საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2013
ძალის დაკარგვა 28.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010030000.22.027.016445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.12.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№44
2013 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის №20 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი)
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი).
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და მთავარი პროკურორის სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
4. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, საჯაროობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, აგრეთვე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებს.
5. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. დაუშვებელია გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პროკურატურის ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, პროკურატურის მუშაკთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) პროკურატურის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მთავარი პროკურორისთვის წარდგენა;
დ) პროკურატურის მუშაკებში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;
ე) პროკურატურის მუშაკთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მთავარი პროკურორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ვ) პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში;
თ) იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
ი) იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
კ) პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
ლ) იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინპექციის უფლებამოსილებები
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი ეთიკის წესების დარღვევის, პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
ბ) პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
დ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პროკურატურის მუშაკს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ მუშაკთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ე) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) პროკურატურის მუშაკისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ვ) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;
ზ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ანდა მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან პროკურატურის მუშაკები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;
თ) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მთავარ პროკურორთან შეთანხმებით, მოითხოვოს პროკურატურის მუშაკის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ი) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით მთავარ პროკურორს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
კ) პროკურატურის მუშაკთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მთავარ პროკურორს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართოს პროკურატურის ორგანოს ხელმძღვანელს შესაბამისი დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის შესახებ;
მ) განახორციელოს პროკურატურის ორგანოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება, პროკურატურის მუშაკთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით; განახორციელოს პროკურატურის ორგანოებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;
ნ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობა; მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე;
ო) თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მუშაკები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში;
პ) განახორციელოს მონიტორინგი პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 2 თვემდე ვადით;
ჟ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
რ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის მოვალეობები
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) წინასწარ წერილობით განუმარტოს პირს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
ბ) ჩაატაროს პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს მოქალაქეებთან მუდმივი, პირდაპირი საინფორმაციო კავშირი და განიხილოს შემოსული შეტყობინებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) აწარმოოს პროკურატურის მუშაკის მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები მთავარი პროკურორისთვის წარსადგენად;
ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა პროკურატურის ორგანოებში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ვ) წელიწადში ორჯერ მთავარ პროკურორს წარუდგინოს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ზ) უზრუნველყოს პროკურატურის ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობის, ეგრეთვე იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
თ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 5🔗. დისციპლინური წარმოება
1. პროკურატურის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, აგრეთვე მისთვის მინდობილი სამსახურებრივი ქონების დაკარგვის (დაზიანების) შემთხვევაში, გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
2. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, პროკურატურის „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, გეგმური შემოწმების გრაფიკი და მთავარი პროკურორის ცალკეული დავალებები.
3. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. სამსახურებრივი შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ გენერალური ინსპექციის უფროსს წარედგინება დასაბუთებული მოხსენებითი ბარათი შემოწმების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
4. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
5. პროკურატურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) მოიწვიოს პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი, თანამდებობის პირი ან მოქალაქე და მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ;
ბ) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;
გ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაციები სპეციალისტებისაგან;
დ) მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება მოძიებული ფაქტის ირგვლივ – შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მთავარ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ვ) პროკურატურის სხვა სამსახურებთან ერთად ან დამოუკიდებლად შეამოწმოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფებში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის დაცვის მდგომარეობა ნებისმიერ დროს და მთავარ პროკურორს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;
ზ) უზრუნველყოს მთავარ პროკურატურაში „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება, განიხილოს ამ გზით შემოსული შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისტემატური პროპაგანდა გაუწიოს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას პროკურატურის სისტემაში;
თ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ან თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენის მიზნით.
7. გენერალური ინსპექცია მთავარი პროკურორის დავალებით:
ა) მონაწილეობს პროკურატურის ორგანოების კომპლექსურ შემოწმებაში და შედეგების მიხედვით ამზადებს სათანადო დასკვნას;
ბ) ორგანიზებას უწევს პროკურატურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აუდიტის ჩატარებას;
გ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში ატარებს პროკურატურის მუშაკის სამუშაო ოთახის და ინვენტარის დათვალიერებას;
დ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ატარებს შემოწმებას პროკურატურის მუშაკის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ძლიერმოქმედ საშუალებათა მოხმარების ფაქტების დადგენის მიზნით.
8. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. გენერალური ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა.
10. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა პროკურატურის მუშაკის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მთავარ პროკურორთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მთავარი პროკურორი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.
11. გენერალური ინსპექციის მუშაკი არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მისი ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მუშაკის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის მუშაკი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები.
13. გენერალური ინსპექციის მუშაკის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი.
14. სამსახურებრივი შემოწმება, მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა.
15. გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმდეს მთავარ პროკურორთან.
მუხლი 6🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) ახორციელებს გენერალური ინსპექციის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა შორის;
გ) აკონტროლებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წლიური შედეგების მიხედვით მთავარ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
კ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ლ) იღებს გადაწყვეტილებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
მ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ნ) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობასა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას;
ო) შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენისა და გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
პ) ორგანიზებას უწევს გენერალური ინსპექციის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში საქმეების განხილვისას;
ჟ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
რ) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ს) იხილავს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ტ) ასრულებს მთავარი პროკურორის ცალკეულ დავალებებს;
უ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ორგანოს ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება მთავარ პროკურორთან.
მუხლი 7🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში
1. გენერალური ინსპექციის უფროსი წელიწადში ორჯერ – არა უგვიანეს 15 ივლისისა და 15 იანვრისა, მთავარ პროკურორს წარუდგენს გასული ექვსი თვის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ბ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების, პროკურატურის მუშაკთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციის ფაქტების თაობაზე;
გ) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, პროკურატურის ორგანოებში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით;
დ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების თაობაზე;
ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ამ საქმეების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;
ვ) ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად პროკურატურის მუშაკთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ოდენობის, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე.
მუხლი 8🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა შორის;
ბ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ორგანიზებას უწევს გენერალური ინსპექციის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, გენერალური ინსპექციის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ე) გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს გენერალური ინსპექციის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ზ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
თ) გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
ი) ამოწმებს გენერალური ინსპექციის პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ლ) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, აგრეთვე, გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების შესრულებას;
მ) იხილავს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ნ) ასრულებს მთავარი პროკურორის და გენერალური ინსპექციის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ო) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის მუშაკები
1. გენერალურ ინსპექციაში, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორები;
ბ) გენერალური ინსპექციის პროკურორები;
გ) გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;
დ) გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;
ე) გენერალური ინსპექციის სპეციალისტი.
2. გენერალური ინსპექციის მუშაკებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;
ბ) ახორციელებენ მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ; გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
დ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;
ე) გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
ვ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;
ზ) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;
თ) განიხილავენ გენერალურ ინსპექციაში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ გენერალური ინსპექციის უფროსს;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
კ) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;
ლ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს;
მ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენენ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;
ნ) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
ო) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;
პ) ასრულებენ გენერალური ინსპექციის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
5. გენერალური ინსპექციის სპეციალისტი უზრუნველყოფს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.