დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2013
ძალაში შესვლა 06.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-30/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470140000.22.035.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-30/ნ
2013 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლების, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების მონიტორინგისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სამართალსუბიექტი (სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება) „სასწრაფო შეტყობინების“ ფარგლებში უზრუნველყოფს სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას, რომელიც უკავშირდება:
ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე მშობიარობიდან პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას;
ბ) მკვდრადშობადობის თითოეულ შემთხვევას;
გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას.
2.
ამ ბრძანების მიზნებისათვის „სასწრაფო შეტყობინება“ გულისხმობს:
ა) შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შემდეგი სახის სატელეფონო ინფორმაციის მიწოდებას: შემთხვევის იდენტიფიკაცია (დედის სიკვდილი, 0-1 წლამდე ბავშვის სიკვდილი, 1-5 წლამდე ბავშვის სიკვდილი, მკვდრადშობადობა), გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასაკი, გარდაცვალების მიზეზი (წინასწარი დიაგნოზი), გარდაცვალების დრო და ადგილი (მ.შ ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში - დაწესებულების დასახელების მითითებით), შეტყობინების გადამცემი პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, სასწრაფო სატელეფონო შეტყობინება უნდა განხორციელდეს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2-510039 (1401), 2-510039 (1405);
ბ) შემთხვევის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის წერილობითი სახით დადასტურებას. ამ ფორმით ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ ბრძანების დანართის მიხედვით შევსებული ფორმით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ელექტრონულ ფოსტაზე mch@moh.gov.ge;
გ) სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებას შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა: სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს (შემდგომში - დედათა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო) სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი, დანომრილი გვერდებით, ზონარგაყრილი, აკინძული და დამოწმებული ბეჭდით პირველ და ბოლო გვერდზე ისე, რომ არ იფარებოდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ამსახველი ჩანაწერები.
3.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასწრაფო სატელეფონო შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის გაგზავნას ელექტრონულ ფოსტაზე mch@moh.gov.ge, წერილობითი ფორმით მიღებული ინფორმაციის შეჯერებას სატელეფონო ინფორმაციასთან და შეჯერებული ინფორმაციის გადაგზავნას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთვის.
4.
სასწრაფო შეტყობინების ფარგლებში შემოსული მონაცემების ოპერატიული დამუშავების მიზნით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს მონაცემების ყოველდღიურად შეტანას ერთიან მონაცემთა ბაზაში, მათ რაოდენობრივ ვალიდაციას, სისტემატიზაციას, კლასიფიცირებას (წინასწარი დიაგნოზებისა და სიკვდილის მიზეზების, გესტაციური ასაკის, ბავშვის წონის, სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობისდა სხვა მონაცემების მიხედვით) და რაოდენობრივი ანალიზის მომზადებას.
5.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების ფარგლებში მიღებული ყოველთვიური მონაცემების შედარებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, დაავადებებზე ზედამხედველობის ერთიანი ინფორმაციული სისტემისა და რუტინული სტატისტიკით მიღებულ მონაცემებთან.
6.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან დასაგზავნი იმ სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების შერჩევას, რომელიც უკავშირდება:
ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე) გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას;
ბ) ახალშობილის გარდაცვალების იმ შემთხვევებს, რომლებიც თან ახლავს დედის სიკვდილს;
გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის ცალკეულ შემთხვევებს საანგარიშო პერიოდში შემოსული შეტყობინებების 15%-ის შემთხვევითი შერჩევით.
7.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შერჩეული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების დამუშავებას ისეთი სახით, რომელიც არ იძლევა პაციენტის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და დაგზავნას შესაბამისი დარგის ექსპერტებთან.
8.
სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული ინფორმაცია წარმოადგენს სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციას და მისი მიწოდების კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“, რომელსაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ მიეწოდება ინფორმაცია სასწრაფო შეტყობინების ვალდებულებების დამრღვევი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი სამართალსუბიექტის შესახებ.
9.
დამტკიცდეს თანდართული დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №1 და დანართი №2).
10.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 თებერვლის №01-3/ნ ბრძანება ,,დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ”.
11.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო