საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 13.10.2009
ძალაში შესვლა 30.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №49/4
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2013
matsne.gov.ge 2,619 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.10.2009 მიღება
30.05.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით ზურაბ პოლოლიკაშვილი ეკონომიკის განვითარების მინისტრი ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის სახელით მუსტაფა ჯასიმ ალ-შამალი ფინანსთა მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში  „ხელშემკვრელი მხარეები“),       სურთ რა შექმნან ხელსაყრელი პირობები მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის და, კერძოდ, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციებისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;            აღიარებენ რა, რომ ასეთი ინვესტიციების წახალისება და ურთიერთდაცვა სტიმულს მისცემს ორივე ხელშემკვრელი მხარის საქმიან ინიციატივებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის დონის ამაღლებას,       შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები ამ შეთანხმების მიზნებისათვის: 1. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის აქტივს ან უფლებას, რომელსაც  ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი ფლობს ან აკონტროლებს, პირდაპირ ან არაპირდაპირ,  მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოიცავს, და არა მხოლოდ: (a) მოძრავ და უძრავ ქონებას და ნებისმიერ სხვა ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იჯარა, იპოთეკა, გირავნობა და სხვა უფლებები; (b) კომპანიას, ან აქციებს, ფასიან ქაღალდებს და სააქციო კაპიტალში მონაწილეობის სხვა ფორმებს, ობლიგაციებს, სავალო ვალდებულებებს, და ვალზე დარიცხულ პროცენტებს, სხვა ვალებს და სესხებს და ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ინვესტორის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს; (c)     ფულად მოთხოვნებს ან ნებისმიერი სხვა აქტივის ან შესრულების  მოთხოვნებს, ეკონომიკური ღირებულების მქონე კონტრაქტის შესაბამისად; (d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომლებიც მოიცავს, და არა მხოლოდ,  საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, სამრეწველო ნიმუშებს და მოდელებს, ტექნოლოგიურ პროცესებს, ნოუ-ჰაუს, კომერციულ საიდუმლოებებს, საფირმო დასახელებებს, გუდვილებს და სხვა მსგავს უფლებებს; (e) ნებისმიერ უფლებას,  მინიჭებულს კანონით, კონტრაქტით ან კანონის შესაბამისად გაცემული ნებისმიერი ლიცენზიისა თუ ნებართვის საფუძველზე, ბუნებრივი რესურსების ძიების, კვლევის, მოპოვების ან ექსპლუატაციის უფლებების ჩათვლით, და ეკონომიკური ან კომერციული საქმიანობის განხორციელების ან მომსახურების გაწევის უფლებებს. ტერმინი „ინვესტიცია“ გულისხმობს ასევე „შემოსავლებს“, რომლებიც გამოიყენება  რეინვესტირებისათვის, და „ლიკვიდაციის” შედეგად მიღებულ თანხებს “, ამ ტერმინების შემდგომი დეფინიციების შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება იმ ფორმისა, რომელშიც ინვესტირებულია ან რეინვესტირებულია აქტივები, გავლენას არ მოახდენს მათი, როგორც ინვესტიციის, ხასიათზე. 2. ტერმინი „ინვესტორი“ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებით ნიშნავს: (a) ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა ან მუდმივად ცხოვრობს მის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; (b) ხელშემკვრელ მხარეს; (c) ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია ან რეგისტრირებულია ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი  კანონმდებლობის შესაბამისად, როგორიცაა დაწესებულებები, საწარმოს განვითარების ფონდები, სააგენტოები, ფონდები და სხვა ორგანიზაციები და ორგანოები, და კომპანიები. 3. ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, მიუხედავად იმისა ფულადი შემოსავლის მიღების მიზნითაა ის შექმნილი თუ არა, კერძო პირი ფლობს ან აკონტროლებს მას თუ სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელსაც ფლობენ ან აკონტროლებენ ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, და მოიცავს: (a) ქუვეითის შემთხვევაში: კორპორაციას, კონცერნს, ამხანაგობას, ერთი პირის საწარმოს, ფილიალს, ერთობლივ საწარმოს, ასოციაციას ან სხვა  მსგავს ორგანიზაციას. (b) საქართველოს შემთხვევაში: ერთი პირის საწარმოს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას და კოოპერატივს ან სხვა მსგავს ორგანიზაციას. 4. ტერმინი „შემოსავლები“ ნიშნავს თანხებს, რომლებიც მიღებულია ინვესტიციის შედეგად, მათი გადახდის ფორმის მიუხედავად, და, კერძოდ, მოიცავს, და არა მხოლოდ,  მოგებას, პროცენტს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, დივიდენდებს, როიალტებს და სხვა შენატანებს ან ანაკრეფს, და ნატურით გადახდას, მათი ტიპის მიუხედავად. 5. ტერმინი „ლიკვიდაცია“ ნიშნავს განკარგვას, რომელიც ხორციელდება ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის მიზნით. 6. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს: a) ქუვეითთან მიმართებით: ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას, მათ შორის, ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ ნებისმიერ რაიონს, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არის, ან შეიძლება შემდგომში ქუვეითის სახელმწიფოს კანონმდებლობით განისაზღვროს როგორც ტერიტორია, რომელზედაც ქუვეითის სახელმწიფოს შეუძლია სუვერენული უფლებების ან იურისდიქციის განხორციელება. b) საქართველოსთან მიმართებით: საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიას, მის სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის სახმელთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს. ასევე, კონტინენტურ შელფს და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, რომელთა მიმართებაშიც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. 7. ტერმინი „თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა“ ნიშნავს ნებისმიერ ვალუტას, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი დროდადრო განსაზღვრავს, როგორც თავისუფლად გამოსაყენებელ ვალუტას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლების და მისი ნებისმიერი შესწორების თანახმად. 8. ტერმინი „დაუყოვნებლივ“ ნიშნავს ისეთ პერიოდს, რომელიც საზოგადოდ საჭიროა თანხების ტრანსფერისთვის აუცილებელი ფორმალობების შესასრულებლად. აღნიშნული პერიოდი იწყება ტრანსფერის მოთხოვნის წარდგენის დღეს და იგი არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. მუხლი 2🔗 ინვესტიციების წახალისება და დაცვა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რათა მათ განახორციელონ ინვესტიციები თავის ტერიტორიაზე და დაუშვებს ასეთ ინვესტიციებს თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების საფუძველზე,. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს მიენიჭება სამართლიანი და მიუკერძოებელი რეჟიმი და უზრუნველყოფილი იქნება სრული დაცვით და უსაფრთხოებით საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიიღებს ისეთ უსაფუძვლო ან დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც რაიმე ფორმით შეზღუდავს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლის მიღებას ან განკარგვას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაიცავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებთან მიმართებაში მის მიერ ნაკისრ ნებისმიერ ვალდებულებას. 3. არცერთი ხელშემკვრელ მხარის ინვესტორთა ინვესტიციები, მათი განხორციელების შემდეგ, არ ექვემდებარება ისეთი  დამატებითი საექსპლოატაციო ნორმების შესრულებას, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ სიცოცხლისუნარიანობას ან უარყოფითად იმოქმედოს მათ გამოყენებაზე, მართვაზე, განხორციელებაზე, ოპერირებაზე, ზრდაზე, გაყიდვაზე ან სხვა ფორმით განკარგვაზე, თუ ამას არ ითვალისწინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა ან საერთაშორისო ვალდებულებები. მუხლი 3🔗 ეროვნული ან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მათი ინვესტიციების ჩადებასთან, გამოყენებასთან, მართვასთან, განხორციელებასთან, ოპერირებასთან, გაფართოებასთან, გაყიდვასთან ან სხვა ფორმით განკარგვასთან დაკავშირებით ანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს სიტუაციებში ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, იმის მიხედვით თუ რომელი რეჟიმი უფრო ხელსაყრელია. 2. ამასთანავე, ამ მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებზე გაავრცელოს ნებისმიერი ისეთი რეჟიმი, პრეფერენცია ან პრივილეგია, რომელიც გამომდინარეობს: (a) ნებისმიერი საბაჟო კავშირიდან, ეკონომიკური კავშირიდან, თავისუფალი სავაჭრო ზონიდან, სავალუტო კავშირიდან, ან რეგიონული ეკონომიკური შეთანხმებიდან ან სხვა მსგავსი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლის მონაწილეც არის ან შეიძლება გახდეს რომელიმე ხელშემკვრელი მხარე; ან (b) ნებისმიერი საერთაშორისო რეგიონული  ან ორმხრივი შეთანხმებიდან ან სხვა მსგავსი შეთანხმებიდან ან ნებისმიერი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას. მუხლი 4🔗 ზარალის ან დანაკარგის კომპენსაცია თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციები განიცდის ზარალს ან დანაკარგს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, აჯანყების, სამოქალაქო არეულობის, ამბოხების ან სხვა მსგავსი გარემოების გამო, ამ ინვესტიციებს რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ეს უკანასკნელი მხარე მიანიჭებს ისეთ რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ეს ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, იმის მიხედვით თუ რომელი რეჟიმი უფრო ხელსაყრელია. მუხლი 5🔗 ექსპროპრიაცია 1. (a) ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები არ იქნება ნაციონალიზებული, ექსპროპრიირებული, ჩამორთმეული ან მათ მიმართ აქ იქნება მიღებული ნაციონალიზაციის, ექსპროპრიაციის ან ჩამორთმევის (შემდგომში  ერთობლივად მოხსენიებული როგორც „ექსპროპრიაცია“) ეკვივალენტური ეფექტის მქონე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზომები  მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, თუ ამას არ მოითხოვს საზოგადოებრივი მიზნები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ხელშემკვრელი მხარის შიდა საჭიროებასთან, და თუ არსებობს პირობა, რომ გაიცემა დაუყოვნებელი, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაცია და რომ ასეთი ზომები მიიღება არადისკრიმინაციულ საფუძველზე და სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვით. (b) ასეთი კომპენსაციის თანხა უტოლდება ექსპროპრიირებული ინვესტიციის ფაქტობრივ ფასს და განისაზღვრება და გამოიანგარიშება საერთაშორისოდ აღიარებული შეფასების პრინციპების შესაბამისად იმ საბაზრო ფასით, რომელიც არსებობს ინვესტიციის ექსპროპრიაციის მომენტისთვის ან იმ მომენტისთვის, როცა მოსალოდნელი ექსპროპრიაცია საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, იმის მიხედვით თუ რომელიც უფრო ადრე განხორციელდა (შემდგომ მოხსენიებული როგორც „შეფასების თარიღი“). ამგვარი კომპენსაციის თანხა გამოითვლება ინვესტორის მიერ არჩეულ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, შეფასების თარიღისთვის არსებული საბაზრო გაცვლითი კურსით, და მასში შედის ინვესტორის მიერ განცდილი დანაკარგი ექსპროპრიაციის დღიდან კომპენსაციის გადახდის დღემდე, ნაანგარიშევი საბაზრო კომერციული საპროცენტო განაკვეთით.  თუმცა ეს განაკვეთი არ უნდა იყოს იმ მომენტისთვის LIBOR -ის საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები ან მისი ეკვივალნტური, ექსპროპრიაციის თარიღიდან კომპენსაციის გადახდის დღემდე. (c) როდესაც შეუძლებელია კანონიერად დადგინდეს ზემოთ აღნიშნული საბაზრო ფასი, კომპენსაციის თანხა განისაზღვრება სამართლიანი პრინციპებით ყველა სათანადო ფაქტორისა და გარემოების გათვალისწინებით, როგორიცაა ინვესტირებული კაპიტალი, ინვესტიციის ბუნება და ხანგრძლივობა, აღდგენითი ღირებულება, ღირებულების გაზრდა, მიმდინარე შემოსავლები, დისკონტირებული ფულადი მასის მოძრაობის ღირებულება, ნეტო-კაპიტალი და გუდვილი. საბოლოოდ განსაზღვრული კომპენსაციის თანხა დაუყოვნებლივ იქნება გადახდილი ინვესტორისათვის. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული  პრინციპების გათვალისწინებით და ინვესტორის უფლებებთან დაკავშირებული ამ შეთანხმების მე-9 მუხლის დაურღვევლად, დაზარალებულ ინვესტორს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი საქმის დაჩქარებული წესით განხილვა იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან სხვა კომპეტენტური და დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რომელმაც განახორციელა ექსპროპრიაცია, მათ შორის მისი ინვესტიციის შეფასება და კომპენსაციის გადახდა. 3. ექსპროპრიაცია მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს იმ კომპანიის ან საწარმოს აქტივების ექსპროპრიაციას, რომელიც დაფუძნებულია ან რეგისტრირებულია მის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედი კანონების თანახმად და რომელშიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს აქვს ინვესტიცია, რაც შეიძლება მოიცავდეს აქციების, ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციების ან სხვა უფლებების ან ინტერესების ფლობას. 4. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი „ექსპროპრიაცია“ ასევე მოიცავს ხელშემკვრელი მხარის მიერ განხორციელებულ ისეთ ღონისძიებებს ან მარეგულირებელ ზომებს, რომელთა შედეგადაც ინვესტორს ფაქტობრივად ჩამოერთმევა თავის ინვესტიციაზე საკუთრება, კონტროლი ან მისგან მიღებული რეალური სარგებელი, ან რომელთაც შეიძლება შედეგად მოყვეს ინვესტიციის ეკონომიკური ღირებულების დაკარგვა ან შემცირება, როგორიცაა ინვესტიციის გაყინვა ან ბლოკირება, ინვესტიციაზე თვითნებური ან გადაჭარბებული გადასახადის დაწესება, მთლიანი ინვესტიციის ან მისი ნაწილის იძულებითი გაყიდვა, ან სხვა მსგავსი ქმედებები ან ზომები. 5. ამ მუხლის პრინციპებისა და დებულებების შესაბამისად კომპენსაციის მოთხოვნა ასევე წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედების გამო იმ კომპანიაში, რომელშიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს აქვთ ინვესტიცია, ინვესტიციას არსებითი ზიანი მიადგება. მუხლი 6🔗 ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებისთვის თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვას, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმოშობილი ფისკალური და ნებისმიერი სხვა იურიდიული ვალდებულების შესრულებისთანავე. ასეთი გადარიცხვები, კერძოდ, მოიცავს: (a) საწყის კაპიტალს და ნებისმიერ დამატებით კაპიტალს ინვესტიციის მხარდაჭერისთვის, მართვისა და განვითარებისთვის; (b) შემოსავლებს; (c) კონტრაქტის შესაბამისად გადასახდელ თანხებს, სასესხო შეთანხმების ფარგლებში ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის დასაფარად საჭირო პერიოდული შენატანების ჩათვლით; (d) როიალტებს ან 1-ლი მუხლის 1 პუნქტის (d) ქვეპუნქტში მოხსენიებულ უფლებებზე გადასახადებს; (e) ამონაგებს ინვესტიციის სრული ან ნაწილობრივი გაყიდვიდან ან ლიკვიდაციიდან; (f) ინვესტიციასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ დასაქმებული პერსონალისთვის გადასახდელ ხელფასებს და სხვა გასამრჯელოს; (g) მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად გადასახდელი კომპენსაციის თანხებს; (h) მე-7 მუხლში მოხსენიებულ გადახდებს; და (i) დავების გადაწყვეტის შედეგად გადასახდელ თანხებს.          2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტის თანახმად თანხების გადარიცხვა განხორციელდება დაუყოვნებლივ ან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება გადახდა ნატურით. მოთხოვნილი გადარიცხვის დაგვიანების შემთხვევაში დაზარალებული ინვესტორი უფლებამოსილია მიიღოს პროცენტი დაგვიანებული პერიოდისთვის. 3. გადარიცხვა განხორციელდება მასპინძელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებული საქონლის საბაზრო გაცვლითი კურსით. სავალუტო ბაზრის  არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს შიდა ინვესტიციების მიმართ   ყველაზე უკანასკნელად დაფიქსირებული კურსი, ან ის გაცვლითი კურსი, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადგენილებებით, ან კურსი, რომელიც გამოიყენება ვალუტის კონვერტაციის მიზნით Special Drawing Rights-ში ან United Parties Dollars-ში, რომელიც უფრო ხელსაყრელია ინვესტორისთვის.  მუხლი 7🔗 სუბროგაცია 1. თუ ხელშემკვრელი მხარე, მისი სააგენტო ან მის მიერ დანიშნული ნებისმიერი სხვა ორგანო დაფუძნებული ან რეგისტრირებული ამ ხელშემკვრელ მხარის („ამნაზღაურებელი მხარე“) სახელმწიფო ტერიტორიაზე ახორციელებს გადახდას მეორე ხელშემკვრელი მხარის (“ადგილსამყოფელი სახელმწიფო”) სახელმწიფო ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გაცემული საგარანტიო ან საკომპენსაციო შეთანხმების საფუძველზე,  ადგილსამყოფელი სახელმწიფო აღიარებს: (a) ასეთი ინვესტიციიდან გამომდინარე ყველა უფლებისა და მოთხოვნის გადაცემას ამნაზღაურებელი მხარისათვის კანონის ან კანონიერი გარიგების თანახმად; და (b) ამნაზღაურებელი მხარის უფლებას, ისარგებლოს სუბროგაციის საფუძველზე ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა ამგვარი უფლებით, მიიღოს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილება და იკისროს ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა სახის ვალდებულება. 2. ამნაზღაურებელი მხარე ყველა შემთხვევაში უფლებამოსილი იქნება: (a) იმავე რეჟიმზე ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული გადაცემის Aშედეგად შეძენილ უფლებებთან და მოთხოვნებთან და ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით; და (b) ამ უფლებების განხორციელების და მოთხოვნების შესრულების შედეგად მიღებულ ნებისმიერ თანხაზე, ისევე როგორც  თავდაპირველი ინვესტორი იყო უფლებამოსილი ამ შეთანხმების მიხედვით შესაბამის ინვესტიციებთან დაკავშირებით. მუხლი 8🔗 ხელშემკვრელ მხარესა და ინვესტორს შორის დავების გადაწყვეტა 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის ინვესტიციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება დავის მონაწილე მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. 2. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის არსებული დავის მოგვარება შეუძლებელია დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორი დავას გადასცემს: a) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალს, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია, ან b) სპეციალურ ტრიბუნალს, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობის საკითხებზე გაეროს კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, ან c) საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID), დავის მორიგებით ან საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტის მიზნით, რომელიც შექმნილია სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების მოგვარების შესახებ ვაშინგტონის 1965 წლის 18 მარტის კონვენციის საფუძველზე, იმ პირობით თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე მიერთებულია აღნიშნულ კონვენციასთან ან საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის დამატებით დებულებებს (იმ შემთხვევაში თუ კონვენცია არ არის ძალაში შესული რომელიმე მხარესთან მიმართებით). 3. არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს  პროცენტის გადახდას, საბოლოოა და სავალდებულო მოდავე მხარეებისთვის. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. 4. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ინვესტორს შეუძლია მე-2 პუნქტის შესაბამისად  დავა გადასცეს სავალდებულო არბიტრაჟს, მას შეუძლია საარბიტრაჟო სამართალწარმოების აღძვრამდე ან მის პროცესში მოითხოვოს მოდავე ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან ადმინისტრაციული ტრიბუნალისგან რისამე გაკეთების ან რისამე გაკეთებისაგან თავის შეკავების შესახებ დროებითი ბრძანების (injunctive relief) გამოცემა თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, იმ პირობით, რომ იგი არ შეიცავს რაიმე ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას. მუხლი 9🔗 ხელშემკვრელ მხარეთა შორის დავების გადაწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ დავას ხელშემკვრელი მხარეები, თუ შესაძლებელია, გადაწყვეტენ კონსულტაციების ან სხვა დიპლომატიური არხების მეშვეობით. 2. თუ დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონსულტაციების გამართვის ან სხვა დიპლომატიური არხების მეშვეობით დავის გადაწყვეტის მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში, და თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის არ არსებობს სხვაგვარი წერილობითი შეთანხმება, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე დავა გადასცეს სპეციალურ საარბიტრაჟო სასამართლოს ამ მუხლის შემდგომი დებულებების შესაბამისად. 3. საარბიტრაჟო სასამართლო იქმნება შემდეგნაირად:  თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს თითო წევრს და ეს ორი წევრი შემდეგ აირჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით დაინიშნება საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი. ეს წევრები დაინიშნებიან ორი თვის განმავლობაში, ხოლო პრეზიდენტი დაინიშნება ოთხი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ  გადასცეს დავა საარბიტრაჟო სასამართლოს.  4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პერიოდში არ განხორციელდა აუცილებელი დანიშვნები, რაიმე სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოიწვიოს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტი აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მიზნით. თუ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეა ან მას სხვა მიზეზი უშლის ხელს აღნიშნული ფუნქციის შესრულებაში, აუცილებელი დანიშვნების განსახორციელებლად მოიწვევა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს. თუ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა ან მასაც სხვა მიზეზი უშლის ხელს აღნიშნული ფუნქციის შესრულებაში, აუცილებელი დანიშვნების განსახორციელებლად მოიწვევა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს რანგით მომდევნო წევრი, რომელიც არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე არ არის. 5. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ამ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის მოქმედი ნორმების შესაბამისად, რომლებიც სავალდებულოა და საბოლოო ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაფარავს მის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში დანიშნულ წევრთან და საარბიტრაჟო სამართალწარმოებაში მის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს. ხოლო პრეზიდენტისა  და ასევე საარბიტრაჟო სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ დანარჩენ ხარჯებს თანაბრად დაფარავს ორივე ხელშემკვრელი მხარე. ამასთანავე, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ყველა ასეთი ხარჯის უმეტესი ნაწილის გადახდა დააკისროს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს. ყველა სხვა შემთხვევაში საარბიტრაჟო სასამართლო თავად განსაზღვრავს თავის საპროცედურო წესებს. მუხლი 10🔗 ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობები წინამდებარე შეთანხმების დებულებები მოქმედებს, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ხელშემკვრელ მხარეებს შორის დიპლომატიური თუ საკონსულო ურთიერთობები. მუხლი 11🔗 სხვა წესების გამოყენება თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა ან საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულებები, რომლებიც არსებობს ამჟამად ან დაწესდა შემდგომ ხელშემკვრელ მხარეთა შორის, წინამდებარე შეთანხმებასთან ერთად, შეიცავს ზოგად ან სპეციფიკურ ნორმებს, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს ნებას რთავს ინვესტიციების უფრო ხელსაყრელ გამოყენებაზე, ვიდრე ეს წინამდებარე შეთანხმებითაა გათვალისწინებული, წინამდებარე შეთანხმებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭება ამ ნორმებს. მუხლი 12🔗 შეთანხმების გამოყენება წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება ყველა იმ ინვესტიციასთან მიმართებით, რომლებიც არსებობდა შეთანხმების ძალაში შესვლის დროს ან განხორციელდა ამ  თარიღის შემდგომ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფო ტერიტორიაზე. მუხლი 13🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთთანხმობით, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად. მუხლი 14🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ კონსტიტუციური ან შიდასაკანონმდებლო პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან ოცდამეათე დღეს.    მუხლი 15🔗 მოქმედების ხანგრძლივობა და შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება ოცდაათი (30) წლის განმავლობაში და შემდგომში ავტომატურად გაგრძელდება კიდევ ოცდაათი წლით, სანამ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მინიმუმ 1 წლით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება. 2. იმ ინვესტიციებთან  მიმართებით, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ძალაში შესვლამდე, ამ შეთანხმების დებულებები ძალაში დარჩება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თარიღიდან ოცი (20) წლის განმავლობაში. ზემოაღნიშნულის დასტურად, ორივე ხელშემკვრელი მხარის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. ქუვეითში 2009 წლის 13 ოქტომბერს რაც შეესაბამება ჰიჯრით 1430 წლის 24 შავვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე; ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ზურაბ პოლოლიკაშვილი ეკონომიკის განვითარების მინისტრი ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის სახელით მუსტაფა ჯასიმ ალ-შამალი ფინანსთა მინისტრი