საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2013
ძალის დაკარგვა 13.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/4
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი მირიანე ოდიშარია | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/4
2013 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 ივლისის N525 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრიმირიანე ოდიშარია
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
„კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდი“ (შემდგომში – ფონდი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის საქმიანობას.
2.
ფონდის დამფუძნებელია სახელმწიფო.
3.
ფონდის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდი“.
4.
ფონდს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. ფონდი უფლებამოსილია, თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
5.
ფონდი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
6.
ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქ. №4.
მუხლი 2🔗.
ფონდის მიზნები
ფონდის მიზნებია:
1.
ქართული კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრა-შესაფასება, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმალური ნიშების შერჩევა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარება;
2.
ქართული კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და ორგანიზაციების კულტურის სფეროების ბაზრებზე ორიენტირებული მუშაობის ხელშეწყობა და იმ ახალგაზრდების სტიმულირება, რომლებიც კულტურის სფეროში მოღვაწეობაზე აკეთებენ არჩევანს;
3.
ქართული კულტურის აღმავლობისა და ფინანსური მდგრადობის მიღწევის ხელშეწყობა საინვესტიციო და კომერციული პროექტების განხორციელების გზით;
4.
კულტურის მოხმარების ზრდის ხელშეწყობა სხვადასხვა მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების საშუალებით;
5.
საქართველოს კულტურის სფეროს ხელშეწყობისათვის სხვადასხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 3🔗.
ფონდის საქმიანობის საგანი
1.
ფონდის საქმიანობის საგანს წარმოადგენს კულტურის სფეროს კომერციალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ:
ა) ინვესტიციები კომერციულად მომგებიან პროექტებში;
ბ) ინვესტიციები კულტურის მოხმარებაზე ორიენტირებულ პროექტებში;
გ) გაცვლითი პროგრამებისა და წორქშოპების ორგანიზება კულტურის მენეჯერებისათვის;
დ) ხელოვანებისა და შემსრულებლების ხელშეწყობა მათ საქმიანობაში, მათ შორისб საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებსა და აუქციონებზე საკუთარი პროდუქციის წარმოჩენაში;
ე) გამოფენებისა და აუქციონების მოწყობა (მათ შორისб საერთაშორისო სააუქციონო სახლებთან და მუზეუმებთან თანამშრომლობით) ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარიატის ბაზრის მოწესრიგებისათვის.
2.
ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
მუხლი 4🔗.
ფონდის უფლება-მოვალეობანი
1.
ფონდს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პროექტების არჩევისას;
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;
დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი საქმიანობის სტრატეგია და მეთოდოლოგია;
ე) შეიმუშაოს ფონდის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ფონდის დებულების შესაბამისად.
2.
ფონდს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4.
ფონდი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მუხლი 5🔗.
ფონდის ხელმძღვანელობა
1.
ფონდის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საჯარო სამართლოს იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2.
ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი.
3.
დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4.
ფონდის დირექტორი:
ა) არის ფონდის საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია ფონდის საერთო საქმიანობაზე;
გ) ამტკიცებს ფონდის სტრუქტურას;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, სახელფასო განაკვეთებს და ფონდის თანამშრომელთა წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) უზრუნველყოფს ფონდის დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;
ზ) წყვეტს ფონდის სტრატეგიულ და მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
თ) უფლებამოსილია, მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება ფონდის დირექტორის მოადგილეზე;
ი) იღებს გადაწყვეტილებას ფონდის მიერ პროექტების დაფინანსების ან საინვესტიციო საქმიანობის შესახებ.
5.
ფონდის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს ორი მოადგილე.
6.
ფონდის დირექტორის მოადგილე:
ა) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას;
ბ) ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.
მუხლი 6🔗.
ფონდის ქონება
ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 7🔗.
ფონდის დაფინანსების წყაროები
1.
ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;
ბ) უცხოური და ადგილობრივი წყაროებიდან მოზიდული სახსრები;
გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;
დ) კერძო შემოწირულობანი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2.
ფონდის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
მუხლი 8🔗.
ფონდის სახელმწიფო კონტროლი
1.
ფონდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2.
ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3.
სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗.
ფონდის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება
1.
ფონდი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დადგენილი წესისა და ნორმების შესაბამისად.
2.
ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗.
ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.