განჩინება შპს „ანდერგრაუნდის“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება შპს „ანდერგრაუნდის“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
საქმე №2/7502-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2013 წლი
ს
15
ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე:
ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი:
სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
წარმომადგენელი:
შალვა კოპალეიშვილი
მოთხოვნა:
შ.პ.ს. ,,ანდერგრაუნდის” მიმართ გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით შ.პ.ს.
„ანდერგრაუნდის” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოს შპს
„ანდერგრაუნდის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2013 წლის 30 აპრილს. 2013 წლის 31 მაისს საფოსტო განყოფილებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს შ.პ.ს. ,,ანდერგრაუნდის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას. განმცხადებლის მითითებით, შპს „ანდერგრაუნდს” ბიუჯეტის მიმართ აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 6 079,61 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურს
ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. აღნიშნული განჩინება ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2013 წლის 13 ივნისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 14 (თოთხმეტი) კალენდალური დღით. აღნიშნული განჩინება ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2013 წლის 21 ივნისს, თუმცა განმცხადებელს არ მოუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების მიზნით.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნას მიღებული წარმოებაში ხოლო მოვალე შ.პ.ს „ანდერგრაუნდი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ს.ს.ი.პ შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს. „ანდერგრაუნდი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
:
ს.ს.ი.პ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შ.პ.ს. ,,ანდერგრაუნდის” (ს/კ 205210804) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
შპს „ანდერგრაუნდი” (ს/კ 205210804) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შ.პ.ს. ,,ანდერგრაუნდის” რეგისტრაცია.
განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე:
ლაშა ქოჩიაშვილი