საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №1198
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№1198
2013 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდია (შემდგომ ,,ეროვნული გვარდია”) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომ - ,,გაერთიანებული შტაბი”) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. ეროვნული გვარდია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდგომ - ,,გაერთიანებული შტაბის უფროსი”) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. ეროვნული გვარდია ანგარიშვალდებულია გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
4. ეროვნულ გვარდიას აქვს საკუთარი სახელწოდებით ბეჭედი, ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი, ბლანკი და დროშა.
მუხლი 2🔗. ეროვნული გვარდიის ამოცანები და ფუნქციები:
ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უწყვეტი საბრძოლო მომზადება;
ბ) განსახორციელებული ოპერაციების დაგეგმვა და დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა;
გ) სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში ომის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების და სხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მოსახლეობის სამოქალაქო თავდაცვისათვის მომზადება;
ე) რეზერვისტთა მომზადება და გადამზადება;
ვ) დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება;
ზ) საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა;
თ) სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა;
ი) ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სხვა გეგმებისა და პროგრამების შემუშავება;
კ) ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა;
ლ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
მ) საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიებების ჩატარება.
მუხლი 3🔗. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა
1. ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობს ეროვნული გვარდიის უფროსი.
2. ეროვნული გვარდიის უფროსს გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. ეროვნული გვარდიის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს.
4. ეროვნული გვარდიის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას;
ბ) მართავს და აკონტროლებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურულ ერთეულებს;
გ) წარადგენს წინადადებებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საკადრო პოლიტიკის შესახებ;
დ) ორგანიზებას უწევს ეროვნული გვარდიის ურთიერთობას სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;
ე) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში, განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის განვითარების პრიორიტეტებს და ხელმძღვანელობს განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
ვ) გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით;
ზ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ეროვნული გვარდიაში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარადგენს ეროვნული გვარდიის საშტატო ნუსხას, ტაბელს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებისა და ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების ნომენკლატურებს;
კ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;
ლ) შუამდგომლობს გაერთიანებული შტაბის უფროსთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების, წახალისების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი იმავდროულად არის გვარდიის უფროსის პირველი მოადგილე.
7. ეროვნული გვარდიის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გვარდიის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
8. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ) უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის ეფექტურ ფუნქციონირებას.
მუხლი 4🔗. ეროვნული გვარდიის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუქნციები და ხელმძღვანელობა
1. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული სამმართველო;
გ) ეროვნული გვარდიის შტაბი:
გ.ა) G -1 სამმართველო;
გ.ბ) G -2 სამმართველო;
გ.გ) G -3 სამმართველო;
გ.დ) G -4 სამმართველო;
გ.ე) G -5 სამმართველო;
გ.ვ) G -6 სამმართველო;
გ.ზ) სამოქალაქო თავდაცვის სამსახური;
დ) საშტაბო ასეული;
ე) უზრუნველყოფის ასეული;
ვ) სასწავლო ცენტრი;
ზ) კადრირებული ბრიგადები;
თ) საპატიო ყარაული;
ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.
2. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:
ა) აპარატი - ეროვნული გვარდიის უფროსის საქმიანობის ხელშეწყობა და ეროვნული გვარდიის განვითარების შესახებ წინადადებებისა და რჩევების მომზადება;
ბ) ადმინისტრაციული სამმართველო - კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ და სრულყოფილ შესრულებაზე კონტროლს, ეროვნული გვარდიის საფინანსო და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ეროვნული გვარდიის სარგებლობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და საქმისწარმოების ორგანიზება;
გ) ეროვნული გვარდიის შტაბი – ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
გ.ა) G-1 სამმართველო - ეროვნული გვარდიის ადამიანური რესურსების მართვა, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადება, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების დაგეგმვა და აღრიცხვა;
გ.ბ) G-2 სამმართველო - ეროვნული გვარდიის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა, დაზვერვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმარება და ორგანიზება;
გ.გ) G-3 სამმართველო - მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ოპერაციების დაგეგმვა, ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა, საბრძოლო მზადყოფნის, საბრძოლო მომზადების დაგეგმვა და მონიტორინგი;
გ.დ) G-4 სამმართველო - ეროვნული გვარდიის სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა, შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და მონიტორინგი;
გ.ე) G -5 სამმართველო - ეროვნული გვარდიის განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავების ორგანიზება, ნატო-ს და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის, აგრეთვე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობა;
გ.ვ) G-6 სამმართველო - კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი. ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
გ.ზ) სამოქალაქო თავდაცვის სამსახური – სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დაგეგმვის ხელშეწყობა, მისი შესრულების ორგანიზება და კოორდინირება;
დ) საშტაბო ასეული – ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილისა და მართვის პუნქტების დაცვა, აგრეთვე მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების გაშლა, რადიო, რადიოსარელეო, საკაბელო, საფელდეგერო კავშირებით უზრუნველყოფა, ინფორმაციული სისტემების ქსელების გაშლა და ტექნიკური ექსპლუატაცია;
ე) უზრუნველყოფის ასეული – ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების ლოგისტიკური და სამედიცინო უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება, საევაკუაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ვ) სასწავლო ცენტრი - ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობისა და რეზერვისტთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება;
ზ) კადრირებული ბრიგადა - კომპეტენციის ფარგლებში რეზერვისტების მომზადება-გადამზადება. სამხედრო ოპერაციებში მონაწილება, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელება;
თ) საპატიო ყარაული - ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი სარიტუალო ცერემონიალით უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის საპატიო ყარაულით მომსახურება, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი – სხვადასხვა ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი მუსიკალური გაფორმება. სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
3. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშს აბარებს ეროვნული გვარდიის უფროსს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ.
5. ეროვნულ გვარდიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება გააჩნდეს სტრუქტურული ქვედანაყოფები. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) ანაწილებს ქვედანაყოფში შესულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.