საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.08.2013
ძალის დაკარგვა 01.12.2025
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №210
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.058.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი გიორგი თავამაიშვილი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 28.11.2025
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება
№210
2013 წლის 23 აგვისტო
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ,,პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №62 დადგენილების 31 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრიგიორგი თავამაიშვილი
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
2.
თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადმოცემული ქონება, მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – სხვადასხვა ჟანრის დრამატული წარმოდგენები (სპექტაკლები).
3.
თეატრის დამფუძნებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
4.
თეატრის სრული სახელწოდებაა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი”.
5.
თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.
6.
თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
7.
თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი №49.
მუხლი 2🔗.
თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.
მუხლი 3🔗.
თეატრის უფლება-მოვალეობანი
1.
თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:
ა)
მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ;
ბ)
ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ)
აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;
დ)
დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება;
ე)
შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ)
განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.
2.
თეატრს მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა)
უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ)
სესხის აღება;
გ)
თავდებობა;
დ)
საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე)
თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ)
სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
4.
თეატრი ვალდებულია:
ა)
წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ)
წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
გ)
შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგების წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
თეატრის სარგებლობაში არსებული ქონების უსაფრთხოების დაცვა;
ე)
შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მუხლი 4🔗.
თეატრის სტრუქტურა და მართვა
1.
თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2.
თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
3.
სამხატვრო ხელმძღვანელის ან/და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.
4.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით.
5.
სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა)
არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;
ბ)
პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;
გ)
განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;
ე)
საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;
ვ)
უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ)
უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ)
ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი)
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ მხატვარს;
კ)
თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ)
შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).
6.
სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, ან თეატრის დასის ან/და სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
7.
სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დროებით მოვალეობის შემსრულებელს სამხატვრო/სარეკომენდაციო საბჭოს წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით, ნიშნავს მინისტრი.
8.
თეატრის დირექტორი:
ა)
წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;
ბ)
სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს;
გ)
ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
9.
თეატრის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5🔗.
სამხატვრო საბჭო
1.
სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, მინისტრს წარუდგინოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა და დასაბუთებული მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2.
სამხატვრო საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომელთა შორის თანამდებობრივად შედიან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი რეჟისორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მთავარი მხატვარი და მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. სამხატვრო საბჭოს სხვა წევრები აირჩევიან თეატრის დასის მიერ, დასის შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
3.
სამხატვრო საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს თეატრის დასის წევრს.
4.
სამხატვრო საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობამდე შესავსებად, თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.
5.
სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, გადამწყვეტია სამხატვრო ხელმძღვანელის ხმა; საბჭოს მოწვევა ხდება სამხატვრო ხელმძღვანელის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით.
6.
სამხატვრო საბჭოსთვის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობით.
7.
სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი.
8.
კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე, სამხატვრო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს სხდომის თავმჯდომარე.
9.
იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ინიციირების საკითხი, განხილვაში მონაწილეობას არ ღებულობს სამხატვრო ხელმძღვანელი. მოცემულ შემთხვევაში საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს უხუცესი წევრი.
მუხლი 6🔗.
თეატრის ქონება
თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 7🔗.
თეატრის დაფინანსების წყაროები
1.
თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი;
ბ)
უცხოური ინვესტიციები;
გ)
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;
დ)
კერძო შემოწირულობანი;
ე)
ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;
ვ)
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2.
თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
მუხლი 8🔗.
თეატრის სახელმწიფო კონტროლი
1.
თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2.
თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗.
თეატრის წლიური ბალანსი
1.
თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2.
თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗.
თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
მუხლი 11🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.