საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება
მიღების თარიღი 17.12.2012
ძალაში შესვლა 01.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/183
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება
სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში, როგორც ,,მხარეები“), გრძელვადიანი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
მიზანი
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გამოყოფს 900.000 (ცხრაასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში ფინანსურ რესურსებს. 680.000 (ექვსას ოთხმოცი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად; 170.00 (ას სამოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ. დარჩენილი 50.000 (ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური დახმარების შესახებ განსახორციელებელი ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელსაც ხელი მოეწერება ამ შეთანხმების დადების შემდეგ.
მუხლი II
ფარგლები
680.000 (ექვსას ოთხმოცი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობისათვის, რათა დაიფაროს თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლის შესასყიდად საჭირო ფინანსური ხარჯები თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ მოხდება შესყიდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის გამოყენება. 50.000 (ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური დახმარების სახით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ნორმების შესაბამისად.
მუხლი III
კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პირები
ეს შეთანხმება განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ და საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამ შეთანხმების საკონტაქტო პირები არიან საქართველოს სამხედრო ატაშეს ოფისი ანკარაში, თურქეთში და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისი თბილისში, საქართველოში.
მუხლი IV
განსახორციელებელი პრინციპები
1. 680.000 (ექვსას ოთხმოცი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსებით თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში;
ა. თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 850.000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტს აშშ დოლარებში, 850.000 (რვაას ორმოცდაათი ათას) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში 80%-ი,
ბ. თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება ნაკლებია 850.000 (რვაას ორმოცდაათი ათას) თურქული ლირის ეკვივალენტზე აშშ დოლარებში, 850.000 (რვაას ორმოცდაათი ათას) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში 80%-ი,
ხელმისაწვდომი იქნება ნაღდი ფულის სახით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ცენტრალური ბანკისათვის მიცემული ბრძანების საფუძველზე შეთანხმების პრინციპების შესაბამისად იმ კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, რომლისაგან იქნა შესყიდვა განხორციელებული და რომელიც განსაზღვრულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
2. საქართველოს მთავრობისათვის ამ შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
3. საქართველოს მთავრობა თურქეთში შესყიდვის განხორციელებამდე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნის გამოყოფილი რესურსების შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნათა ნუსხას (პრიორიტეტების ჩათვლით). თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით, განსაზღვრული იქნება შესაბამისი კომპანიები და საქართველოს მთავრობა დაიწყებს თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან შესყიდვის პროცესს.
4. გადახდა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ იმ კომპანიების საბანკო ანგარიშზე, რომლისგანაც იქნა საქონელი შესყიდული და რომელიც განსაზღვრულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, და მას შემდეგ საქართველოს მთავრობა განაცხადებს, რომ საქონელი მიეწოდა და კონტრიბუციის ოდენობა იქნა გადახდილი.
5. თუკი საქართველოს მთავრობა განახორციელებს შესყიდვას, რომელიც აღემატება გამოყოფილი რესურსებისა და კონტრიბუციის ოდენობას, აუცილებელია თვითონ გამოყოს დამატებითი რესურსი. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა არ გადაიხდის ამ შეთანხმებაში მოცემული თანხის რაოდენობაზე მეტს.
6. ის ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსური რესურსების გამოყოფასთან, როგორიცაა დაზღვევა, გადასახადები, ბანკის საკომისიო და განსხვავებები ვალუტის გადაცვლისას, ასახულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დადებულ შესყიდვის კონტრაქტში.
7. შესყიდვის პროცესის ფარგლებში განსახორციელებელი ვიზიტები დაიწყება ამ შეთანხმების მუხლი IX შესაბამისად ძალაში შესვლის შემდეგ. ამ პროცესთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების ხარჯები, დაფარულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.
8. შესასყიდი საქონლის ღირებულების 20%-ის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდება შესაბამისი საქონლის მიღების შემდეგ.
9. 50.000 (ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარებში ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური დახმარების შესახებ განსახორციელებელი ოქმის პრონციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებაში მითითებული მხარეების უფლებამოსილ ორგანოებს შორის.
10. ფინანსური დახმარების შესახებ განსახორციელებელი ოქმის ფარგლებში გამოყოფილი რესურსების გადაცემა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში/ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი V
საქონლისა და მომსახურების გამოყენების უფლება
1. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა თანახმაა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადაცემული ფინანსური რესურსებით შეძენილი ქონებისა და მომსახურების ინვენტარიდან მოხსნის შემდეგ ამოღებით მიღებული შემოსავალი გადარიცხოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ საბანკო ანგარიშზე.
2. საქართველოს მთავრობა თანხმდება, რომ საქონელსა და მომსახურებას ან მათ გამოყენების უფლებას არ გადასცემს სხვა ქვეყანას ან მესამე მხარეს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.
3. ამ შეთანხმების პირობები არ ვრცელდება ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მხარეები არის ორთავე მხარე და არ გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ.
მუხლი VI
საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება
მხარეები არ გაუმჟღავნებენ შეთანხმების შინაარსს და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას მესამე მხარის მთავრობას, კომპანიას ან პირს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. საიდუმლოობის პრინციპი გააგრძელებს მოქმედებას შეთანხმების შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი VII
დავათა გადაწყვეტა
ამ შეთანხმების განხორციელებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი დავის შემთხვევაში, დავა არ გადაეცემა ნებისმიერ მესამე მხარეს, არბიტრაჟს ან საერთაშორისო სასამართლოს და გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი VIII
გადახედვა და ცვლილებები
1. თითოეულმა მხარემ შეიძლება წამოაყენოს ამ შეთანხმების გადახედვის ან შეცვლის შესახებ წინადადება. ასეთ შემთხვევაში, მხარეები უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში დაიწყებენ კონსულტაციებს.
2. მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ცვლილებები ძალაში შევა მუხლ IX მოცემული პროცედურების შესაბამისად.
3. თუკი კონსულტაციების დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, შეთანხმება შეწყდება მუხლი X დებულებების შესაბამისად.
4. კონსულტაციების პროცესის განმავლობაში მხარეები გააგრძელებენ შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი IX
ძალაში შესვლა
ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების საშუალებით მიღების დღის შემდგომი თვის პირველ რიცხვში.
მუხლი X
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაში დარჩება საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების სრულად გამოყენებამდე, და ყველა შემთხვევაში 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე დაასკვნის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს ამ შეთანხმებების დებულებები, მხარეებს შეუძლიათ წერილობით მოითხოვონ კონსულტაციები. კონსულტაციები დაიწყება უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ. თუკი 45 დღის განმავლობაში არ იქნება მიღწეული არანაირი შედეგი, ერთ-ერთი მხარე შეწყვეტს შეთანხმებას წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში.
შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმების მუხლი V-ის დებულებებზე.
მუხლი XI
ტექსტი და ხელმოწერა
1. ეს შეთანხმება მომზადდა ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
2. ამის დასტურად, ორივე მხარის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელმომწერები, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას 2012 წლის 17 დეკემბერს, ქ. ანკარაში, თურქეთი.
საქართველოს მთავრობის სახელით:
ხელმოწერა:
სახელი: პოლკოვნიკი მამუკა სამხარაძე
თანამდებობა: საქართველოს თავდაცვის ატაშე
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით:
ხელმოწერა:
სახელი: პოლკოვნიკი გოქსელ აჰჩი
თანამდებობა: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი