კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №69/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.04.2001
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№69/04
2013 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა
და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობის, მდგრადობისა და შესაძლო რისკის თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, 21-ე, 25-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 26 სექტემბრის N8 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების
წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების მიზანია საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედობის და მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლო რისკის თავიდან აცილება და ამ გზით კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ინტერესების მაქსიმალური დაცვა.
2. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ზედამხედვედლობასა და რეგულირებას ახორციელებს ბანკისათვის ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დადგენით და მათი შესრულების კონტროლის განხორციელებით.
3. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების მიზნებისათვის განისაზღვრება "საზედამხედველო კაპიტალი" და "რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები".
4. ბანკისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივების და ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად ბანკის ნაერთი ბალანსიდან.
მუხლი 2🔗.
წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ”საზედამხედველო კაპიტალი“ – პირველადი და მეორადი კაპიტალის ჯამი დაქვითვების გამოკლებით;
ბ) "მთლიანი აქტივები“ – NN10, 11, 12,13,14,15,16, 17, 18, 19, 20, 23,24,25,27,29 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს გამოკლებული NN 41,49 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები;
გ) „ლიკვიდური აქტივები“ – ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვთ ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გარდაქმნის შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობს NN 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1061, 1062, 140, 141, 1502, 1512, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: N141 და N1512 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული „ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;
დ)"მიმდინარე აქტივები" – დაფარვის ერთ თვემდე ვადის მქონე აქტივები;
ე) "საკრედიტო დაბანდება" – ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები;
ვ)"ოვერდრაფტი" – მოკლევადიანი დაკრედიტების ფორმა, რომლითაც ბანკი კლიენტს აძლევს უფლებას მის ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხული ნაშთების გადამეტებით განახორციელოს გადახდები, ანუ ბანკი უშვებს კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშზე სადებეტო (უარყოფითი) სალდოს არსებობას, ოვერდრაფტის შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების (თანხობრივი მოცულობა, დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი) გათვალისწინებით;
ზ) ”ძირითადი საშუალებები“ – მატერიალური აქტივები, რომლებიც იმყოფება ბანკის განკარგულებაში, გამოიყენება საბანკო მომსახურების გასაწევად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით სარგებლობისათვის;
თ) ”ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება“ – ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ცვეთის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას N 290 და 291 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს აკლდება N 490 და 492 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა;
ი) "არამატერიალური აქტივები" – ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არ აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტები, საიჯარო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები;
კ) ”არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება“ – არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ამორტიზაციის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას N 2961 საბალანსო ანარიშზე რიცხულ თანხას აკლდება N 4911 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა;
ლ) "მთლიანი ვალდებულებები" – NN 33,34,35,36,37,38,40,43,44,45,47 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამი;
მ) ”გარესაბალანსო ვალდებულებები“ – ბანკის მიერ გაცემული გარანტიების 50%, აქცეპტები, თამასუქები, სესხების დაფინანსებისათვის ნაკისრი ვალდებულებები, გასანაღდებელი აკრედიტივები, უცხოური ვალუტის ყიდვა გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები და ბანკის მიერ დოკუმენტურად აღიარებული და შესაძლო გადასახდელი ვალდებულებითი შინაარსის მქონე საბანკო ინსტრუმენტები ძირითადი თანხებით;
ნ) „ვალდებულებები” – ბანკის მთლიანი ვალდებულებებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გასაანგარიშებლად. ვალდებულებები გაიანგარიშება როგორც ბანკის “მთლიანი ვალდებულებებისა” და “გარესაბალანსო ვალდებულებების” თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება: ბანკის მიერ მიღებული ის სესხები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი ვადა; გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრების ოდენობით; უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;
ო) ”მიმდინარე ვალდებულებები“ – ბანკის მთლიანი და გარესაბალანსო ვალდებულებებიდან ერთ თვემდე ვადაში გადასახდელი/შესასრულებელი და შესაძლო შესასრულებელი ყველა ვალდებულებათა თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრების ოდენობით და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;
პ)„ინსაიდერი“ – ბანკის მაკონტროლებელი პირი, ადმინისტრატორი, მონათესავე საწარმო ან/და მათთან დაკავშირებული პირი;
ჟ) "აუტსაიდერი" – არაინსაიდერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი;
რ) "სუბორდინირებული ვალი" – ისეთი ვალი, რომელსაც სხვა დეპოზიტებსა და სესხებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი, ანუ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
ს) ”კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი“ – ისეთი არასახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდი, რომლის ემიტენტი არის იურიდიული პირი და რომელიც ვალდებულია სავალო ფასიანი ქაღალდით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდისათვის;
ტ) "ეგთო" – "ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყნებში ჩაითვლება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია;
უ) "საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში" – საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკი, ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი;
ფ) ”დასალდოვებლად ანგარიშები“ – სანაშთო ბალანსის 28 და 48 კლასის საბალანსო ანგარიშები, რომლებზეც რიცხული საერთო თანხა, როგორც წესი, ყოველდღიურად ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. ეროვნულ ბანკში წარსადგენ სანაშთო ბალანსში 28 და 48 კლასის აგარიშები ექვემდებარება დასალდოვებას, რომლის შედეგად მიღებული შესაძლო სადებეტო ნაშთი მონაწილეობას იღებს ”რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების“, ”მთლიანი აქტივების“ და ”მიმდინარე აქტივების“ გაანგარიშებაში, ხოლო შესაძლო საკრედიტო ნაშთი მონაწილეობს ”მთლიანი ვალდებულებების“ და ”მიმდინარე ვალდებულებების“ განგარიშებაში.
მუხლი 3🔗.
ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები
ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტებია:
ა) კკ1 (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის პირველადი კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 8 პროცენტისა;
ბ) კკ2 (საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 12 პროცენტისა;
გ) სკ1 (ერთი ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5 პროცენტს;
დ) სკ2 (ყველა ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ე) სკ3 (ერთი აუტსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15 პროცენტს;
ვ) სკ4 (ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ზ) სკ5 (მსხვილი სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას;
თ) სკ6 (საბლანკო სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25 პროცენტს;
ი) ლკ (საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივები უნდა იყოს საანგარიშგებო თვის საშუალო ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენტისა; სადაც ლიკვიდურ აქტივებს იმავე ვალუტაში, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტებში ხვედრითი წილის პროპორციულად, აკლდება არარეზიდენტი კლიენტების მიერ განთავსებული დეპოზიტების X=max[(A-10%), 0] პროცენტი, სადაც A არის არარეზიდენტი კლიენტების მიერ განთავსებული დეპოზიტების პროცენტული წილი კლიენტების მთლიან დეპოზიტებში;
კ) იკ1 (წილობრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიულ პირთა კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს;
ლ) იკ2 (ქონებრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – ბანკის ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება იურიდიულ პირთა კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 70 პროცენტს;
მ) პლ1 (საბალანსო ანგარიშების საერთო ღია სავალუტო პოზიცია) – ბანკის საბალანსო ანგარიშების საერთო ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს;
ნ) პლ2 (კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიცია) - ბანკის კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს.
მუხლი 4🔗.
კომერციული ბანკების ვალდებულებები
კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან:
ა) განუხრელად დაიცვან ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები;
ბ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული სესხის (ვალის) მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში;
გ) არ დაუშვან თავიანთი კაპიტალის და რეზერვების შემცირება აქციების უკუგამოსყიდვის ან სარეზერვო აქტივების განთავსების გზით ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
დ) არ დაუშვან ინსაიდერთა სასარგებლოდ კრედიტებისა და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა აუტსაიდერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობებით.
მუხლი 5🔗.
ეროვნული ბანკის უფლება
ეროვნული ბანკის უფლება აქვს მიიღოს ზომები ბანკის მიერ ამ წესის მე–3 მუხლით დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევებში, ასევე მე–4 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და მის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის დააკისროს და გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა მის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 6🔗.
ბანკის მიერ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრება
ბანკს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი გასაჩივრების უფლება ეროვნული ბანკის საბჭოში ან სასამართლოში. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ეროვნული ბანკის საბჭოში ბანკს არ ართმევს უფლებას, იმავე საკითხთან დაკავშირებით იჩივლოს სასამართლოში.