განჩინება შპს „ინტერპაკ“ის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6210-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/6210-13

განჩინება

საქართველოს სახელით

2013 წლი ს 5 ივლისი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: მაია სვიანაძე

 

განმცხადებელი: შპს ''ინტერპაკ'' (ს/ნ 230798811);

წარმომადგენელი: (დირექტორი) ვახტანგ ჭეიშვილი;

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ''ინტერპაკის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 8 მაისს განცხადებით მიმართა შპს ''ინტერპაკის'' დირექტორმა ვახტანგ ჭეიშვილმა და ითხოვა შპს ''ინტერპაკის'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ გააჩნია კრედიტორული დავალიანება მხოლოდ შპს ''ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას'' წინაშე და შეადგენს 5,235,977 (ხუთი მილიონ ორას ოცდათხუთმეტი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარს. საწარმოს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები.

განცხადების ავტორის მტკიცებით, შპს ''ინტერპაკს'' არ აქვს მოძრავ-უძრავი ქონება და არც ფულადი სახსრები. საზოგადოება ამჟამად რაიმე სახის შემოსავალს არ იღებს. შპს ''ინტერპაკი'' საკუთარი ქონების არქონის გამო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამ გარემოებებზე მითითებით ითხოვა
შპს ''ინტერპაკ''-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2013 წლის 13 მაისის განჩინებით ხარვეზის გამოსწორების მიზნით
შპს ''ინტერპაკს'' (ს/ნ 230798811) დაევალა სასამართლოსათვის შემდეგი სახის დოკუმენტების წარმოდგენა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ან მის არქივში (ტექინვენტარიზაციის ბიუროში) უძრავი ქონების მესაკუთრედ; სხვა საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობები საბანკო ანგარიშებზე თანხის უქონლობის თაობაზე..

2013 წლის 29 მაისს შპს ''ინტერპაკის'' წარმომადგენელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოში წარადგინა სს ”ბანკი რესპუბლიკას”; სს ''საქართველოს ბანკის''; სს ''თიბისი ბანკის''; სს ''პროკრედიტ ბანკის'', სს ''ბანკი ქართუს''; სს ''ხალიკ ბანკი საქართველოს''; სს ''ლიბერთი ბანკის''; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს ''ინტერპაკ ს'' ხსენებულ ბანკებში თანხა არ აქვს, მოვალის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის უძრავი ქონება და არც მექნიკური სატრანსპორტო საშუალება ირიცხება შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოვალის სახელზე.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 31 მაისს გამოიტანა განჩინება შპს ''ინტერპაკის'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებით შპს ''ინტერპაკის'' კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების საჯაროდ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე არ შეიტანდა სასამართლოში განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მაშინ სს „შპს ''ინტერპაკი'' გამოცხადდებოდა გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმებას.

2013 წლის 31 მაისის განჩინება შპს ''ინტერპაკის'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2013 წლის 3 ივნისს. კრედიტორთაგან დღემდე სასამართლოსათვის არავის მოუმართავს.

სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და სათანადო სამართლებრივ საფუძველთა ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ''ინტერპაკი'' უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად. კერძოდ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველი წარმოების ფარგლებში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და კრედიტორთა უმოქმედობა ქმნის იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელთა არსებობა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის შესაბამისად განაპირობებს შპს ''ინტერპაკ''-ის გაკოტრებულად გამოცხადებას, რაც თავის მხრივ მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ''ინტერპაკი'' (ს/ნ 230798811) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს ''ინტერპაკის'' რეგისტრაცია.

2. განჩინება შპს ''ინტერპაკის'' ხარჯით გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

3. ამ განჩინების გამოტანის თაობაზე ეცნობოთ მოვალის მიერ მითითებულ კრედიტორებს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

 მოსამართლე:                მაია სვიანაძე