ გამჟღავნების, მითვისების ან დაკარგვისაგან და რომელზეც აღნიშნულია შესაბამისი საიდუმლოების გრიფი.
საიდუმლო კონტრაქტი: კონტრაქტი ან ქვეკონტრაქტი, მათ შორის კონტრაქტის მოსამზადებელი მოლაპარაკებები, რომელიც მოიცავს საიდუმლო ინფორმაციას ან გულისხმობს მასთან გაცნობას.
კონტრაქტორი: ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უნარი, დადოს კონტრაქტი ან ქვეკონტრაქტი.
კომპეტენტური ორგანო: ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებასა და ზედამხედველობაზე მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება: კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ფიზიკურ პირებსა და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
წარმომშობი მხარე: მხარე, მათ შორის მის იურისდიქციაში მყოფი ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აწვდის საიდუმლო ინფორმაციას მიმღებ მხარეს.
მიმღები მხარე: მხარე, მათ შორის მის იურისდიქციაში მყოფი ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას წარმომშობი მხარისგან.
მესამე მხარე: სახელმწიფო, მათ შორის მის იურისდიქციაში მყოფი ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს.
ცოდნის საჭიროება: პრინციპი, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება ენიჭება ფიზიკურ პირს მხოლოდ თავისი სამსახურებრივი მოვალეობებიდან ან დავალებებიდან გამომდინარე.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. მხარეების მიერ განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები, რომელთა პასუხისმგებლობაში შედის წინამდებარე შეთანხმების ზოგადი შესრულება და მისი ყველა ასპექტის სათანადო კონტროლი, არის:
a) საქართველოსათვის:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსათვის:
დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ეროვნული უშიშროების ორგანო.
2. კომპეტენტურმა ორგანოებმა წერილობით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს იმ ნებისმიერი სხვა კომპეტენტური ორგანოს შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე.
3. მხარეებმა წერილობით უნდა აცნობონ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.
მუხლი 4🔗
საიდუმლოების ხარისხები
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემულ საიდუმლო ინფორმაციას მინიჭებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი საიდუმლოების ხარისხი, მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
2. ეროვნული საიდუმლოების ხარისხებს გააჩნია შემდეგი ეკვივალენტობა:
საქართველოსათვის:
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსათვის:
ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე:
განსაკუთრებული მნიშვნელობის
Très Secret Lux
Top Secret
სრულიად საიდუმლო
Secret Lux
Secret
საიდუმლო
Confidentiel Lux
Confidential
შეზღუდული სარგებლობისთვის
Restreint Lux
Restricted
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობა
1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაცია გააცნოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ცოდნის საჭიროება და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამისი დაშვება და რომლებიც უფლებამოსილნი არიან გაეცნონ ასეთ ინფორმაციას, აგრეთვე რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება.
2. მხარეებმა ორმხრივად უნდა აღიარონ მათი შესაბამისი საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებები.
მუხლი 6🔗
უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა
1. უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით, კომპეტენტურმა ორგანოებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციის დაცვის თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის შესახებ. ამ მიზნით კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ერთმანეთთან განახორციელონ ვიზიტები.
2. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს უსაფრთხოების განსაკუთრებული რისკების შესახებ, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან გადაცემულ საიდუმლო ინფორმაციას.
3. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოები უნდა დაეხმარნონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების პროცედურების განხორციელებაში.
4. კომპეტენტურმა ორგანოებმა წერილობით დროულად უნდა აცნობონ ერთმანეთს ორმხრივად აღიარებულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 7🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის ისეთივე დაცვა, როგორც ისინი იცავენ თავიანთ ეკვივალენტური საიდუმლოების ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.
2. წარმომშობი მხარე ვალდებულია:
a) უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაცია აღნიშნული იყოს სათანადო საიდუმლოების გრიფით, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
b) აცნობოს მიმღებ მხარეს:
- საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ნებისმიერი პირობის ან მის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ;
- გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხის ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.
3. მიმღები მხარე ვალდებულია:
a) წერილობით დაადასტუროს საიდუმლო ინფორმაციის მიღება;
b) უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაცია იყოს აღნიშნული ეკვივალენტური საიდუმლოების გრიფით მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; და
c) უზრუნველყოს, რომ საიდუმლოების ხარისხი არ შეიცვლება წარმომშობი მხარის წერილობითი ნებართვის გარეშე.
4. მიმღებმა მხარემ უნდა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც ის გადაიცა და იმ შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც დადგენილია წარმომშობი მხარის მიერ.
5. მიმღებმა მხარემ არ უნდა გადასცეს საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეს წარმომშობი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 8🔗
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა
მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადაიცეს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, დიპლომატიური და სამხედრო არხებით, ან ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარი შეთანხმებით დამტკიცებული სხვა დაცული საკომუნიკაციო საშუალებებით.
მუხლი 9🔗
საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება, თარგმნა და განადგურება
1. ყველა ასლი და თარგმანი უნდა იყოს აღნიშნული შესაბამისი საიდუმლოების გრიფით და იყოს დაცული ისევე, როგორც საიდუმლო ინფორმაციის დედანი. თარგმანები და ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს ოფიციალური მიზნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე.
2. ყველა თარგმანი უნდა შეიცავდეს სათანადო ანოტაციას თარგმანის ენაზე, რომელშიც მიეთითება, რომ ისინი შეიცავენ წარმომშობი მხარის საიდუმლო ინფორმაციას.
3. სრულიად საიდუმლო/Secret Lux საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია უნდა ითარგმნოს ან გამრავლდეს მხოლოდ წარმომშობი მხარის წერილობითი ნებართვით. განსაკუთრებული მნიშვნელობის/Très Secret Lux საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა ითარგმნოს და არ უნდა გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ.
4. საიდუმლო ინფორმაცია უნდა ითარგმნოს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი საიდუმლოების ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება.
5. საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობი მხარის მიერ.
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის/Très Secret Lux საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს. ის უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ მხარეს მას შემდეგ, როდესაც იგი საჭირო აღარ არის მხარეებისათვის.
7. სრულიად საიდუმლო/Secret Lux ან მასზე დაბალი საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაცია უნდა განადგურდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მას შემდეგ, როდესაც იგი საჭირო აღარ არის მიმღები მხარისათვის. კრიზისული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული ან წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. კომპეტენტურმა ორგანოებმა უმოკლეს ვადაში უნდა აცნობონ ერთმანეთს ასეთი განადგურების შესახებ.
მუხლი 10🔗
საიდუმლო კონტრაქტები
1. ერთ-ერთი მხარის კონტრაქტორებისათვის ან პოტენციური კონტრაქტორებისათვის მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გადაცემამდე, მიმღები მხარე ვალდებულია:
a) დარწმუნდეს, რომ ასეთ კონტრაქტორს ან პოტენციურ კონტრაქტორს აქვს უნარი, ადეკვატურად დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია და გააჩნია სათანადო საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება;
b) მიანიჭოს შესაბამისი საიდუმლოების ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება პირებს, რომლებიც ახორციელებენ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მოითხოვენ საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობას;
c) უზრუნველყოს, რომ ყველა პირი, რომელსაც გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება, ინფორმირებული იყოს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ;
d) პერიოდულად განახორციელოს უსაფრთხოების შემოწმება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საიდუმლო კონტრაქტის დასაიდუმლოების თითოეული ასპექტის ან ელემენტის შესახებ. ასეთი დებულებების ასლი უნდა წარედგინოს მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს, რათა მათ განახორციელონ უსაფრთხოების ზედამხედველობა.
მუხლი 11🔗
ვიზიტები
1. ვიზიტები, რომლის დროსაც გათვალისწინებულია საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობა, დამოკიდებულია მასპინძელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარ ნებართვაზე.
2. ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ვიზიტის დაწყებამდე სულ მცირე 20 დღით ადრე და უნდა მოიცავდეს შემდეგს:
a) ვიზიტორის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა და პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი;
b) ვიზიტორის თანამდებობა, იმ სამუშაო ადგილის მითითებით, რომელსაც წარმოადგენს ვიზიტორი;
c) პროექტის სახე, რომელშიც მონაწილეობს ვიზიტორი;
d) საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ვადა და დონე;
e) იმ დაწესებულების დასახელება, მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო პუნქტი, რომელიც უნდა მოინახულოს ვიზიტორმა;
f) ვიზიტის მიზანი, საიდუმლო ინფორმაციის იმ უმაღლესი დონის მითითებით, რომელსაც მოიცავს ვიზიტის მიზანი;
g) ვიზიტის თარიღი და ხანგრძლივობა. პერიოდული ვიზიტების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ის მთლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება ეს ვიზიტები;
h) წარმგზავნი კომპეტენტური ორგანოს ოფიციალური ბეჭდის შტამპი, თარიღი და ხელმოწერა.
3. გადაუდებელ შეთხვევებში, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ვიზიტის შესახებ მოთხოვნის წარდგენის უფრო მოკლე ვადაზე.
4. კომპეტენტური ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ პერიოდული ვიზიტებისათვის გათვალისწინებული ვიზიტორების სიის შესახებ. სია უნდა იყოს ძალაში საწყისი პერიოდისთვის, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს 12 თვეს და შეიძლება გაგრძელებული იქნეს შემდგომი პერიოდისთვის, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს 12 თვეს. პერიოდული ვიზიტების შესახებ მოთხოვნა უნდა იქნეს წარდგენილი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მას შემდეგ, რაც მოხდება სიის დამტკიცება, ვიზიტები შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ დაინტერესებულ დაწესებულებებს შორის.
5. ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებს ვიზიტორი, განხილული იქნება როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია.
6. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ვიზიტორების პერსონალური მონაცემების დაცვა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12🔗
უსაფრთხოების დარღვევა
1. თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევასთან ან მის გამჟღავნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გაჩენის ან მათი გამოვლენის შესახებ.
2. დაინტერესებულმა კომპეტენტურმა ორგანომ თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღოს ყველა შესაძლო სათანადო ზომა, რათა შეზღუდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ან გამჟღავნების შედეგები და თავიდან აიცილოს შემდგომი დარღვევები. მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აღმოუჩინოს გამოძიებაში დახმარება და მას უნდა ეცნობოს გამოძიების შედეგებისა და დარღვევასთან დაკავშირებით გატარებული გამოსასწორებელი ზომების შესახებ.
მუხლი 13🔗
ხარჯები
თითოეული მხარე დაფარავს წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესში წარმოშობილ თავის საკუთარ ხარჯს.
მუხლი 14🔗
განმარტება და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული მხარეებს შორის არსებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მხარეებს შორის კონსულტაციების გზით.
მუხლი 15🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის იმ დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც მხარეებმა ერთმანეთს აცნობეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმებაში, ორივე მხარის წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და/ან დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. ნებისმიერი ასეთი ოქმი ძალაში შევა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს წერილობითი შეტყობინებით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
4. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, ყველა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც გადაიცა წინამდებარე შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს დაცული წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული დებულებების შესაბამისად მანამდე, სანამ წარმომშობი მხარე არ გაათავისუფლებს მიმღებ მხარეს აღნიშნული ვალდებულებისაგან.
5. წინამდებარე შეთანხმება ზიანს არ აყენებს მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან.
6. წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით შესაძლებელია დაიდოს საიმპლემენტაციო შეთანხმებები.
7. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც შესრულდა წინამდებარე შეთანხმება, უნდა მიიღოს დაუყოვნებელი ზომები, რათა განხორციელდეს შეთანხმების რეგისტრაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად. მეორე მხარეს უნდა ეცნობოს რეგისტრაციის შესახებ და ეცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ბაზაში რეგისტრაციის ნომერი მაშინვე, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნო მიანიჭებს მას.
შესრულებულია ქ. ლუქსემბურგში, 2012 წლის 5 ოქტომბერს, ორ დედნად, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
რის დასადასტურებლადაც, სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა მოაწერეს ხელი წინამდებარე შეთანხმებას.
საქართველოს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)