აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის “ ფარგლებში ერთობლივი სამეცნიერო-საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერა” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.07.2013
ნომერი №97/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016617
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 4 | ხარჯები და სამუშაოთა განრიგი (რამდენად ოპტიმალურად არის დაგეგმილი პროექტში დროითი, ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსების გამოყენება) |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| სუსტი | საშუალო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის “ ფარგლებში ერთობლივი სამეცნიერო-საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერა” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№97/ნ
2013 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის “ ფარგლებში ერთობლივი სამეცნიერო-საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერა” დებულების დამტკიცების თაობაზე
„სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ერთობლივი სამეცნიერო-საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერა” დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი
დანართი №1
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო -ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის “ ფარგლებში ერთობლივი სამეცნიერო-საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერა” დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (შემდგომში - CRDF-Global), საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (შემდგომში – სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ერთობლივი სამეცნიერო-საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერა” - მიზანია: აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოს (შემდგომში - DTRA) ინტერესის სფეროში შემავალ და ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან დისციპლინებში მაღალი ხარისხის, ინოვაციური ბიოლოგიური კვლევის ხელშეწყობა და მდგრადი ქართულ-ამერიკული სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარება.
2. დაფინანსდება კონკურსის საფუძველზე შერჩეული 10-მდე ახალგაზრდა მეცნიერის 18-თვიანი პროექტი. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერი პროექტის ფარგლებში კვლევების ჩასატარებლად უნდა ეწვიოს აშშ-ის კვლევით ლაბორატორიას 8 თვემდე ვადით.
3. კონკურსისთვის შერჩეული სამეცნიერო თემატიკა მოიცავს ბიოსამედიცინო კვლევების ისეთ სფეროებს, რომლებიც შედის DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში – CBEP) ფარგლებში და ხელს უწყობს საქართველოს ინტერესებში შემავალი შესაბამისი პრობლემების გადაწყვეტას. კონკურსზე დაიშვება, აგრეთვე, ის კვლევები, რომლებიც მიეკუთვნება ფონდის მიერ შეთავაზებულ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო თემატიკას: გარემო და ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საკვები პროდუქტების უსაფრთხოება.
4. პროგრამა მოწოდებულია დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ მკვლევრებს სამეცნიერო კარიერის საწყის ეტაპზე, კერძოდ, მისცეს მათ შემდეგი შესაძლებლობები:
ა) კვლევასა და პროფესიონალურ ზრდაში ახალი პერსპექტივების შექმნა;
ბ) ახალი კონტაქტების დამყარება და გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს უცხოელ მეცნიერებთან შემდგომ თანამშრომლობას;
გ) თანამედროვე ლაბორატორიულ ბაზაზე ახალი იდეების შემოწმება;
დ) თანამედროვე აპარატურაზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება;
ე) კვლევით საქმიანობაში წინსვლა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდა.
5.კონკურსში გამარჯვებულმა აპლიკანტებმა უნდა მიიღონ ვიზა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ვიზის მიუღებლობის შემთხვევაში პროექტი არ დაფინანსდება. ასეთ შემთხვევაში ფონდის, CRDF-Global-ისა და სსგფ-ის ურთიერთშეთანხმებით დაფინანსება შესაძლოა შეთავაზებულ იქნეს საუკეთესო შეფასების მქონე მომდევნო აპლიკანტ(ებ)ისადმი.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ბ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;
გ) CRDF Global – აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდთან ერთად გააფორმა „2007-2008 წლებში STEP-ის ბიზნეს-პარტნიორობის პროექტების ერთობლივი დაფინანსების შესახებ შეთანხმება“ და „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდსა და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“;
დ) სსგფ – საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) გააფორმა ხელშეკრულება – „სსიპ – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს შორის 2008 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამა – „ბიზნეს-პარტნიორობის გრანტების“ განხორციელების თაობაზე”;
ე) DTRA - აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტო;
ვ) CBEP - DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამა;
ზ) აპლიკანტი/გრანტის მიმღები – საქართველოს მოქალაქე მეცნიერი, ინჟინერი, ინოვატორი, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;
თ) გამგზავნი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ერიცხება ფონდის მხრიდან გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება; გამგზავნი ორგანიზაცია უზრუნველყოფს აპლიკანტს/გრანტის მიმღებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საქართველოში პროექტით გათვალისწინებული კვლევების ჩასატარებლად, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
ი) მიმღები ორგანიზაცია - აშშ-ის უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი ან ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც გრანტის მიმღები ატარებს პროექტით გათვალისწინებული კვლევების ნაწილს;
კ) ხელმძღვანელი გამგზავნ ორგანიზაციაში – საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებას და პროექტით გათვალისწინებულ კვლევას;
ლ) ხელმძღვანელი მიმღებ ორგანიზაციაში – აშშ-ის მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს მიმღებ ორგანიზაციაში პროექტით გათვალისწინებულ კვლევის შესრულებას;
მ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარმოდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ნ) საერთო საგრანტო დაფინანსება – ფონდის და CRDF Global-ის მიერ გამოყოფილი ჯამური საგრანტო დაფინანსება;
ო) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამგზავნი ორგანიზაციის მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
პ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ჟ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები.
მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსს ადმინისტრირებას ერთობლივად უწევენ ფონდი, CRDF Global-ი და სსგფ.
2. გრანტის მიმღებთა დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი და CRDF Global-ი.
3. ფონდი:
ა) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის საჯაროდ გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას;
გ) CRDF Global-თან და სსგფ-თან პარალელურად ამოწმებს საპროექტო განაცხადის შესაბამისობას კონკურსის პირობებთან და ელექტრონული ფოსტით აცნობებს აპლიკანტებს შემოწმების შედეგების შესახებ;
დ) სსგფ-თან ერთად შეარჩევს ქართველ ექსპერტებს საპროექტო განაცხადების შეფასების ორივე ეტაპისთვის, რომელზეც ხდება განაცხადების სამეცნიერო დონის/ღირებულების დადგენა;
ე) საპროექტო განაცხადების შეფასების მეორე ეტაპისთვის, სსგფ-თან ერთად აყალიბებს ექსპერტთა კომისიას (პანელს), რომელიც CRDF Global-ის ანალოგიურ სტრუქტურასთან პარალელურად (ან ერთობლივად) განიხილავს საპროექტო განაცხადებს, ამზადებს შეთანხმებულ რანჟირებულ სიას და ამ სიიდან წარუდგენს არაუმეტეს 10 საუკეთესო საპროექტო განაცხადს დასამტკიცებლად ფონდის სამეცნიერო საბჭოს;
ვ) უზრუნველყოფს CRDF Global-თან და სსგფ-სთან ერთად ფონდის სამეცნიერო საბჭოსა და CRDF Global-ს მიერ დამტკიცებული არაუმეტეს 10 პროექტის დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
1. კონურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს.
2. აპლიკანტი უნდა იყოს დოქტორანტი ან დოქტორი (ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი), რომელსაც აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების მომენტიდან ათვლილ წინა ხუთ წელიწადში.
3. აპლიკანტი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
4. წინამდებარე კონკურსში აპლიკანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
5. მკვლევრები, რომლებიც ამჟამად ჩართულნი არიან CRDF Global/ფონდის/სსგფ-ის პროგრამებში პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსით, ვერ მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში.
6. აშშ-ში მივლინების შემდეგ აპლიკანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში.
7. აპლიკანტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, როგორც გამგზავნ, ისე მიმღებ ორგანიზაციაში.
8. ხელმძღვანელი მიმღებ ორგანიზაციაში:
ა) არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში იგი უნდა ცხოვრობდეს აშშ-ში;
ბ) არ უნდა იყოს ჩართული თავდაცვით და სამხედრო თემატიკაზე ორიენტირებულ კვლევებში და მისი სამეცნიერო საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს სამოქალაქო გარემოში;
გ) უნდა მუშაობდეს სრული სამუშაო დატვირთვით უნივერსიტეტში, სახელმწიფო ლაბორატორიაში, ან არამომგებიან/არასამეწარმეო ორგანიზაციაში.
9. პროექტში შესაძლოა გათვალისწინებული იყოს დამხმარე პერსონალის მონაწილეობა.
მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. შესაძლებელია არაუმეტეს 10 პროექტის დაფინანსება. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო თითოეული პროექტის საერთო საგრანტო დაფინანსება – 30 000 აშშ დოლარს, რომლის არაუმეტეს 40%-ს გასცემს ფონდი.
2. პროექტის საერთო საგრანტო დაფინანსების 25% შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიმღები ორგანიზაციის მიერ გრანტის მიმღების ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
3.ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება გამგზავნი ორგანიზაციის მიერ გახსნილ საგრანტო ანგარიშზე. ტრანშების მოცულობა იგეგმება შესაბამის პერიოდში/ეტაპზე პროექტში განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით. თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა 6 თვეა.
4. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გამგზავნ/მიმღებ ორგანიზაციას ან/და გრანტის მიმღებს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება
1. პროექტის დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს:
ა) გრანტის მიმღების შრომის ანაზღაურება: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გრანტის მიმღების შრომის ანაზღაურებას;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას;
გ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად;
დ) საქონელი და მომსახურება: „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯები. აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს მივლინების და ზედნადებ ხარჯებს.
ე) არაფინანსური აქტივები: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს, ძირითადი აქტივის შეძენის ხარჯს, რომელთა საექსპლუატაციო ვადა აღემატება ერთ წელს, მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება მომსახურების პროცესში და ერთეულის ღირებულება შეადგენს 500 ლარს და მეტს და „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით, არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების გაწევას.
ვ) ზედნადები ხარჯები: აღნიშნული კატეგორია მოიცავს, გამგზავნი ორგანიზაციის მიერ გასაწევ ხარჯს, როგორიცაა: კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, მიზნობრივი/მუნიციპალური დასუფთავების, საბანკო მომსახურების, ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 5%-ს.
2. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.
მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) საპროექტო განაცხადების ფონდში, CRDF Global და სსგფ-ში წარმოდგენა;
გ) შემოსული საპროექტო განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) სსგფ-ის მიერ კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი საპროექტო განაცხადების მქონე აპლიკანტების ინგლისური ენის ცოდნის დონის შემოწმება;
ე) ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნის მქონე აპლიკანტთა საპროექტო განაცხადების სამეცნიერო დონის/ღირებულების დადგენა ფონდისა და სსგფ-ის მიერ შერჩეული ქართველი ექსპერტებისა და CRDF Global-ის ექსპერტების მიერ;
ვ) საპროექტო განაცხადების განხილვა პარალელურად (ან ერთობლივად) ორი კომისიის (პანელის) მიერ, რომელთაგან ერთი იქნება დაკომპლექტებული ქართველი, ხოლო მეორე - CRDF Global-ის ექსპერტებისაგან;
ზ) კომისიების მიერ საპროექტო განაცხადების პარალელურ რეჟიმში განხილვის შემთხვევაში, შეფასებული პროექტების რანჟირებული სიების ერთმანეთს შორის გაცვლა და შეთანხმებული რანჟირებული სიის მომზადება;
თ) ქართულ და CRDF Global-ის კომისიებს შორის შეთანხმებული რანჟირებული სიიდან არაუმეტეს 10 საუკეთესო საპროექტო განაცხადების დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის სამეცნიერო საბჭოსა და CRDF Global-ის მიერ;
ი) გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება ფონდისა და სსგფ-ის მიერ;
მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება
1. ფონდის, CRDF Global-ისა და სსგფ-ს მიერ ხდება შემოსული საპროექტო განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. სსგფ-ს მიერ ხდება კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი საპროექტო განაცხადების მქონე აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონის შემოწმება.
3. შეფასების პირველ ეტაპზე როგორც ფონდისა და სსგფ-ის მიერ შერჩეული ქართველი ექსპერტების, ისე CRDF Global-ის ექსპერტების მიერ ხდება ინგლისური ენის ცოდნის მოთხოვნილი დონის მქონე აპლიკანტთა საპროექტო განაცხადების სამეცნიერო ღირებულების შეფასება.
4. შეფასების მეორე ეტაპზე ხდება საპროექტო განაცხადების განხილვა პარალელურად (ან ერთობლივად) ორი კომისიის (პანელის) მიერ, რომლებიც შედგებიან შესაბამისად ქართველი და CRDF Global-ის ექსპერტებისაგან.
5. შეფასების როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპებზე გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) სამეცნიერო დონე/ღირებულება;
ბ) CBEP-ის ან/და ფონდის მიერ შეთავაზებული, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო თემატიკის შესაბამის მიზნებთან შესატყვისობა;
გ) ლაბორატორიული შესაძლებლობები;
დ) ხარჯები და სამუშაოთა განრიგი.
6. ქართულ და CRDF Global-ის კომისიებს შორის შეთანხმებული რანჟირებული სიიდან არაუმეტეს 10 საუკეთესო საპროექტო განაცხადის წარდგენა დასამტკიცებლად ფონდის სამეცნიერო საბჭოსა და CRDF Global-ისთვის;
7. საპროექტო განაცხადების შეფასებაში მონაწილე ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი (ფონდის მოთხოვნები)
1. დაუშვებელია საპროექტო წინადადების შეფასებაში/განხილვაში მონაწილე ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. დაუშვებელია კონკურსში ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.
3. დაუშვებელია კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა რაიმე სტატუსით.
4. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ექსპერტი პირი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია აპლიკანტთან, ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო–კვლევით პროექტში, ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი);
ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
5. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
6. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
7. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება და პროექტის მონიტორინგი ფონდის მიერ
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ გრანტის მიმღებსა და გამგზავნ ორგანიზაციასთან.
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე გამგზავნი ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.
3. ფონდი უფლებამოსილია, გამგზავნი ორგანიზაციისა და გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ბიუჯეტში განახორციელოს ცვლილება.
4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
5.ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან.
6. პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღებისა და გამგზავნი ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
7. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
დანართი №2
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული ერთობლივი კონკურსის „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერა”
კრიტერიუმების დასახელება
ქულების დიაპაზონი
შეფასება
სუსტი
საშუალო
კარგი
1
პროექტის სამეცნიერო დონე/ღირებულება (რამდენად ნათლად ჩანს პროექტში დასმული კვლევითი ამოცანა; რამდენად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მიდგომები და რამდენად მოსალოდნელია კვლევის მეთოდოლოგიამ უზრუნველყოს პროექტის მიზნების მიღწევა; რამდენად სრულყოფილად არის აღწერილი კვლევისას მოსალოდენლი რისკები და მათი დაძლევის გზები; რა დონის სამეცნიერო შედეგებია მოსალოდნელი და რა აკადემიურ დონეზე იგეგმება მათი გამოქვეყნება/ გასაჯაროება)
1-17
18-29
30-35
2
კონკურსის მიზნებთან პროექტის შესაბამისობა (არიან თუ არა კვლევაში ჩართულები, მკვლევრები/ორგანიზაციები რომლებსაც აქვთ გამოცდილება და უახლესი ცოდნა CBEP-ის და საქართველოსთვის საერთო ინტერესის მქონე ბიოლოგიური პათოგენების კვლევის სფეროში; შეიცავს თუ არა კვლევა ადამიანთა და ცხოველთა პოპულაციებში დაავადებების ზუსტად გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მასზე ინფორმირების გაუმჯობესების პოტენციალს; როგორ არის გათვალისწინებული პროექტის დასრულების შემდგომ კვლევის შესაძლებლობა)
1-17
18-25
26-30
3
ლაბორატორიული შესაძლებლობების შეფასება (რამდენად სრულყოფილად არის აღწერილი და რამდენად შეესაბამება პროექტის მიზნებს კვლევის საშუალებები, მოწყობილობები, პერსონალი, და მიმღები ორგანიზაციის მხარდაჭერა. რამდენად შეესაბამება აპლიკანტისა და მიმღები ორგანიზაციიდან სამეცნიერო ხელმძღვანელის კვალიფიკაცია პროექტის მიზნებს)
1-8
9-12
13-15
4
ხარჯები და სამუშაოთა განრიგი (რამდენად ოპტიმალურად არის დაგეგმილი პროექტში დროითი, ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსების გამოყენება)
1-11
12-16
17-20
სულ