საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2013-2016 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ პროგრამა
მიღების თარიღი 26.07.2013
ძალაში შესვლა 26.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №3-30
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2013-2016 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ პროგრამა
პროგრამა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2013-2016 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
გამოხატავენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას,
2004 წლის 12 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების თანახმად,
შეთანხმდნენ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდეგ პროგრამაზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ხელს შეუწყონ თანამშრომლობასა და დიალოგს მუსიკალურ, თეატრალურ და სხვა კულტურულ თუ ხელოვნების ინსტიტუტებსა და ასოციაციებს და ასევე, იმ პირებს შორის, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროებში. მხარეები აგრეთვე ხელს შეუწყობენ მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში.
მუხლი 2🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ქართველი და ესტონელი შემოქმედი პირებისა და ხელოვანთა ჯგუფების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებსა და ღონისძიებებში.
მუხლი 3🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თეატრის, ოპერისა და ბალეტის მსახიობთა და რეჟისორთა ურთიერთგაცვლას, ასევე პროფესიული ჯგუფებისა და შემოქმედი პირების მონაწილეობას ორ ქვეყანაში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში.
მუხლი 4🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ მხარეთა ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას სპეციალისტთა ურთიერთგაცვლის, წიგნის გამოფენების ორგანიზებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყონ მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობას სემინარებში, შეხვედრებსა და პოეზიის საღამოებში, რომელიც მიზნად ისახავს მხარეთა ლიტერატურულ საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას. მხარეები ხელს შეუწყონ პოეტებისა და მწერლების მონაწილეობას ფესტივალებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებში.
მუხლი 6🔗
6.1. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ თანამედროვე პროზის, პოეზიისა და თავიანთი სხვა ლიტერატურული ნაწარმოებების მეორე ქვეყნის ენებზე თარგმნის ხელშეწყობის კუთხით. მხარეები აგრეთვე, ხელს შეუწყონ აღნიშნული ნათარგმნი ნაწარმოებების გავრცელებას.
6.2. წინამდებარე მიზნებისთვის, მხარეები, პროგრამის მოქმედების პერიოდში გაცვლიან ოთხ (4) პირს (მწერლები, პოეტები ან თარჯიმნები), თითოეულს ხუთი (5) დღის ვადით.
მუხლი 7🔗
მხარეები განავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროებში, აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის სფეროში. მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას, და აღნიშნულის მიზნით მოახდენენ სპეციალისტების, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლას.
მუხლი 8🔗
მხარეები უზრუნველყოფენ მუზეუმებს შორის კავშირების დამყარებას და მუზეუმის ექსპერტების, გამოფენებისა და პუბლიკაციების ურთიერთგაცვლას. გამოფენათა გაცვლის პირობები უნდა განისაზღვროს ცალკეული ოქმების სახით, რომელიც დაიდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.
მუხლი 9🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამედროვე სამხატვრო გამოფენების ურთიერთგაცვლას. გამოფენათა ურთიერთგაცვლის პირობები უნდა განისაზღვროს ცალკეული ოქმების სახით, რომელიც დაიდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.
მუხლი 10🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში და დაამყარებენ უშუალო კონტაქტებს და გაცვალიან ინფორმაციას დიზაინისა და არქიტექტურის კუთხით პროფესიულ ორგანიზაციებს შორის.
მუხლი 11🔗
11.1. მხარეები ხელს შეუწყობენ ფილმებისა და კინოექსპერტთა დელეგაციების მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფილმების ფესტივალებში.
11.2. მხარეები, საქართველოში ესტონური ფილმის დღეებისა და ესტონეთში ქართული ფილმის დღეების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ უშუალო თანამშრომლობას კინემატოგრაფიის ინსტიტუტებს, ორგანიზაციებსა და კინორეჟისორებს, პროდიუსერებს და კინოარქივებს შორის.
11.3. მხარეები განიხილავენ ფილმების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებს.
მუხლი 12🔗
მხარეები, კულტურის პოლიტიკის განვითარებისა და საერთო სტრატეგიების შემუშავების კუთხით, საყოველთაო პრაქტიკის გაცვლის მეშვეობით, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში და მხარს დაუჭერენ უშუალო კონტაქტების დამყარებას მცირე და საშუალო ზომის კულტურულ და შემოქმედებით კომპანიებს შორის. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ორმხრივ მონაწილეობას გამოფენებსა და საჩვენებელ ფესტივალებში.
მუხლი 13🔗
მხარეები, თავიანთი კომპეტენციის და საერთაშორისო სამართლისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ითანამშრომლებენ კულტურული ობიექტების უკანონო გადაადგილებისაგან დაცვის კუთხით და აღნიშნული მიზნებისათვის, უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და ექსპერტთა გაცვლას.
მუხლი 14🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ესტონეთში მცხოვრები ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები ესტონელების კულტურულ საქმიანობას და უზრუნველყოფენ საქართველოში ესტონეთის კულტურული ღონისძიებებისა და, შესაბამისად, ესტონეთში საქართველოს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.
მუხლი 15🔗
პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები მოახდენენ კულტურის სამინისტროთა ოფიციალური დელეგაციების ურთიერთგაცვლას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს და თითოეულის გაცვლა უნდა მოხდეს 5 დღემდე ვადით.
მუხლი 16🔗
16.1. სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება პროგრამით განსაზღვრულ მიზნებს, შესაძლოა განხორციელდეს მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
16.2. წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები ყოველი წლის ბოლოს, წინასწარ შეატყობინებენ ერთმანეთს ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ, რათა დროულად მოხდეს სჭირო ფინანსების განსაზღვრა.
მუხლი 17🔗
კულტურის სფეროში მხარეთა მიერ შეთანხმებული ურთიერთგაცვლები უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების მოთხოვნათა დაცვით:
1. დელეგაციათა და ცალკეულ შემოქმედთა გაცვლა.
- წარმგზავნი მხარე იხდის ორმხრივი მოგზაურობის ხარჯებს.
- წარმგზავნი მხარე უზრუნველყოფს, რომ დელეგაციის ყველა წევრს ჰქონდეს მოქმედი სამედიცინო დაზღვევა.
- მიმღები მხარე იხდის საცხოვრებლის და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თარჯიმნის წარმოდგენას.
2. შემოქმედებითი ჯგუფების, მუზეუმის ექსპერტებისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენათა ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები ექვემდებარება ორგანიზატორებს შორის ცალკეულ მოლაპარაკებებს.
მუხლი 18🔗
პროგრამის დებულებების განხორციელება უნდა მოხდეს მხარეთა შესაბამისი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.
მუხლი 19🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროგრამის დებულებების განამარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 20🔗
20.1. პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან და იმოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული პროგრამის მოქმედების გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა შორის, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შესაბამისი შეტყობინების ურთიერთგაცვლის გზით.
20.2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე პროგრამის მოქმედება, მეორე მხარისათვის, პროგრამის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, პროგრამის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. პროგრამა მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 21🔗
წინამდებარე პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა პროგრამის მე-20 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ პროგრამის განუყოფელ ნაწილს.
შესრულებულია და ხელმოწერილია ქ. _____________, 2013 წლის 26 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. პროგრამის ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე პროგრამის განმარტებასთან დაკავშრებული შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
ესტონეთის რესპუბლიკის
კულტურის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)