ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების,ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.142.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

                    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2013 წლის 6 აგვისტო

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ’’ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესი, თანახმად დანართისა.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი



დანართი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაშიც, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, არამედ პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა და ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ., სასტუმროების მიერ საკუთარი ტაქსების ქონა, რომლებიც მოემსახურება თუნდაც მხოლოდ ამავე სასტუმროში დაბინავებულ პირს).
3. წინამდებარე წესი არეგულირებს ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემის წესებს.
4. თუ ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, არამედ იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, განსაზღვრული იქნა პარკირების ადგილებისათვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და განკარგვის მიმართ არ გამოიყენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები და ამ დროს გამოიყენება წინამდებარე წესის მოთხოვნები.
5. წინამდებარე წესი არ არეგულირებს:
ა) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ავტოსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) ავტომანქანების პარკირებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში ავტომანქანების პარკირების წესებს;
დ) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაში, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების საერთო ადგილებისათვის, არამედ პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ., სასტუმროების მიერ მათ ტერიტორიაზე ამავე სასტუმროში დაბინავებული პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების პარკირება);
ე) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხებს;
ვ) ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სადგურებში (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) ავტომანქანების პარკირების წესებს;
ზ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ სატრანსპორტო საშუალების პარკირება ხდება სამშენებლო მოედანზე ან/და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით არ ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.

მუხლი 2. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების
პარკირების წესის ამოცანები

წინამდებარე წესის ამოცანებია:

1. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
3. საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
4. ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
5. მგზავრთა გადაყვანის მიზნით ტექნიკურად გამართული ავტომანქანების გამოყენების უზრუნველყოფა;
6. პარკირების სფეროს განვითარება;
7. ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობით:
ა) ავტომანქანის პარკირებისას ან/და მოძრაობისას დაბრკოლებების გამორიცხვა;
ბ) ორმაგი პარკირების გამორიცხვა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტომანქანა – ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება;
ბ) სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს;
გ) ტაქსი – შესაბამისი საცნობარო ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა არაერთჯერადად გადაყვანისათვის, მაგრამ აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს რეგულარულ გადაყვანას;
დ) პარკირება – ავტომანქანის მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა (დგომა), თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვას;
ე) პარკირების ადგილები – ავტომანქანების დგომისათვის განკუთვნილი ადგილები;
ვ) პარკირების საერთო ადგილები – პარკირების ადგილები, სადაც პარკირების უფლება აქვს ყველა იმ ავტომანქანას, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ან ტერიტირიაზე, სადაც მდებარეობს პარკირების საერთო ადგილები, ზოგადად აკრძალული არ არის კონკრეტული სახეობის ავტომანქანის შესვლა, მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;
ზ) პარკირების სპეციალური ადგილები – პარკირების ადგილები, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების სფეროს ან/და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული ავტომანქანების პარკირებისათვის;
თ) საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
ი) გზა – საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს;
კ) ქუჩა – გზის ელემენტი, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცის ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილი ნაწილი;
ლ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
მ) საგზაო მოძრაობა – გზაზე ადამიანისა და ტვირთის ავტომანქანით ან მის გარეშე გადაადგილებისათვის არსებული ურთიერთობები;
ნ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
ო) ქვეითი – პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ან არ ასრულებს რაიმე საგზაო სამუშაოს. ქვეითად ითვლება ასევე პირი ინვალიდის ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) ურიკის, საბავშვო ან ინვალიდის ეტლის წამყვანი;
პ) ავტოსაგზაო შემთხვევა – გზაზე ავტომანქანის მოძრაობისას ან/და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზიანდა ავტომანქანა;
ჟ) სამშენებლო მოედანი – მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის;
რ) პარკირების ორგანიზება – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისგან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება;
ს) პარკირების ორგანიზების უფლება – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისგან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;
ტ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, რომელსაც წინამდებარე წესის შესაბამისად გადაცემული (მინიჭებული) აქვს პარკირების ორგანიზების უფლება;
უ) სპეციალური დაცული სადგომი – საჯარო სადგომი, სადაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ავტომანქანის გადაყვანა.

მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ავტომანქანების ყველა სახეობის პარკირების ადგილების მიმართ, თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით.
3. აკრძალულია პარკირებისათვის გამოყენებულ იქნეს:
ა) ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებისათვის;
ბ) მონიშნული საველოსიპედო ბილიკები;
გ) ავტობუსების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის და მათი სვლაგეზის მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ტვირთის დატვირთ­ვა-გადმოტვირთვისათვის) განკუთვნილი ადგილები;
დ) ქუჩა მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზეც შესვლა ან მოძრაობა აკრძალულია.
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრისას, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) ქუჩების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის წესები;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ) საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემა;
თ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ი) საზოგადოების სხვა ინტერესები.
5. პარკირების სპეციალურ ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რისთვისაც განკუთვნილია პარკირების აღნიშნული ადგილები, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა პირს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სპეციალური პარკირების ადგილებზე, თუ უახლოესი 100 მეტრის რადიუსში არ არის განსაზღვრული პარკირების საერთო ადგილები და ავტომანქანის პარკირება გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჩასხდომისათვის ან გადმოსხდომისათვის.
7. ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია ან აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და შესაბამისი საგზაო მონიშვნით.
8. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვევაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
9. ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
10. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა შეიძლება დაექვემდებაროს საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ მიზნით სავალდებულოა ტერიტორია, სადაც ავტომანქანის დგომა ან გაჩერება აკრძალულია, „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“ საცნობარო ნიშანთან ან/და მონიშვნის ნიშანთან ერთად აღჭურვილი იყოს „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“ საცნობარო ნიშნით.
11. ქუჩებში განსაზღვრული პარკირების ადგილები მონიშვნის ხაზით გამიჯნული უნდა იყოს ტერიტორიის სხვა ნაწილისაგან.
12. აკრძალულია პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით – მონიშვნის ხაზს გარეთ.
13. სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე რამდენიმე ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით.
14. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომელსაც აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი.
15. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის, პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა და თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია, ავტომანქანაზე განთავსებული  ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
17. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება, ადგილი, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვროს პარკირების ადგილად. ასეთი გადაწყვეტილება, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის შემთხვევაში, შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად, გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.

მუხლი 5. პარკირების სახეობები
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილები იყოფა ორ ძირითად სახეობად – პარკირების საერთო ადგილები და პარკირების სპეციალური ადგილები.
2. პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:
ა) ტაქსების პარკირების ადგილები;
ბ) იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში.
3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება ასევე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზეც, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს პარკირების სპეციალური ადგილების სხვა ქვესახეობები. პარკირების სპეციალური ადგილების ქვესახეობის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს პარკირების აღნიშნული ადგილებით სარგებლობის წესებიც.

მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მესამე პირი წინა­მდებარე წესის შესაბამისად.
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
დ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას, თუ პარკირების საფასურის ამოღებას ახდენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარისადმი წარდგენას;
ვ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ამოღებას, თუ აღნიშნულ ადგილებში პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ აქვს მესამე პირს;
3. პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;
ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;
დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;
ვ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.

მუხლი 7. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. პარკირების საერთო ადგილებისათვის ძირთადად განისაზღვრება ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ წინამდებარე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირების საერთო ადგილებად დასაშვებია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის განსაზღვრა, თუ რომელიმე ქუჩაზე ან ქუჩის რომელიმე მონაკვეთში განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი ან/და, როცა აღნიშნულ ნაწილში ქუჩის სიგანე არის 18 მეტრზე მეტი.
5. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ქუჩების გარდა სხვა საზო­გადოებრივი სივრცეების განსაზღვრა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი.
6. აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიების პარკირების საერთო ადგილებად გამოყენება. ასეთი ადგილები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
7. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის თაობაზე  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას  იღებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მათ შორის, განსაზღვრავს პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა).
8. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მუხლი 8. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
1. პარკირების საერთო ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა.
2. პარკირების საერთო ადგილზე ავტომანქანის დგომა არ ჩაითვლება ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევად, თუ ავტომანქანის დგომა ხდება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის საჭირო დროით.
3. წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ტაქსად გამოყენებული ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილზე დგომა არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
4. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია, ავტომანქანაზე განთავსებული  ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
6. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება  ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე პარკირების საერთო ადგილებზე.

მუხლი 9. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომლიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნინოწმინდისმუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
2. ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.
5. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.
6. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს ნინოწმინდისმუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).

მუხლი 10. ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. ტაქსების პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას, მაგრამ მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს.
2. ტაქსების პარკირების მიზნით გამოყოფილ ადგილზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომლიც აკმაყოფილებს ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
3. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის მგზავრების გადაყვანასთან ერთად იმ ტვირთვის გადაზიდვა, რომელიც თან აქვს მგზავრს, არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
4. აკრძალულია ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის.
5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
6. ტაქსში მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის საჭირო დროის განმავლობაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7. მგზავრის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, დასაშვებია მგზავრის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
9. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.

მუხლი 11. იმ ავტომანქანების, რომლებიც  ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. თუ ავტომანქანების, რომლებიც ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის წინამდებარე წესის შესაბამისად დაწესებულია მოთხოვნები, პარკირების ამ ადგილებზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომლიც აკმაყოფილებს პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
2. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ტვირთის გადაზიდვასთან ერთად ტვირთის მფლობელის ან სხვა პირის გადაყვანა არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
3. აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც ახორციე­ლებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირება იმ ადგი­ლებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის აღნიშნული ავტომანქანების პარკირე­ბისათვის.
4. აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც ახორციე­ლებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ტაქსების პარკირება.
5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტო­მანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდე­ბუ­ლებისაგან.
6. ავტომანქანის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, დასაშვებია პირადი ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
7. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ავტომანქანის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ამ ავტომანქანების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.

მუხლი 12. წესის დარღვევა
1. პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:
ა) პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;
ბ) პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;
გ) ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;
დ) შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;
ე) პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;
ვ) იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;
ზ) პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;
თ) პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება;
ი) პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;
2. პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრება ან გადახდა სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისაგან.
3. ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამართალდამრღვევის მიერ იმავე საქმიანობის განხორციელება განიხილება ახალ სამართალდარღვევად.

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები
დაევალოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას:
ა) განსაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილები;
ბ) საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად შეიმუშაოს წინადადებები პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრის თაობაზე;
გ) საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად შეიმუშაოს წინადადებები ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის ყველა ან რომელიმე ქვესახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის შემოღებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე;
დ) განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები
წესში ცვლილებების განხორციელება დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.