საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 13.10.2009
ძალაში შესვლა 14.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №49/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2013
matsne.gov.ge 6,088 სიტყვა · ~30 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.10.2009 მიღება
14.04.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობა,      სურთ რა ხელი შეუწყონ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზით,    შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს. მუხლი 2🔗 გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება 1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად. 2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე, საწარმოთა მიერ გადახდილ ხელფასსა და გასამრჯელოზე, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით. 3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, კერძოდ:      საქართველოს შემთხვევაში: საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი; ქონების გადასახადი; (შემდგომში - საქართველოს გადასახადი);      ქუვეითის შემთხვევაში: კორპორაციის საშემოსავლო გადასახადი; ქუვეითის სააქციო კომპანიების მიერ წმინდა მოგებიდან ქუვეითის მეცნიერების განვითარების ფონდში (KFAS) შენატანი; ზაკატი; დასაქმების ეროვნული კანონის მხარდამჭერი გადასახადი;  (შემდგომში - ქუვეითის გადასახადი). 4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური, ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იქნება ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ. მუხლი 3🔗 ზოგადი განსაზღვრებები 1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:                 a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან არსებულ მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად; b) ტერმინი „ქუვეითი” ნიშნავს ქუვეითის სახელმწიფოს ტერიტორიას ტერიტორიული ზღვის მიღმა მდებარე ნებისმიერი სივრცის ჩათვლით, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ქუვეითის კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულია ან შესაძლოა განისაზღვროს, როგორც სივრცე, რომლის მიმართ ქუვეითს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია. c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო”  ნიშნავს საქართველოს ან ქუვეითს კონტექსტის შესაბამისად; d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას; e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;  f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ; g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის; h) ტერმინი „ნაციონალური პირი” ნიშნავს: (i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა; (ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;  i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს: (i) საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს; (ii) ქუვეითის შემთხვევაში: ფინანსთა მინისტრს ან ფინანსთა მინისტრის  უფლებამოსილ წარმომადგენელს. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროისათვის ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული  ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სხვა კანონებით.  მუხლი 4🔗 რეზიდენტი 1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს: a) საქართველოს შემთხვევაში: ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან ან კაპიტალთან მიმართებაში. b) ქუვეითის შემთხვევაში: ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქუვეითში და წარმოადგენს ქუვეითის ნაციონალურ პირს და კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ქუვეითში.    2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზანებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მოიცავს შემდგომს:   a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობას და მის ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს; b) ნებისმიერ სამთავრობო ინსტიტუტს, რომელიც შექმნილია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, როგორიცაა: კორპორაცია, ცენტრალური ბანკი, ფონდი, ხელისუფლების ორგანო, დაწესებულება, სააგენტო ან სხვა მსგავსი ერთეული; c) ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაფუძნებულ ნებისმიერ ერთეულს, რომლის  კაპიტალი მთლიანად ეკუთვნის ამ ხელშეკვრელ სახელმწიფოს ან მის ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს.     3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად: a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელთანაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი); b) თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, რომელთანაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არც ერთ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს; c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს; d) თუ ის არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი (რეგისტრაციის ადგილი). მუხლი 5🔗 მუდმივი დაწესებულება 1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად, ან ნაწილობრივ. 2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ: a) მართვის ადგილს; b) ფილიალს; c) ოფისს; d) ფაბრიკას; e) სახელოსნოს, და f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს, ან ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებასთან ან მოპოვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ადგილს. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე სამშენებლო მოედანი, სამშენებლო, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, ან მათთან დაკავშირებული საზედამხედველო საქმიანობა მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ამგვარი მოედანი ან ობიექტი არსებობს, ან საქმიანობა ხორციელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს: a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების, ან  მიწოდების მიზნით; b) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია   მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით; c) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით; d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით; e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით; f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ ამ პუნქტის a)-დან e)-მდე ქვეპუნქტებში აღნიშნულ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ: a) მას აქვს და პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ იყენებს ამ  საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, თუ ამგვარი პირის საქმიანობა არ არის შეზღუდული ამ მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც, განხორციელებული საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის  დებულებების შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად. b) მას არ გააჩნია ამგვარი უფლებამოსილება, მაგრამ ჩვეულებრივ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს საქონლის ან ნაკეთობების მარაგი, რომელიც ეკუთვნის ამგვარ საწარმოს, რომლიდანაც ის რეგულარულად იღებს საქონელს ან ნაკეთობებს ამგვარი საწარმოს სახელით. c) ის პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ იღებს შეკვეთებს მხოლოდ ან პრაქტიკულად მხოლოდ საწარმოსათვის ან ისეთი საწარმოსათვის ან სხვა საწარმოებისათვის, რომლებსაც ის მთლიანად აკონტროლებს ან რომლებშიც მას გააჩნია საკონტროლო ინტერესი; d) ამგვარი ქმედებით ის აწარმოებს ან გადაამუშავებს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოში საქონელს ან ნაკეთობებს, რომლებიც ეკუთვნის ამ საწარმოს. 6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო არ განიხილება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, როდესაც ამგვარი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად უკავშირდება ისეთ საწარმოს ან საწარმოებს, რომლებსაც იგი სრულად აკონტროლებს ან რომლებშიც მას გააჩნია საკონტროლო ინტერესი, ის არ მიიჩნევა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტად ამ პუნქტის მიზნებისათვის.    7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი,  აკონტროლებს ან თავად კონტროლდება კომპანიის მიერ, რომელიც არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ან რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად. მუხლი 6🔗 შემოსავალი უძრავი ქონებიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. ტერმინს „უძრავი ქონება” აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს ქონებას, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას, უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც წარმოადგენენ  კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავი ქონებად არ განიხილება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს.                          მუხლი 7🔗 მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს ან ახორციელებდა თავის საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. 2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც  ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე, ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. 3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი შესაბამისი კანონის ან მარეგულირებელი აქტების გათვალისწინებით. ამასთან, ასეთი გამოქვითვები არ დაიშვება იმ თანხების მიმართ, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გადახდილია (ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების გარდა) მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოს სათავო ოფისისათვის ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისათვის როიალტის, საფასურის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასახდელის გადახდის გზით პატენტის ან სხვა უფლებების გამოყენების სანაცვლოდ, ან სპეციალური მომსახურების გაწევისათვის ან მართვისათვის საკომისიოს გადახდის სახით, ან საბანკო დაწესებულების გარდა, მუდმივი დაწესებულებისათვის ფულის სესხების საფუძველზე პროცენტის გადახდის გზით. ასევე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება თანხები (ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების გარდა), რომელსაც მუდმივ დაწესებულებას უხდის საწარმოს სათავო ოფისი ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისი, როიალტის, საფასურის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასახდელის გადახდის გზით პატენტის ან სხვა უფლებების გამოყენების სანაცვლოდ, ან სპეციალური მომსახურების გაწევისათვის ან მართვისათვის საკომისიოს გადახდის სახით, ან საბანკო დაწესებულების გარდა, საწარმოს სათავო ოფისის ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისათვის ფულის სესხების საფუძველზე პროცენტის გადახდის გზით.       4. მუდმივ დაწესებულებას მოგება არ მიეწერება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ  საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე. 5. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა მიღებულია საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს დასაბეგრი მოგების ოდენობის ამგვარი განაწილების წესით განსაზღვრაში. განაწილების მიღებული მეთოდი ამასთან უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი იმყოფებოდეს ამ მუხლის პრინციპებთან შესაბამისობაში. 6. ამ მუხლის წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, სანამ მის შესაცვლელად რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ წარმოიშობა. 7. როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ან კაპიტალის მატების ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ იმ მუხლების დებულებებზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს. მუხლი 8🔗 საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 2. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი, რომელიც გემის ექსპლოატაციას ახორციელებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ მოგებების მიმართ, რომელიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან. მუხლი 9🔗 ურთიერთდამოკიდებული საწარმოები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც: a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და თითოეულ შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებში იქმნება ან წესდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხვოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნას ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს _ და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს _ იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხვოდა პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს. მუხლი 10🔗 დივიდენდები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს: a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ფაქტობრივი მფლობელია კომპანია, რომლის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში შეადგენს…3 მილიონ აშშ დოლარზე მეტს, ან მის ეკვივალენტს ადგილობრივ ვალუტაში; b) დივიდენდების მთლიანი თანხის 5 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში. ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი არის:      (i) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო;      (ii) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ან ეროვნული ბანკი; ან      (iii) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნებისმიერი სამთავრობო სააგენტო ან საფინანსო ინსტიტუტი, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება მოხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.     4. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, სავალე მოთხოვნების გარდა, მოგებაში მონაწილეობიდან, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია. 5. ამ  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ  დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება  დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად,  გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. 6. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას დააკისროს გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან როდესაც ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან. მუხლი 11🔗 პროცენტი 1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი იბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი წარმოადგენს პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს. 2. ტერმინი „პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე, ობლიგაციებზე ან სავალე ვალდებულებებზე მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდებზე არ განიხილება როგორც პროცენტი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. 4. პროცენტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. ამასთან, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, და ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი პროცენტი წარმოიქმნება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს  მუდმივი დაწესებულება, ან ფიქსირებული  ბაზა.   5. თუ პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 12🔗 როიალტი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს. 3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების სფეროს ნებისმიერი ნაწარმოებით, მათ შორის, კინემატოგრაფიული ფილმებით, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის ჩანაწერებით, ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ნიშნით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით (ნოუ-ჰაუ) სარგებლობისათვის, ან სარგებლობის უფლების გადაცემისათვის. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან, ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. 5. როიალტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როდესაც გადამხდელს წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. ამასთან, თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, ამასთან ასეთი როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ეს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოქმნა იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა. 6. თუ როიალტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებათა გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია გამოყენებასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 13🔗 შემოსავლები კაპიტალის მატებიდან 1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მე-6 მუხლში აღნიშნული მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. შემოსავალი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავალი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ფიქსირებული ბაზის ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად), ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 3. შემოსავლები, რომლებაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.   4. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი. მუხლი 14🔗 დამოუკიდებელი პირადი მომსახურება 1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ამ მიზნით, ჩაითვლება, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს, გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და შემოსავალი, რომელსაც ის იღებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული ზემოთ აღნიშნული საქმიანობიდან, მიეწერება ამ ფიქსირებულ ბაზას.  2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას. მუხლი 15🔗 დაქირავებით მუშაობა 1. ამ შეთანხმების მე-16, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.                 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ: a) ანაზღაურების მიმღები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს,      b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, და                   c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივი დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 4. ფიზიკური პირი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე და რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული საჰაერო გადამზიდავის სათავო ოფისის მიერ დანიშნულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე თავისუფლდება ამ სახელმწიფოს გადასახადებისაგან. მუხლი 16🔗 დირექტორთა ჰონორარები დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც იღებს  ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან სხვა მსგავსი ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. მუხლი 17🔗 ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები 1. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიცაა თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა. 3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, თუ მისი საქმიანობა ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის პროგრამის ფარგლებში, თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. მუხლი 18🔗 პენსიები და ანუიტეტები 1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის წარსულში მუშაობასთან დაკავშირებით გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, აგრეთვე ანუიტეტები იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის: a) ტერმინი „პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება” ნიშნავს პენსიაში გასვლის შემდეგ წარსულში დასაქმების სანაცვლოდ ან წარსულში დასაქმებასთან დაკავშირებით კომპენსაციის სახით მიღებულ პერიოდულ გადახდებს;    b) ტერმინი „ანუიტეტი” ნიშნავს თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის პერიოდულად, განსაზღვრულ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეული, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადექვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით, ან შესაბამისი ფასეულობით. მუხლი 19🔗 სახელმწიფო სამსახური 1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  ქვედანაყოფი, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს მის მიერ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, ან მისი ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში. b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს:  არის ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, ან არ გახდა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით. 2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, ან მისი ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში. b)    ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს. 3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, პენსიებისა სხვა მსგავსი ანაზღაურებების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მუხლი 20🔗 მასწავლებელები და მეცნიერ-მუშაკები ფიზიკური პირის, რომელიც  არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებული სახელმწიფოს მთავრობის, ან მისი უნივერსიტეტის, კოლეჯის, სკოლის, მუზეუმის, სამეცნიერო ან კულტურის სხვა დაწესებულების მოწვევით, ან კულტურის სფეროში ოფიციალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება ამ  ხელშემკვრელ სახელმწიფოში მხოლოდ ამგვარ ინსტიტუტებში სწავლების, ლექციების კითხვის ან სამეცნიერო კვლევის მიზნით არა უმეტეს ორი ურთიერთმომდევნო წლის განმავლობაში, გადასახადისგან თავისუფლდება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის მიერ ამგვარი საქმიანობიდან მიღებულ ანაზღაურებებზე. მუხლი 21🔗 სტუდენტები და სტაჟიორები 1.  სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს  მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს მის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში განხორციელებული დროებითი ხასიათის მომსახურების გაწევის შედეგად, არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ აღნიშნული მომსახურება უკავშირდება მის მიერ განათლების მიღებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას და ამგვარი მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურება წარმოადგენს მისი ცხოვრებისათვის აუცილებელ დამატებით რესურსს. მუხლი 22🔗 სხვა შემოსავლები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლისაგან, თუ ასეთი შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის მიღება, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში,  გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. მუხლი 23🔗 კაპიტალი 1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლში აღნიშნული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან წარმოდგენილი დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობის გაწევის მიზნით ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 3. კაპიტალი, წარმოდგენილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში. მუხლი 24🔗 ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადასახადებით დაბეგვრა ხდება თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების დებულებებს. 2. შეთანხმდა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება ამ მუხლის შემდეგი დებულებების შესაბამისად:      a) საქართველოს შემთხვევაში: (i) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან  ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ქუვეითში,  საქართველო  დაუშვებს: - ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ქუვეითში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია; - ამ რეზიდენტის  კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ქუვეითში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; (ii) ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ქუვეითში. b) ქუვეითის შემთხვევაში: (i) როდესაც ქუვეითის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს როგორც ქუვეითში, ასევე საქართველოში, ქუვეითი დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადის საერთო მოცულობიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში  გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია, ასევე ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. (ii) ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოში კრედიტის სახით შეღავათის დაშვების მიზნებისათვის, მეორე ხელშეკვრელ სახელმწიფოში გადახდილი გადასახადი მოიცავს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადასახდელ გადასახადს, რომლისგანაც მოხდა გათავისუფლება ან რომლის განაკვეთი შემცირდა ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიღებული ინვესტიციების წახალისების სპეციალური კანონის ან ღონისძიებების შესაბამისად.  მუხლი 25🔗 დისკრიმინაციის თავიდან აცილება 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება, აგრეთვე, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც მას გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ეს დებულება  არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს. 3. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველ ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. 4. ამ მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებზე გაავრცელოს შეღავათი, უპირატესობა ან პრივილეგია, რომელიც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს ნებისმიერი მესამე სახელმწიფოსათვის ან მათი რეზიდენტებისათვის საბაჟო კავშირის, ეკონომიკური კავშირის, თავისუფალი ვაჭრობის ზონის ან ნებისმიერი რეგიონული ან სუბრეგიონული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მთლიანად ან ძირითადად დაკავშირებულია დაბეგვრასთან ან კაპიტალის მოძრაობასთან და რომლის მხარეს შეიძლება წარმოადგენდეს პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფო. 5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები. 6. ამ მუხლის დებულებები, ამ შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად,  გამოიყენება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადების მიმართ. მუხლი 26🔗 ურთიერთშეთანხმების პროცედურა 1. თუ პირი მიიჩნევს, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი საკითხი ექვემდებარება ამ შეთანხმების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში. 2. კომპეტენტური ორგანო, თუ ის განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად არ შეუძლია, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დაძლიონ ეჭვები, რომლებიც წარმოიშვება შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ საკითხებზეც. 4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ ამ მუხლის წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით. მუხლი 27🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებების ან ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის შესასრულებლად იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებსაც  მოიცავს ეს შეთანხმება და რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა, ან მათთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ასეთი პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება: a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას; b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით; c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს). მუხლი 28🔗 სხვა წესები 1. ამ შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს რაიმე სახით ზღუდავდეს ნებისმიერ გამონაკლისს, გათავისუფლებას, გამოქვითვას, დაკრედიტებას ან სხვა არსებულ თუ შემდგომში მიღებულ შეღავათს, რომლებიც გათვალისწინებულია:  a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადის განსაზღვრისათვის; b) ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ან ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ნებისმიერი სპეციალური შეთანხმებით. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს ამ შეთანხმების დებულებების განხორციელების მიზნით შეუძლიათ დააწესონ რეგულირების ზომები.        მუხლი 29🔗 დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობების,  საკონსულო დაწესებულებების ან საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე. მუხლი 30🔗 ცვლილებები ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ეს ცვლილებები ძალაში შევა ამ შეთანხმების 31-ე მუხლის დებულებების შესაბამისად. მუხლი 31🔗 ძალაში შესვლა ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხებით წერილობითი ფორმით ერთმანეთს აუწყებენ ამ შეთანხმების ძალაში შესავლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი ამგვარი შეტყობინების დღიდან და მისი დებულებები ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამოქმედდება: a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, გადახდილ ან დაკრედიტებულ თანხებზე, რომლებიც მიიღება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;                    b) სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. მუხლი 32🔗 მოქმედების ხანგრძლივობა და შეწყვეტა ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი მოქმედების შეწყვეტამდე. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ნებისმიერი  კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში: a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, გადახდილ ან დაკრედიტებულ თანხებზე, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო წლის პირველ იანვრიდან ან მის შემდეგ; b) სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება  შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ.                    რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შედგენილია ქ. ქუვეითში 2009 წლის 13 ოქტომბერს, რომელიც შეესაბამება ჰიჯრით 1430 წლის 24 შავვალს, ორ პირად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.   საქართველოს მთავრობის                                     ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის     სახელით                                                                                      სახელით ზურაბ პოლოლიკაშვილი                                                          მუსტაფა ჯასიმ ალ-შამალი ეკონომიკური განვითარების მინისტრი                                ფინანსთა მინისტრი