საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №91
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.09.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.12.2012
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№91
2013 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ” ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №184 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის
საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში - მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, აგრეთვე მთავარი პროკურორის ინსტრუქციებით და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით,
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მთავარი პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება;
გ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ე) მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;
ზ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; საზოგადოების ინფორმირებისათვის სოციალური ქსელების გამოყენება და მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პროკურატურის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ყოველდღიური მედიამონიტორინგის განხორციელება;
ი) პროკურატურის ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისთვის;
კ) მთავარი პროკურატურის ფოტო- და ვიდეო არქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს დეპარტამენტის მუშაობაზე და პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წლიური შედეგების მიხედვით მთავარ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
ზ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მუშაკები
დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან მრჩევლები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.