განჩინება შპს „ლაზიკა“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1029-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1029-13

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2013 წლის22 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი – შპს „ლაზიკა’’;

(საიდენტიფიკაციო ნომერი 419986206)

წარმომადგენელი – მიხეილ ნამადოვი (დირექტორი);

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ ერთპიროვნულად განიხილა შპს „ლაზიკას’’ დირექტორის მიხეილ ნამადოვის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ,

გამოარკვია:

 

2013 წლის 17 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა „ლაზიკას’’ დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა და აღნიშნა, რომ კომპანია დაფუძნდა 2012 წლის 1 ივნისს, კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა პურ-პროდუქტების წარმოება. ამავე წლის 1 ივნისიდან კომპანიამ იჯარით აიღო ქ. ზუგდიდში მდებარე პურის ქარხანა, რომელიც წარმოადგენდა შპს „კოლხის’’ საკუთრებას, ხოლო ხსენებულმა კომპანიამ შეწყვიტა აღნიშნულ საწარმოში ფუნქციონირება. აქტიური მარკეტინგული კამპანიით და მაღაზიებისათვის ექსკლუზიური ფასების შეთავაზების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო მომგებიანობის იმ ნიშნულზე გასვლა, რომლითაც შეძლებდა ყოველთვიური ხარჯების დაფარვას.

2012 წლის ოქტომბერში დადგა შპს „კოლხის’’ ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისების საკითხი, რათა დაეკმაყოფილებინა არსებული ვალდებულებები. კომპანია ვეღარ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ შპს „ლაზიკა’’ შეძლებდა ჩვეულ რიტმში იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გაეგრძელებინა ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, შპს „კოლხი’’ იძულებული გახდა შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება შპს „ლაზიკასთან’’;

კომპანიას ამ ეტაპზე  გააჩნია დაახლოებით შემოსავლების სამსახურის 7744,69 ლარი ვალის სახით, რომელიც არის უზრუნველყოფილი კრედიტორი. კომპანიისადმი სხვა პირთა ვალები შეადგენს დაახლოებით 10400 ლარს, რაიმე სახის ფულადი სახსრები ან ქონება კომპანიას არ გააჩნია. განმცხადებელი ითხოვს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს „ლაზიკა’’ გამოცხადდეს გაკოტრებულად.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად,არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „ლაზიკას’’ არ გააჩნია არავითარი უძრავი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება,ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში,მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არათუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად,პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ლაზიკას’’ დირექტორს, მიხეილ ნამადოვს, უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

 

       მოსამართლე                                                               გენადი მაკარიძე