„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №14

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ2“ და ,,ჟ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ2) შესრულებული ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება  მას შემდეგ,  რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი  დოკუმენტაცია. ხელშეკრულებისათვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვისა და საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის ასახვის შემდეგ;

,,ჟ3) შეუსრულებული ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხელშეკრულებისათვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვისა და ფაქტობრივად გადახდილი თანხების ასახვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ;“.

2. მე–5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც დაგენერირებულია სისტემის მეშვეობით. შევსებული განაცხადი შესაძლებელია სააგენტოში წარდგენილ იქნას  ელექტრონულ ფოსტაზე info@procurement.gov.ge. აღნიშნული განაცხადის მიღებისა და მისი სისტემაში არსებულ მონაცემებთან შედარების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში შემსყიდველად დარეგისტრირებას ან აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ.“.

ბ) მე–4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41-43პუნქტები შემდეგი რედაქციით:

41. არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად  სააგენტოში დამატებით  წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა სახელმწიფო ხაზინიდან ან სხვა შესაბამისი საფინანსო ორგანოდან (ბლანკზე და ბეჭდით დამოწმებული), რომელიც ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაცია ფინანსდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება სისტემაში არ მოხდება და ამით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება შესაბამის ორგანიზაციას.

42. საწარმო, რომლის, აქციათა ან წილის 50%–ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო,  სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად  სააგენტოში დამატებით  წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  მიერ 50%–ზე მეტი აქციათა ან წილის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება სისტემაში არ მოხდება და ამით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება შესაბამის ორგანიზაციას.

43. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება სისტემაში არ მოხდება და ამით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება შესაბამის ორგანიზაციას.“. 

3. მე–19 მუხლის მე–13 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე–14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,14. ხელშეკრულების მოქმედება სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ანდა სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.“.

4. 24–ე მუხლის:

ა) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პირის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

ბ) მე–4 პუნქტის შემდეგ დაემატოს ,,41“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,41. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პირის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ასეთი პირის მიმართ არაუმეტეს ორჯერ გამოიყენოს გაფრთხილება. გაფრთხილება მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი