ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016458
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 18.09.2006
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№57
2013 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების
დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის პროკურატურის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №243 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ქალაქ თბილისის პროკურატურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის პროკურატურა (შემდგომში – ქ. თბილისის პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. ქ. თბილისის პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0131, ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.
3. ქ. თბილისის პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. ქ. თბილისის პროკურატურას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ქ. თბილისის პროკურატურის დასახელებით.
მუხლი 2🔗. ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3🔗. ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის სფერო
ქ. თბილისის პროკურატურა ქ. თბილისის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში;
ი) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. ქ. თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. ქ. თბილისის პროკურატურას ხელმძღვანელობს ქალაქ თბილისის პროკურორი (შემდგომში – ქ. თბილისის პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. ქ. თბილისის პროკურორად ინიშნება პირი, რომელსაც აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე.
3. ქ. თბილისის პროკურორი:
ა) ახორციელებს ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ქ. თბილისის პროკურორის მოადგილეებსა და ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკთა შორის;
გ) აკონტროლებს ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) აუქმებს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო საჩივრებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე;
თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ი) კანონით დადგენილი წესით, საგამოძიებო ორგანოებისაგან გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
კ) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ლ) ამოწმებს ქვემდგომი (ქ. თბილისის და მის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
მ) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
ნ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ო) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს ქ. თბილისის პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სხვა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქვემდებარებული პროკურატურების მუშაკთათვის;
პ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ჟ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
რ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. ქ. თბილისის პროკურორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. ქ. თბილისის პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (განყოფილების) უფროსი.
5. ქ. თბილისის პროკურორის მოადგილედ ინიშნება პირი, რომელსაც აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე.
6. ქ. თბილისის პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ბრძანებით ანაწილებს ქ. თბილისის პროკურორი.
7. ქ. თბილისის პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ქ. თბილისის პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗. ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურა
1. ქ. თბილისის პროკურატურა შედგება ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილება;
ბ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება);
გ) კანცელარია.
მუხლი 6🔗. ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში (განყოფილება) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საგამოძიებო ნაწილის (განყოფილება) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. კანცელარიის ამოცანებია: ქ. თბილისის პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; ქ. თბილისის პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.
მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;
გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ქ. თბილისის პროკურორის ან მისი მოადგილეების დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
დ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
ე) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს;
ვ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) ქ. თბილისის პროკურორის ან მისი მოადგილეების დავალებით, უზრუნველყოფს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას;
ი) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ლ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის პროკურორისა და ქ. თბილისის პროკურორის მოადგილეების წინაშე.
4. განყოფილების უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
5. განყოფილების უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. განყოფილების უფროსის მოადგილის უფლებამოსილებანი განისაზღვრება განყოფილების უფროსის მიერ.
6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, განყოფილების უფროსის დავალებით, ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 8🔗. ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი
1. ქ. თბილისის პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) პროკურორები;
ბ) უფროსი გამომძიებლები;
გ) კანცელარიის უფროსი;
დ) ქ. თბილისის პროკურორის მრჩეველი;
ე) მრჩევლები;
ვ) სპეციალისტი;
ზ) მრჩევლები – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები.
2. ქ. თბილისის პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ქ. თბილისის პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც, მთავარი პროკურორის წარდგინებით, ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
3 ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორები:
ა) ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ქ. თბილისის პროკურორის, მისი მოადგილეების ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
ე) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით.
6. ქ. თბილისის პროკურორის მრჩეველი ასრულებს ქ. თბილისის პროკურორის ცალკეულ დავალებებს.
7. მრჩევლები და სპეციალისტი უზრუნველყოფენ ქ. თბილისის პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებენ ქ. თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
8. მრჩევლები – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.