შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“
მიღების თარიღი 06.08.2012
ძალაში შესვლა 09.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №31/21
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა, შემდგომში "მხარეებად" წოდებულნი,
არიან რა "საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ" 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მხარეები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებანი
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
a) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლებები” საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს; ისრაელის სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს ტრანსპორტის სამინისტროს, წარმოდგენილს სამოქალაქო საავიაციო ხელისუფლების სახით; ან, ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ზემოაღნიშნული ხელისუფლებების კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები;
b) ტერმინი „შეთანხმება” ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართს (დანართებს) და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას;
c) ტერმინი „ტევადობა” ნიშნავს ამ შეთანხმების შესაბამისად მიწოდებულ მომსახურებას, რომელიც იზომება ბაზარზე (ქალაქებს შორის, ან ქვეყნებს შორის) ან სპეციფიკურ პერიოდში, როგორც დღის, კვირის, სეზონის ან წლის განმავლობაში რეისზე შეთავაზებული ფრენების რაოდენობით (სიხშირე) ან ადგილებით, ან ტვირთის ტონაჟით.
d) ტერმინი „კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს მის ნებისმიერ დანართს, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად და დანართების ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული 90-ე და 94-ე მუხლების თანახმად, რამდენადაც ეს დანართები და შესწორებები მოქმედია ორივე მხარისათვის.
e) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო” ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც არის დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი ამ შეთანხმების მე-3 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) თანახმად;
f) ტერმინი „ფასი” ნიშნავს, ნებისმიერ ტარიფს, საფასურს ან ღირებულებას რომელიც დაწესებულია ავიასაწარმოს მიერ, მათი აგენტების ჩათვლით, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანაზე, ბარგის ან ტვირთის გადატანაზე, ფოსტის გარდა, რაც მოიცავს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ტრანსპორტით გადაზიდვას და ასეთი ტარიფების, საფასურის ან ღირებულების არსებობასთან დაკავშირებულ პირობებს.
g) ტერმინს „ტერიტორია” სახელმწიფოსთან მიმართებით აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;
h) ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული მათი აეროპორტის ქონებით, საშუალებებით, სააერნაოსნო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს;
i) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა”, “საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, „ავიასაწარმო” და „შეჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗
უფლებათა მინიჭება
1. ამ შეთანხმებაზე A დანართის სახით თანდართული ფრენების განრიგით განსაზღვრული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მეორე მხარეს ანიჭებს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს:
2. ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, თითოეული მხარის დანიშნული ავიასაწარმო (ავიასაწარმოები) უნდა სარგებლობდეს შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელოს გადაფრენა მეორე მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;
b) განახორციელოს დაფრენა მეორე მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით;
c) განახორციელოს დაფრენა პუნქტში (პუნქტებში) ამ შეთანხმებაზე A დანართის სახით თანდართულ მარშრუტების განრიგში მითითებულ მარშრუტზე (მარშრუტებზე) საერთაშორისო მიმოსვლისას მგზავრების ჩასხმა-გადმოსხმის, ისევე როგორც ბარგის, ტვირთისა და ფოსტის ცალ-ცალკე ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
3. თითოეული მხარის ავიასაწარმო, იმ ავიასაწარმოების გარდა, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ შეთანხმების მე-3 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) შესაბამისად, ასევე უნდა სარგებლობდნენ ამ მუხლის 2 a) და b) პუნქტებით განსაზღვრული უფლებებით.
4. მე-2 მუხლი არცერთი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს (ავიასაწარმოებს) არ ანიჭებს უფლებას მეორე მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან ქირით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი ფოსტის ჩათვლით, მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.
5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას.
მუხლი 3🔗
დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება
1. თითოეულ მხარეს უფლება ექნება წერილობით დანიშნოს და დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარეს წარუდგინოს ერთი ან რამოდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ამგვარი დანიშვნები.
2. ამგვარი დანიშვნის მიღების, ისევე როგორც დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საექსპლუატაციო უფლებამოსილებისათვის განსაზღვრული ფორმით განაცხადის წარდგენისას, თითოეულმა მხარემ უნდა გასცეს შესაბამისი საექსპლუატაციო უფლებამოსილება მინიმალური პროცედურული დაყოვნებით იმის გათვალისწინებით, რომ:
a) უპირატესი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი ხორციელდება იმ მხარეში, რომლის მიერაც დანიშნულია ავიასაწარმო, ან ამ მხარის მოქალაქეების მიერ, ან ორივე შემთხვევაში;
b) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარე აკმაყოფილებს ამ შეთანხმების მე-8 (უსაფრთხოება) და მე-9 (საავიაციო უშიშროება) მუხლების პირობებს; და
c) ავიასაწარმოს შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კანონებითა და წესებით განსაზღვრული ის სხვა პირობები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას დანიშვნის მიმღებ მხარეში.
3. მე-2 პუნქტით განსაზღვრული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მიღების შემდეგ, დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელება, რისთვისაც იგი ამგვარადაა დანიშნული, იმ პირობით, რომ ავიასაწარმო აკმაყოფილებს ამ შეთანხმების შესაბამის დებულებებს.
მუხლი 4🔗
უფლებამოსილების შეჩერება, გაუქმება და შეზღუდვა
თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-3 მუხლით (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) განსაზღვრული უფლებამოსილება და გააუქმოს, შეუჩეროს ან დააწესოს პირობები ასეთ უფლებამოსილებებზე დროებით ან მუდმივად:
a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს მხარე არ არის დარწმუნებული, რომ დანიშნულ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა არ გააჩნია და მასზე ეფექტური კონტროლი არ ხორციელდება ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის, მისი მოქალაქეების ან მათ მიერ ერთობლივად; ან
b) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარე ვერ აკმაყოფილებს ამ შეთანხმების მე-8 (უსაფრთხოება) და მე-9 (საავიაციო უშიშროება) მუხლების პირობებს; და
c) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმოს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კანონებითა და წესებით განსაზღვრული ის სხვა პირობები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას დანიშვნის მიმღებ მხარეში.
მუხლი 5🔗
კანონმდებლობის გამოყენება
1. ერთ-ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც ეხება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული საჰაერო ხომალდის მიერ მის ტერიტორიაზე შესვლას და მისი ტერიტორიის დატოვებას ან ასეთი საჰაერო ხომალდის საქმიანობასა და ნავიგაციას მის ტერიტორიაზე ყოფნისას, გამოყენებული უნდა იქნეს მეორე მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიმართ.
2. ერთ-ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც ეხება მგზავრების, ეკიპაჟისა და ტვირთის, ფოსტის ჩათვლით მის ტერიტორიაზე შესვლას, დარჩენას და მისი ტერიტორიიდან გამგზავრებას, როგორიცაა ემიგრაციასთან, საბაჟოსთან, ვალუტასთან, ჯანმრთელობასთან და კარანტინთან დაკავშირებული კანონები და წესები, გამოყენებული უნდა იქნეს მეორე მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიერ გადაყვანილი მგზავრებისა და ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი ხსენებულ ტერიტორიაზე ყოფნისას.
3. საემიგრაციო, საბაჟო, საკარანტინო და მსგავსი წესების გამოყენებისას, არცერთი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მეორე მხარის იმ ავიასაწარმოსთან მიმართებაში, რომელიც ჩაბმულია მსგავს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებში.
მუხლი 6🔗
პირდაპირი ტრანზიტი
მგზავრთა გადაყვანა, ისევე როგორც ბარგის ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა პირდაპირი ტრანზიტით, უნდა ექვემდებარებოდეს გამარტივებულ კონტროლს. პირდაპირი ტრანზიტით გადაზიდული ბარგი და ტვირთი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო გადასახდელებისა და სხვა მსგავსი გადასახადებისაგან.
მუხლი 7🔗
მოწმობებისა და სერტიფიკატების აღიარება
1. ერთი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი ფრენის ვარგისიანობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი და სხვა მოწმობები, შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, მეორე მხარის მიერ იქნება აღიარებული როგორც ვარგისი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ცნობების და სერტიფიკატების გაცემისა და ვარგისად აღიარების მოთხოვნები შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც დაწესებულია კონვენციის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირველი პუნქტით განსაზღვრული იმ მოწმობებისა და სერტიფიკატების უპირატესობები და პირობები, რომლებიც გაცემულია ერთ-ერთი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ ნებისმიერ პირზე ან დანიშნულ ავიასაწარმოზე ან შეთანხმებული მიმოსვლის განმახორციელებელ საჰაერო ხომალდზე, უნდა არსებობდეს კონვენციის შესაბამისად დადგენილი მინიმალური სტანდარტებისაგან განსხვავების უფლება და ამგვარი განსხვავებები უნდა წარედგინოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO). მეორე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა საავიაციო ხელისუფლებებს შორის, ამ პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევის მიზნით.
3. თითოეული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენისას და მის ტერიტორიაზე დაფრენისას უფლებას იტოვებს უარი თქვას კვალიფიკაციისა და იმ სხვა მოწმობების ნამდვილობაზე, რომლებიც გაცემულია მეორე მხარის მიერ ამ მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებზე.
მუხლი 8🔗
უსაფრთხოება
1. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ნებისმიერ დროს, სააერნაოსნო საშუალებების, ხომალდის ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ იმ უსაფრთხოების სტანდარტების თაობაზე, რომლებსაც იცავს მეორე მხარე, ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კონსულტაციების შედეგად ერთ-ერთი მხარე დაადგენს, რომ მეორე მხარე არ იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს და ახდენს მათ არაეფექტურ ადმინისტრირებას, პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში და რომლებიც აკმაყოფილებს ამ დროისათვის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს, მეორე მხარეს უნდა ეცნობოს ასეთი ფაქტების აღმოჩენისა და ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გასატარებელი აუცილებელი ნაბიჯების შესახებ. მეორე მხარემ შეთანხმებულ პერიოდში უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით.
3. კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად, შემდგომში შეთანხმებულია, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ერთ-ერთი მხარის ავიასაწარმო ან მისი ექსპლუატაცია ხორციელდება ამ ავიასაწარმოს სახელით, მეორე მხარის ტერიტორიიდან, ტერიტორიის მიმართულებით მომსახურებაზე, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას შეიძლება შემოწმდეს ამ მხარის შესაბამისად უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის არაგონივრულ დაყოვნებას. კონვენციის 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების მიუხედავად, ასეთი შემოწმების მიზანია დადგინდეს საჰაერო ხომალდის შესაბამისი დოკუმენტაციის და მისი ეკიპაჟის ლიცენზირების მოქმედების ვადები, ისევე როგორც საჰაერო ხომალდის მოწყობილობები და იმ დროისათვის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შესაბამისობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის ავიასაწარმოს წარმომადგენელი უარს განაცხადებს, ზემოაღნიშნული მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მხარის ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე შეღწევასთან დაკავშირებით, მეორე მხარეს უფლება აქვს ჩათვალოს, რომ ადგილი აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს და დაასკვნას, რომ არ არის დაკმაყოფილებული ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად დადგენილი მინიმალური სტანდარტები.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებების გატარება საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის უფლებამოსილება.
6. ზემოაღნიშნული მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მიერ გატარებული ნებისმიერი ქმედება უნდა შეწყდეს ასეთი ქმედების აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗
საავიაციო უშიშროება
1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი გამოყენების შეუზღუდავად მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი კონვენციების დებულებებით, კერძოდ: ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბრის ხელმოწერილი კონვენცია “საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ”; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ”; 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ”; ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი კონვენცია და ოქმი, რომელსაც მიერთებულია ორივე მხარის სახელმწიფო.
2. მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები ყოველგვარ საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპოერტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დაწესებული და კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება; მოსთხოვენ მათ რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რათა იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. თითოეული მხარე აცნობებს მეორე მხარეს ნებისმიერი განსხვავების შესახებ საკუთარ წესებსა და პრაქტიკასა და კონვენციის დანართში მოცემულ საავიაციო უშიშროების სტანდარტებს შორის. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მეორე მხარესთან დაუყოვნებლივი კონსულტაციების გამართვა, ამგვარი განსხვავებების განხილვის მიზნით.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, ზემოაღნიშნული მე-3 პუნქტის შესაბამისად ერთ-ერთმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს საავიაციო უშიშროების იმ დებულებებისა და მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც ეს უკანასკნელი ითვალისწინებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლის, ან მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისათვის. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე ადეკვატური ზომების ეფექტურად გამოყენება, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი და საჰაერო ხომალდის მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და მის დროს. თითოეული მხარე დადებითად შეხვდება მეორე მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფთხოდ აღკვეთისაკენ.
6. თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს, შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, მეორე მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს, საჰაერო ხომალდის ოპერატორთა მიერ პირველი მხარის ტერიტორიიდან ან ტერიტორიის მიმართულებით შესრულებულ ფრენებთან დაკავშირებით გატარებული ან გასატარებლად დაგეგმილი უშიშროების ღონისძიებების შეფასება. ამგვარ შეფასებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა შეთანხმდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის და განხორციელდეს გადაუდებლად, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იყოს შეფასების ოპერატიულად ჩატარება. ყველა შეფასება უნდა განხორციელდეს კონფიდენციალური შეთანხმების საფუძველზე.
7. როდესაც ერთ-ერთ მხარეს აქვს იმის საფუძველი, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ მუხლში მოცემულ საავიაციო უშიშრების პირობებს, მაშინ ამ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები. ამგვარი კონსულტაციები უნდა დაიწყოს ნებისმიერი მხრიდან ასეთი მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების დაწყებიდან თხუთმეტი (15) დღის გამავლობაში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, ეს შეიძლება გახდეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველებისათვის საექსპლუატაციო უფლებამოსილების და ტექნიკური ნებართვების გაუქმების, შეჩერების, შეზღუდვის ან პირობების წაყენების საფუძველი. საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ან შემდგომში ამ მუხლის დებულებებთან შეუსაბამობის თავიდან აცილების მიზნით, ერთ-ერთ მხარეს ნაბისმიერ დროს შეუძლია განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები.
მუხლი 10🔗
მომხმარებლის გადასახდელები
1. არცერთი მხარე არ დაუწესებს ან არ დაუშვებს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოებისათვის იმაზე მაღალი მომხმარებლის გადასახდელის დაწესებას, როგორიც დაწესებული აქვს მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი საკუთარი ავიასაწარმოთათვის.
2. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ საკუთარ ხელისუფლებასა და მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე ავიასაწარმოს ან ამ ავიაგადამზიდველების წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების გამართვას მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს, მომხმარებლის გადასახდელებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ გონივრული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს, რათა მათ მიეცეთ საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ცვლილებების შეტანამდე. შემდგომში, თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ ხელისუფლებებსა და ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს შორის მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას.
მუხლი 11🔗
საბაჟო გადასახადები
1. ხელშემკვრელი მხარეების მიერ, ნაცვალგების საფუძველზე და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში სრულად გათავისუფლდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდი, საწვავი, საცხებ-საპოხი ზეთები, მოხმარებადი ტექნიკური მარაგი, სათადარიგო ნაწილები (მათ შორის, ძრავები), საჰაერო ხომალდის რეგულარული მოწყობილობები, საჰაერო ხომალდის მარაგი და სხვა ისეთი მასალა, როგორიცაა დაბეჭდილი ავიაბილეთების მარაგი, ავიაზედდებულები, ნებისმიერი დაბეჭდილი მასალა, რომელზეც გამოსახულია დანიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გასავრცელებელი სარეკლამო მასალა, რომელიც გამიზნულია გამოსაყენებლად ან გამოიყენება იმ საჰაერო ხომალდის მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის, რომელიც ახორციელებს შეთანხმებულ მიმოსვლას იმპორტზე დაწესებული შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახადებისაგან, აქციზისაგან, ინსპექტირების მოსაკრებლისაგან და ყველა სხვა სახელმწიფო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, გარდა მომსახურებაზე დაწესებული მოსაკრებლებისა.
2. გადასახადებისაგან გათავისუფლება, რომელიც ამ მუხლითაა მინიჭებული, ეხება პირველ პუნქტში ხსენებულ საგნებს, რომლებიც:
a) ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეორე მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ან მისი სახელით;
b) მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ამ მეორე მხარის ტერიტორიის დატოვებისას რჩება მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე;
c) ატანილია ერთ-ერთი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დროს გამოყენებისათვის, იმ პირობით, რომ აღნიშნული საგნები სრულად იქნა გამოყენებული ან მოხმარებული ამგვარი განთავისუფლების მიმნიჭებელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი საგნების მფლობელობის გადაცემა არ მოხდება ხსენებული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. მუდმივი საბორტო აღჭურვილობა, ისევე როგორც საშუალებები და მარაგი, რომელიც რჩება მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლებების ნებართვით. ამ შემთხვევაში, მათი განთავსება უნდა მოხდეს ხსენებული ხელისუფლებების მეთვალყურეობის ქვეშ, საბაჟო პროცედურების შესაბამისად მათ რეექსპორტამდე ან სხვაგვარად განთავსებამდე.
მუხლი 12🔗
დაბეგვრა
1. ერთი მხარის ავიაგადამზიდველის მიერ საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებში ჩართული საჰაერო ხომალდის ფუნქციონირებიდან მიღებული მოგება და შემოსავალი, მათ შორის ავიაგადამზიდველებს შორის კომერციული ხელშეკრულებების ან ერთობლივი საწარმოების მონაწილეობით, მეორე მხარის მთავრობის მიერ განთავისუფლებული იქნება მოგების ან შემოსავლის ნებისმიერი გადასახადისაგან.
2. ერთი მხარის ავიაგადამზიდველის საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებში ჩართული საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან და/ან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კაპიტალი და აქტივები მეორე მხარის მთავრობის მიერ გათავისუფლებული იქნება კაპიტალის და ქონების ნებისმიერი გადასახადისაგან.
3. ერთი მხარის ავიაგადამზიდველის მიერ საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებში ჩართული საჰაერო ხომალდის განკარგვით მიღებული მოგება და ამ საჰაერო ხომალდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საბრუნავი საშუალებები, მეორე მხარის მთავრობის მიერ გათავისუფლებული იქნება მოგების ნებისმიერი გადასახადისაგან.
4. მხარეთა შორის ორმაგი დაბეგვრის შესახებ სპეციალური შეთანხმების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება ამ უკანასკნელის დებულებებს.
მუხლი 13🔗
ტევადობა
1. მხარეთა მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულ მომსახურებაზე უზრუნველყოფილი ჯამური ტევადობა უნდა შეთანხმდეს მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის საქმიანობის დაწყებამდე და შემდგომში მოსალოდნელი დატვირთვის მოთხოვნების შესაბამისად.
2. დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატირებისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობები.
3. არცერთი მხარე არ დაუშვებს, რომ მის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა სხვა ავიასაწარმოსა ან ავიასაწარმოებთან ერთად, ან ცალკე, უხეშად გამოიყენონ საბაზრო ძალაუფლება, რაც გამოიწვევს კონკურენტის საგრძნობლად დასუსტებას ან მის განდევნას მარშრუტიდან.
მუხლი 14🔗
ფასები
თითოეულ მხარეს შეუძლია მეორე მხარის ავიასაწარმოს მოსთხოვოს საკუთარი ტერიტორიიდან ან საკუთარი ტერიტორიის მიმართულებით გადაყვანა-გადაზიდვის ფასის მისი საავიაციო ხელისუფლებისთვის წარდგენა ან შეტყობინება. თითოეულ მხარეს ექნება უფლება ჩაერიოს იმ მიზნით, რომ:
a) აღკვეთოს არაგონივრულად დისკრიმინაციული ტარიფები ან ექსპლუატაციის პირობები;
b) დაიცვას მომხმარებლები ფასებისაგან, რომელიც არის არაგონივრულად მაღალი ან შემზღუდავი, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შედეგად; და
c) დაიცვას ავიაგადამზიდველები ხელოვნურად დაბალი ფასებისაგან.
მუხლი 15🔗
კონკურენცია
1. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს კონკურენციასთან დაკავშირებული საკუთარი კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის ან შესაბამისი ცვლილებების შესახებ და იმ ნებისმიერი ცალკეული მიზნების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საჰაერო მიმოსვლის მომსახურების განხორციელებაზე და უნდა წარმოადგინონ ის ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ განხორციელებაზე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები თვლიან, რომ არსებობს შეუსაბამობა კონკურენციასთან დაკავშირებული მათი კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის გამოყენებასა და ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის, მხარეებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ აღნიშნულის შესახებ.
3. ნებისმიერი სხვა საპირისპირო დებულების მიუხედავად, ეს შეთანხმება (i) არ მოსთხოვს მხარეებს ან არ შეუწყობს ხელს მათ შორის ისეთი შეთანხმების გაფორმებას, მათი ასოციაციების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას ან ისეთი შეთანხმებული პოლიტიკის გატარებას, რაც შეზღუდავს კონკურენციას; (ii) არ გააძლიერებს ნებისმიერი მსგავსი შეთანხმების, გადაწყვეტილების ან შეთანხმებული პოლიტიკის შედეგებს; ან (iii) არ დაუშვებს კერძო ეკონომიკური ოპერატორებისათვის პასუხისმგებლობის გადაცემას ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას ან ხელს უშლის მის განვითარებას.
მუხლი 16🔗
ვალუტის კონვერტაცია და შემოსავლების გადარიცხვა
თითოეული მხარე მეორე მხარის ავიასაწარმო(ებ)ს უფლებას აძლევს, მოთხოვნისამებრ, განახორციელოს საჰაერო მიმოსვლის მომსახურების გაყიდვიდან მიღებული ყველა ადგილობრივი შემოსავლის მოგების კონვერტაცია და გადარიცხვა საკუთარ სახელმწიფოში და თუ იგი არ ეწინააღმდეგება გამოსაყენებელ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, ნებისმიერ სხვა ან მის მიერ არჩეულ სახელმწიფოში. ამასთან, კონვერტაცია და გადარიცხვა ნებადართულია ყოველგვარი შეზღუდვის, დისკრიმინაციისა და დაბეგვრის გარეშე, მსგავსი კონვერტაციისა და გადარიცხვის შესახებ მოთხოვნის მიღების დღეს ვალუტის არსებული კურსით.
მუხლი 17🔗
საჰაერო მიმოსვლის მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი
1. თითოეული მხარე მეორე მხარის ავიასაწარმოებს მიანიჭებს საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო მომსახურების პირდაპირ, აგენტების ან ავიასაწარმოს მიერ შერჩეული სხვა შუამავლების მეშვეობით გაყიდვის უფლებას, ისევე როგორც ონლაინ და ოფლაინ ოფისების დაფუძნების უფლებას.
2. თითოეულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მოახდინოს გადაყვანა-გადაზიდვის გაყიდვა შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ ვალუტაში ან, ამ ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად, სხვა ქვეყნების თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ხოლო ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს ასეთი გადაყვანა-გადაზიდვის ყიდვის უფლება ავიასაწარმოსათვის მისაღებ ვალუტაში.
3. ერთ-ერთი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, უნდა ჰქონდეთ მეორე მხარის ტერიტორიაზე თავიანთი წარმომადგენლების და შეთანხმებული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით საჭირო კომერციული, ოპერაციული და ტექნიკური პერსონალის შეყვანისა და დასაქმების უფლება.
4. ერთ-ერთი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების არჩევანის შესაბამისად, ასეთი პერსონალის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს საკუთარი პერსონალის მიერ ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ავიასაწარმოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია სხვა ავიასაწარმოებისათვის მსგავსი მომსახურების გაწევაზე.
5. წარმომადგენლები და პერსონალი უნდა ექვემდებარებოდნენ მეორე მხარის მოქმედ კანონებსა და წესებს და შესაბამისობაში იყოს ასეთ კანონებსა და წესებთან:
a) თითოელმა მხარემ, უნდა უზრუნველყოს დასაქმების საჭირო უფლების, სტუმრის ვიზისა და სხვა ამდაგვარი დოკუმენტების გაცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ წარმომადგენლებსა და პერსონალზე, ნაცვალგების პრინციპითა და მინიმალური შეფერხებით; და
b) მხარეები გაამარტივებენ დასაქმების უფლების მისაღებ მოთხოვნებს ისეთი კონკრეტული დროებითი სამუშაოების შემსრულებელი პერსონალისათვის, რომელთა შესრულების ვადა არ აღემატება ოთხმოცდაათ (90) დღეს.
მუხლი 18🔗
კოდის ერთობლივი გაზიარება
1. მხარეთა მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ მიმოსვლა განახორციელონ ან გაწიონ მომსახურება ერთობლივი გაზიარებით, ბლოკ ადგილებით და სხვა კომერციული საშუალებებით:
i) ნებისმიერი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ერთად; და
ii) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ერთად, იმ პირობით, რომ ეს მესამე ქვეყანა იძლევა საკუთარი ქვეყნიდან ან მისი მიმართულებით ფრენების განხორციელების შესახებ მეორე მხარის ავიასაწარმოებსა და მესამე ქვეყნის ავიასაწარმოებს შორის მსგავსი შეთანხმებების გაფორმების უფლებას;
iii) თითოეულ გაყიდულ ბილეთთან დაკავშირებით, გაყიდვის პუნქტში მყიდველი ინფორმირებული იქნება, რომელი ავიასაწარმო შეასრულებს ფრენას მომსახურების თითოეულ მონაკვეთზე.
2. ყველა ავიასაწარმოს, რომელიც გააფორმებს მსგავს შეთანხმებებს, უნდა გააჩნდეს ფრენის შესაბამისი უფლება და უნდა აკმაყოფილებდეს, ჩვეულებრივ, ასეთ შეთანხმებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
მუხლი 19🔗
მოწევის აკრძალვა
1. თითოეული მხარე აკრძალავს ან მიუთითებს საკუთარ ავიასაწარმოს, რომ მან აკრძალოს მოწევა მხარეთა ტერიტორიებს შორის საკუთარი ავიასაწარმოს მიერ მგზავრების გადაყვანისათვის განკუთვნილ ყველა ფრენაზე. ეს აკრძალვა ეხება ყველა ადგილს საჰაერო ხომალდზე და ძალაშია საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრთა ჩასხდომის გამოცხადებიდან იმ დრომდე, სანამ დამთავრდება მგზავრთა ჩამოსხმა.
2. თითოეულმა მხარემ უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელსაც იგი თვლის საჭიროდ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი ავიასაწარმოების, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მიერ ამ მუხლის დებულებათა დაცვა, რაც მოიცავს შეუსაბამობისა და დარღვევებისათვის შესაბამისი ჯარიმების დაწესებასაც.
მუხლი 20🔗
სტატისტიკა
თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლებები, მოთხოვნისამებრ, თვითონ წარუდგენენ ან დაავალებენ მათ მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს წარუდგინონ მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებებს პერიოდული ან სხვა სახის სტატისტიკა, რომელიც გონივრულად შეიძლება იქნას მოთხოვნილი, რათა მოხდეს პირველი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს/ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას შეთავაზებული ტევადობების განხილვა.
მუხლი 21🔗
განრიგების დამტკიცება
1. თითოეული მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ, შეთანხმებული მომსახურების განხორციელებამდე ოცდაათი (30) დღით ადრე, მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებებს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს სავარაუდო ფრენის განრიგები. მსგავსი პროცედურა გამოიყენება ნებისმიერი შესაბამისი ცვლილების შემთხვევაშიც.
2. ერთ-ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს სურვილის შემთხვევაში, განახორციელოს შეთანხმებულ მომსახურებაზე დამტკიცებულ განრიგზე დამატებითი ფრენები, ამ ავიასაწარმომ შესაბამისი ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოს მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებებს. ჩვეულებრივ, ასეთი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს მსგავსი ფრენების განხორციელების დაწყებამდე სულ მცირე თხუთმეტი (15) დღით ადრე.
მუხლი 22🔗
გარემოს დაცვა
მხარეები მხარს უჭერენ ავიაციის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით გარემოს დაცვის საჭიროებას. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შესაბამის ტერიტორიებს შორის განხორციელებული საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს სტანდარტებს და მე-16 დანართის რეკომენდირებულ პრაქტიკას (SARPs), ისევე როგორც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებულ ICAO-ს პოლიტიკასა და წესებს.
მუხლი 23🔗
კონსულტაციები
1. თითოეულ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია კონსულტაციების გამართვის მოთხოვნა ამ შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებით ან ამ შეთანხმებასთან შესაბამისობის თაობაზე.
2. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ამგვარი კონსულტაციები, რომელთა გამართვაც შესაძლებელია დისკუსიების ან კორესპონდენციის გზით, უნდა დაიწყოს მეორე მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში.
მუხლი 24🔗
დავების მოგვარება
1. თუ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე დავა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე, მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მხარეთა სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული საავიაციო ხელისუფლებები დავას ვერ მოაგვარებენ მოლაპარაკებების გზით, იგი უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ნებისმიერ მხარეს, საკუთარი სათანადო კანონებისა და წესების შესაბამისად, დავის მოსაგვარებლად შეუძლია მიმართოს სამი არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელთაგან თითო არბიტრი შერჩეული იქნება თითოეული მხარის მიერ, ხოლო მესამე არბიტრის კანდიდატურა, რომელიც იქნება სასამართლოს თავმჯდომარე, შეთანხმდება ხსენებული ორი არბიტრის მიერ, იმ პირობით, რომ იგი არ იქნება არცერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე და იქნება ისეთი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც მისი დანიშვნის დროს დიპლომატიური ურთიერთობა ექნება ორივე მხარესთან.
თითოეულმა მხარემ საკუთარი არბიტრის კანდიდატურა უნდა წარადგინოს რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართზე არბიტრაჟიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების დღიდან სამოცი (60) დღის ვადაში. თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს თითოეული მხარის მიერ არბიტრების შერჩევიდან სამოცი (60) დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ მხარე განსაზღვრულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბირტს ან შერჩეული არბიტრები ვერ შეთანხმდებიან თავმჯდომარის კანდიდატურაზე, თითოეულ მხარეს შეუძლია ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს მიმართოს, შესაბამისად, თავმჯდომარის ან მხარის წარმომადგენელი არბიტრის დანიშვნის თხოვნით.
4. ვიცე-პრეზიდენტმა ან ICAO-ს საბჭოს უფროსმა წევრმა, რომელიც არ იქნება არცერთი მხარის მოქალაქე და ამავე დროს, იქნება ისეთი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც მისი დანიშვნის დროს დიპლომატიური ურთიერთობა ექნება ორივე მხარესთან, უნდა ჩაანაცვლოს ICAO-ს პრეზიდენტი არბიტრის მოვალეობის შესრულების მიზნით, როგორც ეს აღნიშნულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში, ამ უკანასკნელის არყოფნის ან არაკომპეტენტურობის შემთხვევაში.
5. საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა განსაზღვროს საკუთარი პროცედურები და საარბიტრაჟო სასამართლოს გამართვის ადგილი, მხარეთა შორის შეთანხმებული დებულებების საფუძველზე.
6. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება დავასთან დაკავშირებით საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მხარე ან ნებისმიერი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ვერ შეასრულებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, მეორე მხარეს უფლება აქვს შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს მხარეს ამ შეთანხმების შესაბამისად მინიჭებული ნებისმიერი უფლება ან უპირატესობა.
8. თითოეულმა მხარემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მისი არბიტრის ხარჯების დაფარვა. თავმჯდომარის ხარჯები, მისი გადასახადების ჩათვლით და ICAO-ს მიერ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თავმჯდომარის და/ან მხარის არბიტრის დანიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი თანაბრად გაიყოფა მხარეთა შორის.
9. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განხილვისათვის მიღებამდე და მის მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, შეთანხმების გაუქმების შემთხვევის გარდა, მხარეებმა უნდა გააგრძელონ ამ შეთანხმების შესაბამისად აღებული ყველა ვალდებულების შესრულება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად მიღებული საბოლოო დადგენილებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
მუხლი 25🔗
ცვლილებები
1. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი შესწორება, გარდა დანართის ცვლილებისა, ძალაში შევა წინამდებარე შეთახნმების 29(1) მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებისა, თანდართული მარშრუტების განაწესის ცვლილება შესაძლებელია პირდაპირ შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დადასტურდება დიპლომატიური ნოტების გაცვლა.
მუხლი 26🔗
მრავალმხრივი შეთანხმებები
იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარისათვის ძალაში შევა საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული მრავალმხრივი შეთანხმება, წინამდებარე შეთანხმებაში უნდა შევიდეს იმგვარი ცვლილებები, რომ იგი შეესაბამებოდეს ამ მრავალმხრივი შეთანხმების დებულებებს.
მუხლი 27🔗
შეთანხმების შეწყვეტა
თითოეულ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით გაუგზავნოს შეტყობინება მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება ICAO-ს. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიმღები მხარის ადგილობრივი დროით შუაღამისას, მეორე მხარის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან ზუსტად 1 წლის გასვლის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. ერთ-ერთი მხარის მიერ შეტყობინების მიღების ფაქტის უარყოფის შემთხვევაში, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ICAO-ს მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.
მუხლი 28🔗
ICAO-ში რეგისტრაცია
ეს შეთანხმება და მისი ნებისმიერი ცვლილება, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, უნდა დარეგისტრირდეს ICAO-ში იმ მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მოეწერა ხელი ამ შეთანხმებას, ან მხარეებს შორის ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 29🔗
ძალაში შესვლა
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო ნოტის მიღების თარიღიდან 30 დღის შემდეგ, რომლებითაც ისინი ადასტურებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულებას.
2. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება 1995 წლის 19 ივნისის ,,შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში”.
რის დასტურადაც, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. იერუსალიმში, 2012 წლის 6 აგვისტოს, რაც შეესაბამება 5772 წლის 6 აგვისტოს, ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტების ან გამოყენებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ისრაელის სახელმწიფოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დანართი A
მარშრუტების განაწესი
1. ამ დანართის შესაბამისად, თითოეული მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა პუნქტებს შორის შემდეგ მარშრუტებზე:
A. მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციაც უნდა განახორციელოს საქართველოს მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა:
ნებისმიერი პუნქტიდან საქართველოში, შუალედური პუნქტის გავლით, ისრაელში ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით ან ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით მათ საზღვრებს გარეთ.
B. მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციაც უნდა განახორციელოს ისრაელის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა:
ნებისმიერი პუნქტიდან ისრაელში, შუალედური პუნქტის გავლით, საქართველოში ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით ან ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით მათ საზღვრებს გარეთ.
2. ნებისმიერი ან ყველა ფრენის დროს, მხარეთა მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოტოვონ ნებისმიერი შუალედური ან საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტი, იმ პირობით, რომ ყველა მომსახურება იწყება ან მთავრდება ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიაზე.
3. მეხუთე ჰაერისა და სტოპ-ოვერის უფლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულია შესაბამისი შეთანხმება.