სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.08.2013
ძალაში შესვლა 01.09.2013
ძალის დაკარგვა 01.12.2018
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016043
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.12.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ სარეგისტრაციო ნომერი_____________________ 13.12.2004
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№137
2013 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების)
წესის დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 81 მუხლის და 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციაში ფრენის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესი“ №1 და №2 დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანება „საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების
(საინსპექციო შემოწმების) წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესი“ (შემდგომ - წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 81 მუხლის და 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მასში გათვალისწინებულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემების Doc-8335, Doc-9734, Doc-9774, Doc-9284, Doc-9481, Doc-9760, Doc-8973, Doc-9977 მოთხოვნები.
2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო საქმიანობის განმახორციელებელ უცხო ქვეყნის ექსპლუატანტებზე, საავიაციო პერსონალზე და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენის უსაფრთხოებასთან და სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან.
3. ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
4. ამ წესით განსაზღვრულ ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები (ფრენის უსაფრთხოების პილოტი-ინსპექტორი (OPS); ავიასაწარმოების სერტიფიცირების/ზედამხედველობის ინსპექტორი (OPS); ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი (FCL-3); ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი (FCL); სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ინსპექტორი (FCL); საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის (Air)/ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტორი; აეროდრომების/აეროპორტების ინსპექტორი (AGA); სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი (DG); საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC); საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ინსპექტორი (ATM); კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (CNS); მეტეოროლოგიური მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (MET); სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (AIS); სააერნაოსნო პროცედურების/კარტოგრაფიული მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (PANS/OPS/Cartographic); საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორი (SAR)) და/ან SAFA-ს ინსპექტორები.
5. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (შემდგომ - ინსპექტორი)/SAFA-ს ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
6. ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს საჰაერო კოდექსით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ წესით, სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
7. ინსპექტორზე/SAFA-ს ინსპექტორზე სააგენტოს მიერ გაიცემა სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთოების ინსპექტორის მოწმობა/SAFA-ს ინსპექტორის მოწმობა ერთი წლის ვადით და ისინი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით დანართი №2-ით გათვალისწინებულ ფორმებს.
8. ინსპექტირების განხორციელებისას ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ხელმძღვანელობს საქართველოს საჰაერო კოდექსით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ წესით, სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
9. სააგენტო უზრუნველყოფს ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მომზადების პროგრამის გავლას შესაბამისი განხრით, დადგენილ ვადებში, ასევე, ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ მომზადებას და პერიოდულ გადამზადებას.
10. ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია ინსპექტირების პროცესში.
მუხლი 2🔗.
ტერმინების და ცნებების განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი) დოკუმენტების, ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით.
ბ) ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) ობიექტი - ავიასაწარმოები, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, მათ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ფუნქციონირება მიმართულია ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საჰაერო ხომალდები, ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
გ) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას.
დ) SAFA - უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების) პროგრამა.
ე) SAFA-ს ინსპექტორი – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას SAFA-ს შესაბამისად.
ვ) ICAO – „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის შესაბამისად შექმნილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
ზ) ექსპლუატანტი - პირი, ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ავიასაწარმოების/საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას.
თ) საავიაციო პერსონალი - სპეციალური მომზადების და სათანადო სერტიფიკატის/მოწმობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ფრენასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებას, შესრულებას, მომსახურებას და ზედამხედველობას.
მუხლი 3🔗.
ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) მიზანი
ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) (შემდგომ - ინსპექტირება) მიზანია ინსპექტირების ობიექტის, მისი საქმიანობის შესაბამისობის დადგენა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან და ამ ნორმებით გათვალისწინებული ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დონის შენარჩუნება.
მუხლი 4🔗.
ინსპექტორის უფლება-მოვალეობები
1. ინსპექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ინსპექტირება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ინსპექტირების ობიექტში და მოითხოვოს ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
გ) ინსპექტირების განხორციელებისას, შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე, შეუჩეროს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს სერტიფიკატით/მოწმობით ან სხვა საავიაციო დოკუმენტებით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ იგი დარწმუნებულია, რომ შემოწმებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას და/ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას;
დ) ფრენის უსაფრთხოების პილოტი-ინსპექტორი (OPS) უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის მუშაობის ტექნოლოგია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ამ ტიპის საჰაერო ხომალდზე პილოტის რანგში ფრენის უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედება გრძელდება:
ა) ნაკლოვანების სრულ აღმოფხვრამდე ან/და
ბ) სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. ინსპექტორი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს საკუთარი მოვალეობები;
ბ) ინსპექტირებისას თან იქონიოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოწმობა;
გ) ინსპექტირებისას გამოიყენოს ინსპექტირების საკონტროლო ბარათი (Check-list);
დ) დაასაბუთოს საკუთარი ქმედება. დასაბუთება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს და იყოს მყარად არგუმენტირებული;
ე) ინსპექტირების შედეგები ასახოს ინსპექტირების ანგარიშში.
4. ინსპექტირებისას ინსპექტორი ვალდებულია უპასუხოს ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელის/წარმომადგენლის ნებისმიერ შეკითხვას, საკუთარი უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის, აგრეთვე, შემოწმების მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში.
5. ინსპექტორი ინსპექტირების პროცესში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.
6. ინსპექტორი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.
7. ინსპექტორი არ მონაწილეობს ინსპექტირებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებს აფასებს სააგენტო.
მუხლი 5🔗.
ინსპექტირების ობიექტის უფლება-მოვალეობები
1. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი უფლებამოსილია:
ა) დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა ინსპექტორს საკუთარი უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის, აგრეთვე შემოწმების მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში;
2. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) ინსპექტორი შეუზღუდავად დაუშვას ინსპექტირების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი წესითა და პირობებით;
ბ) დახმარება აღმოუჩინოს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში;
გ) წარუდგინოს ინსპექტორს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
დ) უზრუნველყოს ნაკლოვანებების აღმოფხვრა მითითებულ ვადაში.
მუხლი 6🔗.
ინსპექტირების პროცედურები
1. ინსპექტირება ხორციელდება ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი პერიოდულობით.
2. ინსპექტირების დაწყებისას ინსპექტორი უნდა წარუდგეს ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს, აცნობოს მას ინსპექტირების შესახებ და მოითხოვოს ყველა საჭირო ობიექტთან და დოკუმენტაციასთან დაშვება. თუ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნები.
3. დოკუმენტაციის, რომელსაც მინიჭებული აქვს „საიდუმლოობის გრიფი“, ინსპექტირება უნდა განახორციელოს ინსპექტორმა, რომელსაც აქვს დაშვება საიდუმლო დოკუმენტაციასთან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ინსპექტირება ისე უნდა წარიმართოს, რომ ინსპექტირების ობიექტს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოს.
5. უარი ინსპექტირების ჩატარებაზე, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენაზე, ინსპექტირების ობიექტზე დაშვებაზე, ინსპექტირების პროცესის შეფერხება ან ინსპექტორის მუშაობაში უხეში ჩარევა აღქმული იქნება, როგორც ამ პირის საქმიანობაში ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით ნაკლოვანების არსებობა. აღნიშნულის შესახებ ინსპექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს დირექტორს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. პირის ქმედება შესაძლებელია გახდეს საავიაციო საქმიანობის/შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის შეჩერების საფუძველი.
6. ინსპექტირებისას გამოიყენება ინსპექტირების საკონტროლო ბარათი (Check-list).
7. ინსპექტირების შედეგები აისახება ინსპექტირების ანგარიშში.
8. თუ ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შემდეგ საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, სააგენტო უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი ინსპექტირება.
9. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე, ინსპექტირების დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო პირს წერილობით აცნობებს და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია.
10. თუ პირი თავს არიდებს ან ვერ უზრუნველყოფს ნაკლოვანებების აღმოფხვრას მითითებულ ვადაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერების, სერტიფიკატით/მოწმობით და/ან სერტიფიკატის/მოწმობის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის, სერტიფიკატის/მოწმობის გაუქმების ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მუხლი 7🔗.
ინსპექტირების სახეობები
ინსპექტირების სახეობებია:
ა) საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით;
ბ) საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება;
გ) საჰაერო ხომალდის მარშრუტზე (ფრენისას) ინსპექტირება;
დ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტირება;
ე) ექსპლუატანტის საბაზო ობიექტების ინსპექტირება;
ვ) აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული (გარდა საბაზო ობიექტებისა) ექსპლუატანტის წარმომადგენლობის (ფილიალის, სტრუქტურული ერთეულის) ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის ინსპექტირება;
ზ) საავიაციო პერსონალის საკვალიფიკაციო შემოწმება;
თ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ინსპექტირება;
ი) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და მის მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურების ინსპექტირება;
კ) აეროდრომის ინსპექტირება;
ლ) სპეციალიზებული საავიაციო სასწავლებლების ინსპექტირება;
მ) საწვავ-გასამართი საწარმოს ინსპექტირება;
ნ) საავიაციო სამედიცინო ექსპერტების ინსპექტირება;
ო) სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირება, რომლის ბაზაზეც ხორციელდება საავიაციო-სამედიცინო საექსპერტო კომისიების მუშაობა;
პ) ავიასაწარმოების ექიმების ინსპექტირება;
ჟ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვების ინსპექტირება;
რ) მიწისზედა მომსახურების საწარმოს ინსპექტირება.
მუხლი 8🔗.
ინსპექტირების პერიოდულობა
1. ინსპექტირება ტარდება როგორც პირის წინასწარი ინფორმირებით (გეგმიური ინსპექტირება), ისე ინფორმირების გარეშე (არაგეგმიური ინსპექტირება).
2. გეგმიური ინსპექტირების ჩატარების თაობაზე პირს ეცნობება 2 კვირით ადრე.
3. გეგმიური ინსპექტირება ტარდება შემდეგი პერიოდულობით:
ა) საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ბ) საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
გ) საჰაერო ხომალდის მარშრუტზე (ფრენისას) ინსპექტირება - არანაკლებ 12 თვეში ერთხელ;
დ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ე) ექსპლუატანტის საბაზო ობიექტების ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ვ) აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული (გარდა საბაზო ობიექტებისა) ექსპლუატანტის წარმომადგენლობის (ფილიალის, სტრუქტურული ერთეულის) ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ზ) საავიაციო პერსონალის საკვალიფიკაციო შემოწმება - არანაკლებ წელიწადში ერთხელ;
თ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ი) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და მის მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურების ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
კ) აეროდრომის ინსპექტირება - არანაკლებ წელიწადში ორჯერ;
ლ) სპეციალიზებული საავიაციო სასწავლებლების ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
მ) საწვავ-გასამართი საწარმოს ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ნ) საავიაციო სამედიცინო ექსპერტების ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ო) სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირება, რომლის ბაზაზეც ხორციელდება საავიაციო-სამედიცინო საექსპერტო კომისიების მუშაობა - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
პ) ავიასაწარმოების ექიმების ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ჟ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვების ინსპექტირება - არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
რ) მიწისზედა მომსახურების საწარმოს ინსპექტირება - არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
4. გეგმიური ინსპექტირების გეგმას ყოველწლიურად ადგენს სააგენტო და უგზავნის ინსპექტირების ობიექტს.
5. არაგეგმიური ინსპექტირება ტარდება:
ა) ინსპექტირების ობიექტზე მომხდარი ისეთი ცვლილებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ბ) ავიასაწარმოში ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებულ ნაკლოვანებებზე შეტყობინების მიღებისას.
გ) სხვა შემთხვევებში, სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არაგეგმიური ინსპექტირება ტარდება სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული „დავალება შემოწმების ჩატარებაზე“ ფორმის თანახმად.
მუხლი 9🔗.
უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება
1. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ხორციელდება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის შემოწმების პროგრამის (SAFA) შესაბამისად და მას ახორციელებს SAFA-ას ინსპექტორი.
2. SAFA-ს პროგრამა ერთნაირად გამოიყენება როგორც სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის (ECAC) წევრ, ისე არაწევრ ქვეყნების საჰაერო ხომალდზე.
3. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირების მიზანია იმის დადგენა, რომ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობა, ეკიპაჟი, საბორტო საბუთები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობა შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის პირველი, მე-6 და მე-8 დანართებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.
4. SAFA-ს ინსპექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
5. ინსპექტირების განხორციელებისას SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია, შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე, შეუჩეროს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს სერტიფიკატით/მოწმობით ან სხვა საავიაციო დოკუმენტებით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ იგი დარწმუნებულია, რომ შემოწმებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
6. საჰაერო ხომალდი შეიძლება შემოწმდეს ბაქანზე, საჰაერო ხომალდისა და ეკიპაჟის საბუთების, კაბინის ძირითადი აღჭურვილობის არსებობისა და მათი ტექნიკური მდგომარეობის, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის საერთო მდგომარეობის საკითხებზე.
7. ინსპექტირების შედეგად ფორმდება ინსპექტირების ოქმი ICAO-ს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (როგორც წესი, ინგლისურ ენაზე). ოქმის ფორმა მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ტარდება გეგმიურად, ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი პერიოდულობით ან არაგეგმიურად, თუ:
ა) მიღებულ იქნა ინფორმაცია საჰაერო ხომალდის ტექნიკურად გაუმართაობის შესახებ;
ბ) მიღებულ იქნა ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლისა და მასში ფრენის წესების დარღვევის შესახებ;
გ) წინა ინსპექტირებისას აღმოჩენილ იქნა ფრენის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და არსებობს იმის არგუმენტირებული ვარაუდი, რომ ეს ნაკლოვანებები არ იქნა აღმოფხვრილი ბოლომდე;
დ) არსებობს საფუძველი, რომ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის შესაბამისი საავიაციო უწყება ვერ უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
9. ინსპექტირება უნდა ჩატარდეს საჰაერო ხომალდის დაფრენასა და აფრენას შორის დროის მონაკვეთში, ისე რომ მან არ გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის უსაფუძვლო დაგვიანება.
10. ინსპექტირების დამთავრებისთანავე, ინფორმაცია შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ უნდა მიეწოდოს საჰაერო ხომალდის მეთაურს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის წარმომადგენელს. მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია უნდა გაეგზავნოს ექსპლუატანტს და საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამის საავიაციო უწყებას.
11. ინსპექტირების შედეგად ისეთი ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც ფრენის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, SAFA-ს ინსპექტორმა უნდა მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა საჰაერო ხომალდის აფრენამდე. ასეთი ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მიიღება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომები.
12. ინსპექტირებისას, SAFA-ს ინსპექტორმა მოქმედად უნდა მიიჩნიოს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაერო ხომალდის ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობები.
13. საქართველოს და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდების ბაქანზე ინსპექტირება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით ხორციელდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორის მიერ.
მუხლი 10🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.