„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№748
სარეგისტრაციო კოდი
370.030.000.05.001.003.362
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 24/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №42, 29.07.2005, მუხ. 303) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით სპეციალურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწების პრივატიზება აგრეთვე დაიშვება ამ კანონის 41 მუხლის შესაბამისად, უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლიანი ფორმით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაცემა;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზება საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე – უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის 41 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად უსასყიდლოდ საკუთრების უფლების გადაცემა.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

    ,,მუხლი 41. პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზება საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე

1. უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ენიჭებათ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან/და სხვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით.

2. საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობის სხდომაზე წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.“.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 7. მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.“.

    მუხლი 2.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და 2009 წლის 1 ივლისამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მოაწესრიგებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ნაცვლად სხვა უფლებამოსილი სუბიექტის განსაზღვრის საკითხს.

    მუხლი 3.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 დეკემბერი.

№748–IIს