განჩინება შპს „ეი თი ემის“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/628 -13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2013 წლი ს 21 აგვისტო
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
წარმომადგენელი: შალვა კოპალეიშვილი
მოთხოვნა: შპს ,,ეი თი ემის ” მიმართ გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი
გამოარკვია:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს „ეი თი ემის” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოს შპს „ეი თი ემის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2013 წლის 18 ივნისს . 2013 წლის 18 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს შპს ,,ეი თი ემის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას. განმცხადებლის მითითებით, შპს „ეი თი ემს ” ბიუჯეტის მიმართ აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 1634,73 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. განჩინება შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2013 წლის 23 ივლისს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით. აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2013 წლის 1 აგვისტოს , თუმცა განმცხადებელს არ მოუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების მიზნით.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნ ე ს მიღებული წარმოებაში, ხოლო მოვალე შპს „ეი თი ემი ” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „ეი თი ემი ” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს ,,ეი თი ემ-ის“(ს/კ 245577415 ) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. შპს „ეი თი ემ ” (ს/კ 2245577415 ) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს ,,ეი თი ემის ” რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლო ში (ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე